რუსეთმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული შეტევა მიიტანა

რუსეთის საჰაერო დარტყმით გამოწეული ნგრევა და ხანძარი კიევში (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის ჯარებმა ექვსიდან შვიდი ოქტომბრის ღამით უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა დაიწყეს. საჰაერო განგაში ღამის სამი საათისთვის გამოცხადდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 ოქტომბერს გამთენიისას სოციალური ქსელებით დაიწყეს პირველადი შედეგების გამოქვეყნება.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დარტყმა იყო არასაცხოვრებელ შენობებსა და საწყობებზე. დაიღუპა სულ მცირე, ორი ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ქალაქ დნეპრში სამრეწველო საწარმოს დაარტყეს. განჟას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიხაილო სემიკინის ცნობით, ქალაქ ზაპოროჟიეში შეტევა იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე. კონკრეტული ობიექტი არც მას დაუსახელებია.

განახლება: უკრაინაზე რუსეთის მასირებული კომბინირებული შეტევა 7 ოქტომბერს დილითაც გაგრძელდა.

რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დანგრეული სახლი უკრაინის ქალაქ პრილუკიში. 2026 წლის 7 ოქტომბერი

ჩერნიგოვის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად მსხვერპლია რეგიონის ქალაქ პრილუკიში. დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. დარტყმა იყო მრავალბინიან სახლზე, ბავშვთა ხელოვნების სახლსა და საწარმოზე.

პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ქალაქ კრემენჩუგში, სადაც დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები და საწარმო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა კიროვოგრადის ოლქის ქალაქ ოლექსანდრიაში, სადაც დარტყმა იყო ერთ-ერთ საწარმოზე.

  • 6 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევისთვის ემზადება.

ასევე ნახეთ

ზელენსკი რუსეთისგან მასირებული თავდასხმის მოლოდინში მოქალაქეებსა და პარტნიორებს მიმართავს: ძალიან გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით