გმირები არიან, თუმცა ტყვეობაში არ უნდა დარჩნენ - ბურჭულაძე მათზე, ვინც საპროცესო შეთანხმებას აფორმებს

პაატა ბურჭულაძე: „ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“.

2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დაპატიმრებული საოპერო მომღერალი და პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძე ეხმაურება მისი თანამოაზრეების ნაწილის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს.

„ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა“, - მიმართავს ის მოქალაქეთა ნაწილს.

„ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას. მითუმეტეს, ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“, - წერს პაატა ბურჭულაძე 7 ოქტომბერს ფეისბუკში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

  • განსხვავებული პოზიცია აქვს პაატა ბურჭულაძის ვაჟს, შუქრი ბურჭულაძეს, რომელმაც საპროცესო შეთანხმებისკენ დაძრული პროცესი უარყოფითად შეაფასა და 5 ოქტომბერს დაწერა:
  • „ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი!.. პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი... მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.

პაატა ბურჭულაძე იმეორებს: „მე ვარ ამ ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი და სხვა არავინ“.

„არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური პატიმარი სინანულით იხსენებდეს იმ დღეს. პირიქით, ვიცი, რომ ისინი ამაყობენ და ბედნიერები არიან, რადგან იბრძოდნენ და იბრძვიან სამშობლოს განთავისუფლებისთვის“, - წერს იგი.

ასევე ნახეთ

ზოდელავასა და ბერიძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ - 4 ოქტომბრის საქმე

საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან

2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეში ორგანიზატორებად მსჯავრდადებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებას აფორმებს, რაც ბრალის ფორმალური აღიარების გარეშე შეუძლებელია.

ინფორმაციამ ამ გადაწყვეტილების შესახებ ორად გაყო მათი თანამოაზრეები და მხარდამჭერები.

პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის შეკრების ორგანიზებისთვის გასამართლებულთა ჯგუფიდან მხოლოდ ორი მსჯავრდადებულია დასახელებული:

  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა
  • თადარიგის პოლკოვნიკი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლაშა ბერიძე.
  • მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

„მშვიდობიანი დამხობის“ საქმეს ახლა სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

ზოდელავასა და ბერიძის საკითხების ცალკე გამოყოფის შემდეგ, 5 ოქტომბერს, მოსამართლე თეა ლეონიძემ სხდომა გადადო. პროცესი 13 ოქტომბერს განახლდება.

ასევე ნახეთ

"დაყარეს ფარ-ხმალი” თუ "საპროცესო ყველამ უნდა გააფორმოს"? - განსხვავებული რეაქციები 4 ოქტომბრის საქმის მსჯავრდადებულებზე

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი ჯამში 64 ადამიანს წაუყენეს.

  • 22 მათგანი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან;
  • საპროცესო შეთანხმებით, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდება 12 ადამიანი.