დაკავებულია გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი, ის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

აუგუსტ ჰანინგი გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 6 ოქტომბერს დააკავა ქვეყნის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი აუგუსტ ჰანინგი. 80 წლის ჰანინგი შპიონაჟშია ეჭვმიტანილი. დაკავებულია მისი ყოფილი თანამშრომელი მანფრედ დ-ც.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, აუგუსტ ჰანინგი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის სახელმწიფო ღალატის მცდელობასა და სადაზვერვო-აგენტურულ საქმიანობაში, ხოლო მანფრედ დ. - ამ საქმიანობის ხელშეწყობაში.

პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.

გამოცემა BILD-ის ცნობით, სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ჰანინგი უსაფრთხოების და ბიზნესის სფეროებში კონსულტანტად მუშაობდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. კავშირები ჰქონდა რუსეთსა და ჩინეთშიც.

გამოცემა The Insider-ი წერს, რომ გერმანიის სადაზვერვო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, 2015-2019 წლებში აუგუსტ ჰანინგი რუსეთში მინიმუმ შვიდჯერ იმყოფებოდა.

  • აუგუსტ ჰანინგი გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. შემდეგ, 2009 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე.
  • სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ჰანინგი კერძო სექტორში საქმიანობდა უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის სტატუსით.
  • მანფრედ დ. სადაზვერვო სამსახურში 2022 წლამდე მუშაობდა და ამ სამსახურის აპარატის უფროსი იყო როგორც ჰანინგის, ისე მისი შემცვლელების ხელმძღვანელობის პერიოდში.

პროკურატურის ვერსია

გერმანიის ფედერალური პროკურატურის თანახმად, აუგუსტ ჰანინგი და მანფრედ დ. სავარაუდოდ, 2010 წლის გაზაფხულზე შეთანხმდნენ, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ მანფრედ დ. ჰანინგისთვის რეგულარულად მოიპოვებდა სადაზვერვო მონაცემებს, რომლებსაც ის კომერციული სარგებლისთვის გამოიყენებდა თავისი კერძო საკონსულტაციო საქმიანობის ფარგლებში.

გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის ივნისამდე მანფრედ დ.-მ აუგუსტ ჰანინგს გადასცა 2000-მდე დოკუმენტი, რომელთაგან ბევრი გასაიდუმლოებული იყო.