უკრაინამ დაადასტურა სოჭის სანაპიროსთან ტანკერზე დარტყმა

ცეცხლმოკიდებული ტანკერი AFRAMAX RIO. სოჭი, 2026 წლის 6 ოქტომბერი

უკრაინამ დაადასტურა დარტყმა ტანკერზე შავ ზღვაში, რუსეთის ქალაქ სოჭის სანაპიროსთან.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 ოქტომბერს დილით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინელმა მეომრებმა დღე-ღამის განმავლობაში დაარტყეს ოთხ სამიზნეს, რომლებიც „რუსეთს ეხმარებიან მისი სასტიკი ომის დაფინანსებასა და წარმოებაში“.

ზელენსკის თანახმად, დაარტყეს ორ ნავთობობიექტს და პოლიგონს პერმის, სამარის და ასტრახანის რეგიონებში და „არის პასუხიც შავ ზღვაში“.

უკრაინის პრეზიდენტს კონკრეტულად არცერთი ობიექტი არ უხსენებია, თუმცა ზელენსკის ტექსტს თან ახლავს შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროსთან ცეცხლმოკიდებული ტანკერის ვიდეოკადრები.

  • 6 ოქტომბერს საღამოს ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში, ქალაქ სოჭის სანაპიროსთან იწვის ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი AFRAMAX RIO.
  • ტანკერი უკრაინის მიერაა სანქცირებული, როგორც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემი, რომელსაც საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით გადააქვს რუსული ნავთობი.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნავთობით დატვირთულ ტანკერზე შეტევა იყო უეკიპაჟო კატერებით, ტანკერის ეკიპაჟის 23 წევრი, ინდოეთის მოქალაქეები გადაარჩინეს, ხანძრის რაიონში კი „ნავთობის ღია წვა მიმდინარეობს”.

7 ოქტომბერს დღისით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა მორიგი ცნობა, რომ „ღია წვა ლიკვიდირებულია” და ტრანსპორტის, თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროების გაერთიანებული ძალები იწყებენ „შედეგების ლიკვიდაციას”. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოჭის პლაჟები დაკეტა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ირწმუნება, რომ ნავთობს აკვატორია არ დაუბინძურებია.