ცნობა მარიკარმენ აბასკალის გარდაცვალების შესახებ 7 ოქტომბერს, დღის ბოლოს გაავრცელა მადრიდის „არენდატორთა კავშირმა“.
გამოსახლება და პროტესტი
მადრიდელი მარიკარმენ აბასკალი წლების განმავლობაში ხუთას ევროს იხდიდა ნაქირავებ ბინაში, რომელიც შემდეგ მფლობელისგან შეიძინა კერძო საინვესტიციო ფონდმა და ქირა დაახლოებით ხუთჯერ გაზარდა. ქირის თანხამ პენსიას გადააჭარბა.
პენსიონერმა ქალმა თანხის გადახდა ვეღარ შეძლო. 23 სექტემბერს მარიკარმენ აბასკალი ბინიდან იძულებით, საკაცით გამოიყვანეს, რის შემდეგაც კლინიკაში იმყოფებოდა.
მარიკარმენ აბასკალის გამოსახლების შემდეგ ესპანეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მადრიდის ცენტრში კარვებიც გაშალეს. საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მოითხოვეს ზომების მიღება ე.წ. საცხოვრებლის კრიზისის გამო, რომელიც პრობლემას უქმნის ქვეყნის ბევრ მოქალაქეს.
28 სექტემბერს აბასკალის წარმომადგენლებმა და ბინის მფლობელმა ფონდმა Urbagestión-მა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, რვა წლის განმავლობაში მარიკარმენ აბასკალი გადაიხდიდა პენსიის 30%-ის ეკვივალენტ თანხას, დაახლოებით 410 ევროს.
„არენდატორთა კავშირმა“ მარიკარმენ აბასკალის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად „ისტორიული შეთანხმებისა“, რომელიც სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემდა, გადაწყვეტილება დაგვიანებული აღმოჩნდა.
Reuters-ის კორესპონდენტის ცნობით, მარიკარმენ აბასკალის გარდაცვალების შემდეგ მადრიდში ათასობით ადამიანმა მარში გამართა ესპანეთის პარლამენტის შენობისკენ. ისინი სკანდირებდნენ: „ეს არ არის სიკვდილი. ეს მკვლელობაა!“
ასევე ნახეთ
ესპანეთში მასობრივ პროტესტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვავადამდელი არჩევნები
ესპანეთში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მთავრობამ საზოგადოებრივი უკმაყოფილების შესამცირებლად პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტები, რომელთა თანახმად, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გამოსახლება 2030 წლამდე უნდა აკრძალულიყო და უნდა შეზღუდულიყო საქმიანობა კერძო ფონდების, რომლებიც ბინებს ყიდულობენ და შემდეგ თავად აქირავებენ.
ესპანეთის პარლამენტმა, სადაც სანჩესის მთავრობას უმრავლესობა არ აქვს, ამ კანონების მიღება ვერ შეძლო. მემარჯვენე პარტიებმა განაცხადეს, რომ მთავრობის ინიციატივა, პირველ ყოვლისა, საცხოვრებლის მფლობელი კერძო პირების უფლებების ხელყოფაა.
პარლამენტში წარუმატებლობის შემდეგ, 5 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა სანჩესმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2026 წლის 29 ნოემბერს ჩატარდება. სანჩესის თანახმად, რეფორმებისთვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაზრდაა საჭირო და ესპანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს.