სამინისტრო: განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა

2024 წელს სპეციალისტები ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარების შესაძლო საფრთხეზე საუბრობდნენ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია აღუდგა. ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტრო აცხადებს.

სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტმა 22 სექტემბერს მიიღო და ის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მიერ ჩატარებული შეფასების შედეგებს დაეფუძნა.

უწყების განცხადებით, ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს 2024-2025 წლებში საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები.

„ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასების საფუძველზე, EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015)“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EQAR-ის რეესტრიდან 2024 წლის ბოლოს ამოიღეს. EQAR-ის ოფიციალური მონაცემებით, ცენტრი რეესტრში 2019 წლის აპრილიდან 2024 წლის აპრილამდე იყო რეგისტრირებული, ხოლო 2024 წლის 27 ნოემბერს მისი რეგისტრაციის განახლების განაცხადი არ დაკმაყოფილდა.

მაშინ უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტები აცხადებდნენ, რომ EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვა საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიმართ ნდობას დააზიანებდა და შესაძლო პრობლემებს შექმნიდა ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობისა და კვალიფიკაციების აღიარების მიმართულებით.

ასევე ნახეთ

ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება საფრთხის ქვეშ დგება - ევროპული ორგანიზაციები ხარისხის ცენტრს წევრობას უწყვეტენ

2026 წელს ENQA-მ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დამატებითი, ნაწილობრივი შეფასება ჩაატარა. ENQA-ს თანახმად, შეფასება იმის დასადგენად ჩატარდა, რამდენად აკმაყოფილებდა ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს.

EQAR-ის ვებგვერდზე საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ასახული არ არის.