გამოძიებას საფუძვლად უდევს, „პროექტის“ თანახმად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამსახურის გაჟონილი მონაცემთა ბაზა, რომელიც 2014-2023 წლებში რუსეთის საზღვრის გადაკვეთის 100 მილიონზე მეტ ჩანაწერს მოიცავს. გამოცემამ შეისწავლა 1 064 მაღალი რანგის რუსი თანამდებობის პირისა და მათი ოჯახის წევრების გადაადგილება.
„პროექტის“ ბაზაში ყველაზე მეტი ფრენა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საფრანგეთსა და თურქეთს უკავშირდება. აზერბაიჯანთან დაკავშირებული 83 ჩანაწერია, სომხეთთან კი 43.
საქართველოსთან დაკავშირებული 19 მგზავრობა
„პროექტის“ მიერ შექმნილ ბაზაში საქართველოც მოხვდა. საქართველოსთან დაკავშირებულ ძიებაში 2014 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტომდე 19 ჩანაწერი ჩანს. მგზავრებს შორის არიან სახელმწიფო დუმის დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები, რეგიონული მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები და სხვა ცნობილი პირები.
ყველაზე ხშირად სიაში სახელმწიფო დუმის დეპუტატ ივან დემჩენკოსა და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქართველოს ჩანაწერებიდან ხუთი თავად ივან დემჩენკოს უკავშირდება: 2015 წლის 26 აპრილსა და 12 ივნისს ის ქუთაისიდან რუსეთში გაემგზავრა, 2016 წლის 3 ივნისს რუსეთიდან ქუთაისში ჩამოფრინდა, 2017 წლის 12 ოქტომბერს კი თბილისში შვილ ალენა ვანინასა და სიძე ალექსანდრ ვანინთან ერთად ჩავიდა. კიდევ ერთი ჩანაწერი 2018 წლის 2 მარტს რუსეთიდან ქუთაისში მის მგზავრობას ეხება. 2018 წლის მარტსა და ოქტომბერში თბილისსა და ბათუმთან დაკავშირებული კიდევ ორი მგზავრობა მის ვაჟს, ივან დემჩენკო უმცროსს, უკავშირდება. გამოყენებული იყო, მათ შორის, Challenger 605 და Cessna Citation XLS+ ტიპის თვითმფრინავები. შვიდი ჩანაწერიდან ხუთზე მითითებული რეისების ჯამური შეფასებითი ღირებულება 72 ათასი დოლარია, ორ რეისზე თანხა მითითებული არ არის. გვხვდება. „პროექტის“ მონაცემებით, საქართველო დემჩენკოს ოჯახისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიმართულება იყო, შვიდი მგზავრობით. სხვადასხვა ქვეყნის ჩათვლით, გამოცემა დემჩენკოსა და მისი ოჯახის წევრებს 111 კერძო ფრენას უკავშირებს.
ივან დემჩენკო, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი 2007 წლიდან
დემჩენკოების ოჯახს საქართველოსთან ბიზნესკავშირიც აქვს. „კომერსანტი“ SPARK-Interfax-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ დემჩენკო „ნოვოსტალის“ 60%-ს ფლობდა და შალვა გიბრაძესთან ერთად აბინსკის ელექტრომეტალურგიული ქარხნის თანამფლობელი იყო. აბინსკის რაიონის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე კი საქართველო ქარხნის პროდუქციის საექსპორტო ბაზრებს შორისაა დასახელებული. თუმცა საჯარო მონაცემები არ ადასტურებს, რომ კონკრეტულად ეს ფრენები ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდა.
ბაზაშია სახელმწიფო დუმის მაშინდელი დეპუტატის, ამჟამად რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ლეონიდ სლუცკის 2016 წლის 2 ივლისის მგზავრობაც ქუთაისიდან რუსეთში. მისი საქართველოში ყოფნა ცნობილი იყო: სლუცკი თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობდა და ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუც ჰქონდა. „პროექტის“ მონაცემები დამატებით აჩვენებს, რომ საქართველოდან ის კერძო რეისით გაემგზავრა, რომლის შეფასებითი ღირებულება 15 ათასი დოლარი იყო.
ასევე ნახეთ
ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს, რატომ არ გააპროტესტეს თბილისში რუსი დეპუტატის, სლუცკის ვიზიტიცნობილი იყო ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის 2018 წლის ოქტომბრის ვიზიტიც. იმ დროს მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სობჩაკი და მისი მეგობრები საქართველოში ისვენებდნენ. „პროექტის“ ბაზის მიხედვით, 15 ოქტომბერს ის თბილისიდან რუსეთში Piper PA-46-350P Malibu Mirage-ით გაფრინდა. რეისის შეფასებითი ღირებულება 16 ათასი დოლარია.
საჯარო ღონისძიებას უკავშირდებოდა სერგეი კარიაკინისა და ანდრეი ფილატოვის 2018 წლის 22 სექტემბრის ჩასვლაც ბათუმში. ქალაქში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა იწყებოდა, კარიაკინი რუსეთის ნაკრების წევრი იყო, ფილატოვი კი რუსეთის ჭადრაკის ფედერაციას ხელმძღვანელობდა და ნაკრების უფროს მწვრთნელადაც იყო მითითებული. „პროექტის“ მიხედვით, ისინი ბათუმში Falcon 8X-ით ჩავიდნენ, რეისის შეფასებითი ღირებულება 16 ათასი დოლარი იყო.
სერგეი კოგოგონი
საჯარო ღონისძიებას ემთხვევა KAMAZ-ის გენერალური დირექტორის, სერგეი კოგოგინის მგზავრობაც. ბაზის მიხედვით, 2018 წლის 7 აპრილს ის თბილისიდან რუსეთში Gulfstream G280-ით გაფრინდა, რეისის შეფასებითი ღირებულება 11 ათასი დოლარია. სწორედ 5-9 აპრილს თბილისში KAMAZ-ის ოფიციალური დილერების კონფერენცია იმართებოდა. კომპანიის ცნობით, კონფერენცია კოგოგინმა გახსნა.
მსგავსი გარემოებაა ვასილი შესტაკოვის შემთხვევაშიც. „პროექტის“ მიხედვით, ის 2018 წლის 13 ოქტომბერს თბილისიდან რუსეთში Hawker 750-ით გაემგზავრა, რეისის შეფასებითი ღირებულება 11 ათასი დოლარია. შესტაკოვი საერთაშორისო სამბოს ფედერაციის პრეზიდენტია, ხოლო 11-15 ოქტომბერს თბილისში ახალგაზრდებსა და იუნიორებს შორის სამბოს მსოფლიო პირველობა მიმდინარეობდა. მოგვიანებით შესტაკოვმა თბილისის ჩემპიონატიც გამოყო და საქართველოს სამბოს ფედერაციას ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოსთან დაკავშირებულ ჩანაწერებში მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მგზავრობაც. 2023 წლის 26 აგვისტოს კრასნოდარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი და რეგიონის საკანონმდებლო კრების თავმჯდომარე იური ბურლაჩკო სოხუმში ჩავიდნენ, სადაც რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. „პროექტის“ მიხედვით, მათ Mi-8MTV-1 ტიპის ვერტმფრენით იმგზავრეს.
სხვა ჩანაწერებში გვხვდებიან დუმის დეპუტატი რიფატ შაიხუტდინოვი და მისი ოჯახი, სენატორ სულეიმან ქერიმოვის ქალიშვილი გულნარა ქერიმოვა და მისი მეუღლე არსენ ჯამალუდინოვი, ყაზანის მერის ილსურ მეტშინის ოჯახის წევრები, ტატიანა და რომან ბატალოვები და სხვა პირები. ღია წყაროებში ამ კონკრეტული მგზავრობების მიზნების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
„ოქროს მოსამართლე“ ელენა ხახალევა და შუვალოვების ოჯახი
„პროექტის“ ბაზაში ცალკე ჩანს 2017 წლის ოქტომბერში თბილისში შესრულებული ორი კერძო რეისი, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ ვადიმ შუვალოვის ოჯახსა და კრასნოდარის მაშინდელ მოსამართლე ელენა ხახალევას უკავშირდება.
16 ოქტომბერს რუსეთიდან თბილისში ჩამოფრინდნენ დეპუტატის ვაჟი ილია შუვალოვი, მისი მეუღლე ოლგა შუვალოვა, ელენა ხახალევა და მისი ყოფილი მეუღლე, ბიზნესმენი რობერტ ხახალევი. სამი დღის შემდეგ, 19 ოქტომბერს, თბილისიდან რუსეთში კერძო რეისით დაბრუნდნენ ილია და ოლგა შუვალოვები და ელენა ხახალევა. ორი რეისის ჯამური შეფასებითი ღირებულება 32 ათასი დოლარია.
იმ დროისთვის ელენა ხახალევა რუსეთში უკვე ცნობილი იყო, როგორც ე.წ. „ოქროს მოსამართლე“. ეს მეტსახელი მას 2017 წლის ზაფხულში, ქალიშვილის გახმაურებული ქორწილის შემდეგ შეარქვეს. გავრცელებული ცნობებით, ქორწილის ღირებულება 2 მილიონ დოლარამდე იყო, თუმცა თავად ხახალევა ამას უარყოფდა.
