ევროკავშირის პარლამენტარები ითხოვენ განისაზღვროს ზომები "რუსული სახლების" დასახურად

ევროკავშირის პარლამენტარები ითხოვენ განისაზღვროს ზომები "რუსული სახლების" დასახურად, 2026 წლის 8 ოქტომბერი

ევროპარლამენტის 70-ზე მეტმა დეპუტატმა მიმართა ევროსაბჭოს თავმჯდომარეს, ანტონიუ კოშტას, ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურზულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, კაია კალასს - პარლამენტარები მათ მოუწოდებენ პოზიციის შემუშავებას "რუსულ სახლებთან" მიმართებით და ზომების განსაზღვრას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ამ სახლების დასახურად. ამ ცნობას ავრცელებს LRT.

მიმართვის ინიციატორია ევროდეპუტატი და ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რასა იუკნიავიჩენე. მისი სიტყვებით, ესენია "რუსული ჯაშუშური ცენტრები ევროპაში, რომლებიც მოქმედებენ ევროკავშირის წინააღმდეგ და კოორდინირებას უწევენ საზღვარგარეთიდან გატარებულ ოპერაციებს, ინფორმაციით მანიპულირებისთვის და ჩარევისთვის".

მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსული სახლები მუშაობას განაგრძობს ევროკავშირის 15 ქვეყანაში - ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, კვიპროსში, ჩეხეთში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, იტალიაში, ლუქსემბურგში, მალტაში, სლოვაკეთში და ესპანეთში.

"რუსული სახლების" სახელით მოიხსენიებენ სააგენტო "როსსოტრუდნიჩესტვოს" საგარეო წარმომადგენლობებს. სააგენტოს ვებსაიტის თანახმად, ამჟამად ორგანიზაცია მოქმედებს მსოფლიოს 71 ქვეყანაში, 87 წარმომადგენლობით და მისი მთავარი მისიაა მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაზრდა. უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ ევროკომისიამ "როსსოტრუდნიჩესტვოს" სანქციები დაუწესა, მაგრამ "რუსულმა სახლებმა" მუშაობა განაგრძეს.

დოკუმენტის ავტორები იხსენებენ, რომ ევროკავშირმა, სანქციების სიაში "როსსოტრუდნიჩესტვოს" ჩართვით მიუთითა, რომ რუსეთის ეს სააგენტო აერთიანებს გავლენის აგენტებს, აფინანსებს პროპაგანდისტულ პროექტებს და ავრცელებს "კრემლის ნარატივებსა და ისტორიულ რევიზიონიზმს".

"რუსული სახლების" დახურვის შესახებ გადაწყვეტილება დარჩა ევროკავშირის ცალკეული წევრების პრეროგატივად - თუმცა, პარლამენტარების აზრით, სახელმწიფოთა კომპეტენცია არ შეიძლება გახდეს საბაბი ევროკავშირის უმოქმედობის გასამართლებლად.

ასევე ნახეთ

ბერლინში დახურული „რუსული სახლის“ მუშაობას პროკურატურა იძიებს