ევროპარლამენტმა არალეგიტიმური უწოდა რუსეთის ახალ სახელმწიფო სათათბიროს

ევროპარლამენტმა არალეგიტიმური უწოდა რუსეთის ახალ სახელმწიფო სათათბიროს, 2026 წლის 8 ოქტომბერი

ევროპარლამენტმა უარი თქვა ხელისუფლების ლეგიტიმურ ორგანოდ ეღიარებინა რუსეთის მეცხრე მოწვევის სახელმწიფო სათათბირო, რომელიც შეიქმნა 2026 წლის 18-20 სექტემბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად. ეს ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპელმა კანონმდებლებმა ხუთშაბათს დაამტკიცეს.

დოკუმენტს მიემხრო 482 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 41, თავი შეიკავა 39-მა კანონმდებელმა. საკუთრივ არჩევნებს რეზოლუციაში უწოდებენ "ფარსს", რომლის პროცესშიც "არ არსებობდა რეალური ალტერნატიული კანდიდატები, თავისუფალი მედიასაშუალებები, ნდობის მქონე დამკვირვებლები და პოლიტიკური თავისუფლებები".

"რეჟიმის კრიტიკოსები ან გისოსებს მიღმა არიან, ან მოკლულები, ან ქვეყნიდან იძულებით გაძევებულები" - ნათქვამია ტექსტში.

ევროპარლამენტი ასევე აღნიშნავს "საარჩევნო პროცესის დარღვევას და რუსეთში დემოკრატიის ყველა ნარჩენის მიზანმიმართულ განადგურებას".

სიტყვა "არჩევნები" რეზოლუციის ტექსტში ბრჭყალებშია ჩასმული იმ ნაწილში, სადაც გაკრიტიკებულია ხმის მიცემის პროცესი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორებზე, ასევე დნესტრისპირეთში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

რეზოლუციის ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის წევრები კვლავ გამოდიან მოწოდებით ევროკავშირმა მკაცრი სანქციები დაუწესოს რუსეთში თანამდებობის პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ქვეყანაში "პოლიტიკურ დევნასთან და მოსკოვის გაგრძელებულ, სასტიკ, აგრესიულ ომთან უკრაინის წინააღმდეგ". დოკუმენტის თანახმად, ეს ზომები უნდა გავრცელდეს მოსამართლეებზე, პროკურორებზე, "როსფინმონიტორინგის" თანამშრომლებზე, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებზე.

"ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლებელია უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის გარეშე" - აცხადებს ევროპარლამენტი.

მანამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ახალი მოწვევის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარი განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

სექტემბერში ჩატარებული კენჭისყრით, ახალ სათათბიროში მანდატების დიდი უმრავლესობა მოიპოვა მმართველმა პარტიამ "ერთიანი რუსეთი" - 349 ადგილი 450-დან.

ასევე ნახეთ

კადიროვის 99,85%-დან მოსკოვის რიგებამდე - რას აჩვენებს რუსეთის არჩევნების შედეგები?