ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლებისა და ტელეკომპანია „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ საგამოძიებო პროექტი „სისტემა“.
დოკუმენტში, რომელიც ჟურნალისტებმა მოიპოვეს, აღნიშნულია, რომ სიაში მოხვედრილი ორგანიზაციები „შედიან რუსეთის მთავრობის მიერ ახლახან შედგენილ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციათა ნუსხაში“. ფიზიკური პირები, რომელთა წინააღმდეგაც დაწესდა სანქციები, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები და თანამშრომლები არიან. ორგანიზაციების ნაწილის მიმართ სანქციები პირველად კი არ დაწესებულა, არამედ გაფართოვდა.
სიაში შევიდა ისეთი მსხვილი სამრეწველო საწარმოები, როგორებიცაა გემთშემკეთებელი ქარხანა „ზვიოზდოჩკა“ ან „ადმირალტეისკიე ვერფი“, უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების მწარმოებლები, მაგალითად „KT – ბესპილოტნიე სისტემი“, ასევე მსუბუქი მრეწველობის ორგანიზაციები. შეზღუდვები დაუწესდა, კერძოდ, კიროვის ხელოვნური ტყავის კომბინატს და კურგანის სამკერვალო ფაბრიკას. ახალი სანქციების სიაში მოხვდნენ „როსკოსმოსის“ საწარმოებიც, მაგალითად, „გაერთიანებული სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია“.
შეთანხმებულ სიაში მოხვდა ერთი ორგანიზაციითა და ერთი ფიზიკური პირით ნაკლები, ვიდრე იმ სიაში იყო, რომელიც თავდაპირველად განიხილებოდა. სიიდან ამოიღეს სოლიკამსკის მაგნიუმის ქარხანა და მისი დირექტორი, რუსლან დიმუხამედოვი.
როგორც „სისტემის“ ანალიზიდან ირკვევა, ახალი სანქციების სიიდან ყველა ორგანიზაცია შედის რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თავდაცვითი საწარმოების დახურულ სიაში. იგი 2025 წელს კვლევითმა ცენტრმა „დოსიემ“ გამოაქვეყნა.
ამასთან, ევროკავშირის სიაში მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს რეესტრის (სადაც სულ ექვსი ათასზე მეტი ორგანიზაციაა) მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდა.
იმ პრინციპზე, რომლის მიხედვითაც შეარჩიეს საწარმოები ევროკავშირის სიისთვის, შესაძლოა, მიუთითებდეს დოკუმენტში არსებული განმარტება: სანქციების სიაში მოხვედრილ თითოეულ ორგანიზაციას აქვს უფლება, მიიღოს სახელმწიფო სუბსიდიები თანამშრომელთა საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად. მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2026 წლის 24 აპრილის წერილი ადგენს, რომ ასეთი შეღავათები ვრცელდება არა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის (ВПК) მთლიან რეესტრზე, არამედ მხოლოდ იმ ორგანიზაციათა ნუსხაში შემავალ საწარმოებზე, რომელთაც შრომის განსაკუთრებული პირობების დაწესების უფლება აქვთ. ეს ნუსხა ღიად ხელმისაწვდომი არ არის.
ბრიუსელში „სისტემას“ წყაროს ცნობით, სანქციების ახალი სიის ამოქმედების შესახებ განცხადება მომავალ კვირაში უნდა გაკეთდეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უნდა.