კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება სწორედ ფიცის დადების დღიდან იწყება.
მეთოფიშვილი და კიკილაშვილი გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს ცვლიან, რომლებსაც 2 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი ვადა ამოეწურათ. მათ არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაუწერიათ განსხვავებული აზრი.
კიკილაშვილი 22 სექტემბერს მიხეილ ყაველაშვილმა დანიშნა, მეთოფიშვილი კი - იმავე დღეს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა.
ასევე ნახეთ
კვერენჩხილაძესა და ტუღუშს ვადა ამოეწურათ - საკონსტიტუციოში მათ მეთოფიშვილი და კიკილაშვილი ცვლიანფიცის დადების ცერემონია
ფიცის დადების ცერემონიას ბათუმში „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ესწრებოდნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებულ როლსა და მოსამართლის სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
მიხეილ ყაველაშვილი
მისი თქმით, „საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებას, სახელმწიფოებრივ ტრადიციებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას განასახიერებს და თითოეული მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს“.
ყაველაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა „თანამედროვე გეოპოლიტიკური და საერთაშორისო სამართლებრივი გამოწვევების პირობებში ქვეყნის შიგნით კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობაზე“.
ვინ არის გოგა კიკილაშვილი
გოგა კიკილაშვილი 2023 წლის ოქტომბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. მანამდე მუშაობდა იურისტად და მედიატორად, იყო რამდენიმე უნივერსიტეტის ლექტორი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.
ის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.
ხვიჩა კიკილაშვილი იმ მოსამართლეთა შორის იყო, რომლებმაც 2023 წელს სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინეს.
ასევე ნახეთ
ყაველაშვილმა საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლის შვილი დანიშნაგოგა კიკილაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმპიჩმენტის საკითხზე დასკვნის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 2023 წლის 17 ოქტომბერს, აირჩია. მას მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა.
გოგა კიკილაშვილი
კიკილაშვილი მაშინ მის არჩევასა და ნათესაურ კავშირებს შორის კავშირის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა „საინფორმაციო კამპანია“, რომელიც მისი პროფესიული და პიროვნული დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.
ვინ არის სერგო მეთოფიშვილი
სერგო მეთოფიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის ერთ-ერთ წევრად მოიხსენიებდნენ.
მეთოფიშვილი მოსამართლე 2009 წელს გახდა. მუშაობდა გორის რაიონულ, თბილისის საქალაქო და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებში. სხვადასხვა პერიოდში თავმჯდომარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და საგამოძიებო კოლეგიებს. 2016 წელს ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად აირჩიეს.
სერგო მეთოფიშვილი
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობის პერიოდში მეთოფიშვილი ხშირად საჯაროდ უპირისპირდებოდა საბჭოს კრიტიკულად განწყობილ არამოსამართლე წევრებს. 2019 წელს მან ანა დოლიძეს „პოლიტიზირებული პიროვნება“ უწოდა და თქვა, რომ ის „პოლიტიკოსია უფრო, ვიდრე სასამართლოს ნაწილი“. საპასუხოდ დოლიძემ მეთოფიშვილს „იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი“ უწოდა.
2023 წელს მეთოფიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, რომლებსაც აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მათ მიმართ წაყენებული, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. მეთოფიშვილი აცხადებდა, რომ მათი კორუმპირებულობის შესახებ საუბარი „აშკარა სიცრუე“ იყო.
ასევე ნახეთ
სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლე ხდება - მას „კლანის“ წევრად მოიხსენიებდნენკიკილაშვილისა და მეთოფიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნის შემდეგ საიას ყოფილმა თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოდან მალე მოსამართლის განსხვავებული აზრებიც აღარ დაიწერება“.
მეთოფიშვილს ე.წ. სასამართლო კლანის ერთ-ერთ გავლენიან მოსამართლედ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ მოიხსენიებდა.
- საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება. მათგან სამს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს პარლამენტი ირჩევს, სამს კი უზენაესი სასამართლო ნიშნავს. მოსამართლეები 10 წლის ვადით ინიშნებიან. პარლამენტის კვოტით ერთი ადგილი კვლავ ვაკანტურია.
- საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის, ანუ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 89 დეპუტატია, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის დამოუკიდებლად ასარჩევად საკმარისი ხმები არ აქვს.