ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთისგან შავ ჭირთან ბრძოლის ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალებს ითხოვს, კრემლი მედიას უტევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი (არქივი)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს მეტი ინფორმაცია მოსთხოვა იმის შესახებ, თუ რამ მოკლა ციმბირში შავ ჭირთან ბრძოლის ინსტიტუტის თანამშრომელი, თუმცა კრემლმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა უკვე გააზიარა ის, რაც იცოდა და მედია სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ლაბორატორიის 28 წლის თანამშრომელი პარასკევს ჯერ კიდევ დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიით გარდაიცვალა; აღნიშნულმა შემთხვევამ საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან. თავდაპირველად, 200-მდე ადამიანი მოათავსეს კარანტინში.

რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის სამსახურმა სამშაბათს განაცხადა, რომ გარდაცვლილ თანამშრომელთან, დარია შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი არცერთი პირის შემთხვევაში შავი ჭირი არ გამოვლენილა, ხოლო ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ კარანტინში მოთავსებულთა 60% უკვე გამოუშვეს.


თუმცა, ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მის ორგანიზაციას რუსეთისგან მეტი ინფორმაცია სჭირდება მომხდარში სრულად გასარკვევად.

„ორგანიზაციამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მწვავე პნევმონიის მიზეზის, იმ პათოგენის, დასადგენად, რომლის გამოც მიღებული იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები და ასევე, დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული პნევმონიის მქონე მეორე თანამშრომლის შესახებ მედიით გავრცელებული ცნობების დასაზუსტებლად,“ — განაცხადა მან.
„საერთაშორისო ჯანდაცვის წესების შესაბამისად ინფორმაციის დროული, სრული და გამჭვირვალე გაზიარება აუცილებელია წინააღმდეგობრივი ცნობების დასაზუსტებლად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოტენციური რისკების ზუსტი შეფასების უზრუნველსაყოფად,“ - ფიქრობს ღებრეიესუსი.

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთმა დადგენილი პროცედურების შესაბამისად, სათანადოდ აცნობა WHO-მ ინციდენტის შესახებ.

შეკითხვაზე, თუ რას უპასუხებდა WHO-ს თხოვნას ციმბირში მეორე პირის სავარაუდო დაავადების შესახებ მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოუწოდა ყველას, ფრთხილად მოჰკიდებოდნენ მედიის ცნობებს, როგორც სანდო ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით.

„მედიაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, და იმის უდიდესი ნაწილი, რასაც მედია ამ ვითარების შესახებ იუწყება, ყალბი ინფორმაციაა,“ — განაცხადა პესკოვმა.

მან მედიასა და სხვა პირებს ურჩია, დაჰყრდნობოდნენ რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის ორგანოს, „როსპოტრებნადზორის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამ უკანასკნელს ოთხშაბათს Reuters-ის კომენტარის შესახებ თხოვნაზე WHO-ს შეკითხვებთან დაკავშირებით, პასუხი დაუყოვნებლივ არ გაუცია.

ზოგიერთმა დასავლურმა მედიასაშუალებამ - დაუსახელებელ „რუსულ მედიაზე“ დაყრდნობით - გავრცელა ინფორმაცია, რომ ციმბირში მეორე ადამიანი დაიღუპა, და აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზი შავი ჭირი იყო.

Reuters-მა ვერ შეძლო რუსულ მედიაში მსგავსი სტატიების ან იმის მტკიცებულებების მოძიება, რომ ციმბირში მეორე ადამიანი დაიღუპა, თუმცა სოციალურ ქსელებში ზოგიერთი ბლოგერი - მტკიცებულებების გარეშე ამას აცხადებს.

ტედროსის მოწოდება დამატებითი ინფორმაციის გაზიარების თაობაზე ეხმიანებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოწოდებას, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვმა ინციდენტის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა გააზიაროს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის სამსახურმა განაცხადა, რომ შიპილოვა პნევმონიით დაავადების შემდეგ გარდაიცვალა, მას საჯაროდ არ განუმარტავს, რამ გამოიწვია ის ან როგორ დაავადდა იგი.

პნევმონიას, ფილტვების ინფექციას, შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის შავი ჭირი, ისევე როგორც სხვა ბაქტერიული ინფექციები ან ვირუსული რესპირატორული დაავადებები, როგორიცაა გრიპი ან COVID-19.

ასევე ნახეთ

WHO რუსეთისგან დამატებით პასუხებს ითხოვს - არსებობს რისკი საქართველოსთვის?