ელენა ხახალევა
ილია შუვალოვის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნებულ მასალებში წერია, რომ სწორედ 2017 წელს საქართველოში მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდა მას ქართული რესტორნის გახსნის იდეა. მოგვიანებით მან რუსეთში ქართული რესტორანი გახსნა.
ხახალევას წინააღმდეგ მოგვიანებით თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის საქმე აღიძრა. 2022 წელს ის დაუსწრებლად დააპატიმრეს და ძებნა გამოაცხადეს. მისი ადვოკატი აცხადებდა, რომ ხახალევამ რუსეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე დატოვა და საქართველოში დარჩა.
2025 წლის იანვარში ხახალევა ბაქოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც, „კომერსანტის“ ცნობით, დუბაიში გამგზავრებას აპირებდა. თავდაპირველად სასამართლომ ის 40 დღით დააპატიმრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა პოლიციის ზედამხედველობით შეცვალა და ხახალევა გაათავისუფლეს. მარტში აზერბაიჯანმა მისი რუსეთისთვის ექსტრადირებაზე უარი თქვა.
ასევე ნახეთ
აზერბაიჯანმა რუსეთს უარი უთხრა ყოფილი მოსამართლის ექსტრადიციაზე2026 წელს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რეესტრში ხახალევას იდენტური სახელისა და დაბადების თარიღის მქონე პირის სახელზე თბილისის Axis Towers-ში 53 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ბინაა რეგისტრირებული. საკუთრების უფლება 2025 წლის ივნისში დარეგისტრირდა, ხოლო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 2023 წლით თარიღდება.
კაბაევა და „პროექტის“ გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი
გამოძიების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი ალინა კაბაევას მგზავრობას ეხება. „პროექტის“ მტკიცებით, 2017 წლის 23 თებერვალს კაბაევა კერძო Embraer Legacy 650-ით ალმატიში გაფრინდა, თითქმის იმავე დროს, როდესაც ვლადიმირ პუტინი ყაზახეთში საპრეზიდენტო თვითმფრინავით გაემგზავრა.
ალინა კაბაევა
გამოცემა წერს, რომ პუტინმა, კაბაევამ და მაშინდელმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რამდენიმე დღე შიმბულაკის სამთო კურორტზე გაატარეს, ოფიციალური ვიზიტის ნაწილი კი მხოლოდ 27 თებერვალს დაიწყო. კაბაევას რეისის შეფასებითი ღირებულება 26 ათასი დოლარი იყო.
სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით „პროექტი“ წერს, რომ კაბაევა სულ მცირე ერთ უცხოურ მოგზაურობაში პუტინს თან ახლდა და ფაქტობრივად პირველი ლედის ფუნქციას ასრულებდა. კრემლს კაბაევას მონაწილეობა ამ ვიზიტში საჯაროდ არ გამოუცხადებია.
პუტინისა და კაბაევას ურთიერთობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის. თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალება წლების განმავლობაში წერდა მათი ურთიერთობის შესახებ. 2024 წელს საგამოძიებო ცენტრმა „დოსიემ“ გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმადაც, პუტინსა და კაბაევას ორი ვაჟი ჰყავთ, 2015 და 2019 წლებში დაბადებული.
ასევე ნახეთ
ცენტრმა "დოსიემ" გამოძიება ჩაატარა პუტინის ვაჟების შესახებპუტინი თავის მეუღლეს, ლიუდმილა პუტინას, თითქმის 30-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. წყვილმა ქორწინების დასრულების შესახებ 2013 წლის ივნისში განაცხადა, ხოლო 2014 წლის აპრილში კრემლმა დაადასტურა, რომ განქორწინების პროცედურა დასრულებული იყო.
ასევე ნახეთ
ალინა კაბაევას სახლი შვეიცარიაში გასაყიდად გაიტანეს 75,5 მილიონ დოლარად - "დოსიე"- „პროექტის“ საერთო დათვლით, შესწავლილი 1 064 მაღალი რანგის რუსი თანამდებობის პირიდან 322-ს უცხოეთში ბიზნეს-ჯეტით ერთხელ მაინც უმგზავრია. 2014-2023 წლებში გამოცემამ თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების სულ მცირე 5 300 ასეთი მგზავრობა გამოავლინა, უკან დასაბრუნებელი რეისების ჩათვლით კი დაახლოებით 6 700 ფრენა, რომელთა ჯამური შეფასებითი ღირებულება 221 მილიონი დოლარია.