ნიდერლანდის პარლამენტის ქვედა პალატა მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანისკენ მოუწოდებს

საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი: დეპუტატი კვინი რაიკოვსკი

ნიდერლანდის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დეპუტატ კვინი რაიკოვსკის (VVD) ინიციატივას, რომლითაც მთავრობას მოუწოდებენ, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი შეიტანონ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე.

ნიდერლანდის პარლამენტის დეპუტატის ინიციატივაში პარლამენტი

  • აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონმდებლობასა და საპოლიციო ძალადობას იყენებს;
  • მიიჩნევს რა, რომ ეს მოვლენები საქართველოს რუსული მოდელისკენ სვლის ტენდენციას ასახავს,
  • ითვალისწინებს რა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოიყენონ სახელმწიფოთაშორისი საჩივრის შეტანის უფლება,
  • მოუწოდებს მთავრობას, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კვინი რაიკოვსკი მემარჯვენე-ცენტრისტული და ლიბერალური "სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის" (VVD) წარმომადგენელია. ის 2021 წლიდან არის ნიდერლანდის წარმომადგენელთა პალატის (ქვედა პალატა) წევრი. პარტიას დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა ფუნდამენტურ პრინციპად მიაჩნია.

33-ე მუხლის სპეციფიკა (სახელმწიფოთაშორისი საჩივარი)

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლი არეგულირებს სახელმწიფოთაშორისო საქმეებს. ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომლებსაც საჩივარი შეაქვთ 34-ე მუხლით, 33-ე მუხლი ევროპული ოჯახის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს აძლევს უფლებას, სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს მეორე წევრ სახელმწიფოს, თუ მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი მასობრივად და სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს.

ნიდერლანდის პარლამენტის მოწოდება მთავრობისადმი სავალდებულო შესასრულებელი არაა

ნიდერლანდის პარლამენტის, ამ შემთხვევაში კი წარმომადგენელთა პალატის მიერ 102 ხმით, 47-ის წინააღმდეგ, მხარდაჭერილი ინიციატივით მთავრობისადმი მოწოდება, იურიდიულად სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის.

ამასთან, დეპუტატ კვინი რაიკოვსკის ინიციატივას ნიდერლანდის მთავრობა არ ემხრობოდა და წარმომადგენელთა პალატას მის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა "იმის გამო, რომ წინადადებას სამართლებრივად ხარვეზიანად, განხორციელების კუთხით ზედმეტად ძვირადღირებულად ან სრულიად განუხორციელებლად მიიჩნევდა".

ასევე ნახეთ

"სკამების დატოვება ყველაზე ცუდი არჩევანია" - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო "ჰააგის დეკლარაცია", საქართველოზე კრიტიკული მუხლების ჩათვლით

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის "ჰააგის დეკლარაცია"

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2026 წლის 8 ივლისს მიღებულ „ჰააგის დეკლარაციაში“ შეშფოთება გამოხატა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის, 2024 და 2025 წლების არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების, შემდგომ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების, ოპოზიციონერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვების გამო.

ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დემოკრატიული სტანდარტების აღდგენისკენ, პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლებისკენ, შემზღუდავი კანონების გაუქმებისა და საარჩევნო დარღვევების გამოძიებისკენ, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას - ამ პროცესში ზეწოლის გაგრძელებისკენ.

ასევე ნახეთ

"გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით"- ნიდერლანდის საგარეო "მოსკოვის მექანიზმზე"

დემონსტრაციები

თბილისში მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ საქართველო დღის წესრიგში „2028 წლამდე“ აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას. დემონსტრაციები ძალის გამოყენებით ჩაახშეს. არაერთ ჟურნალისტს ძალადობით შეუშალეს ხელი საქმიანობაში.

დემონსტრაციების მონაწილე ასობით მოქალაქე დააკავეს, ათობით მათგანს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა რამდენიმე ქვეყანამ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს მათ, ვისაც უწოდეს დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი ადამიანები.

ხელისუფლების პოზიცია

"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები აქცენტს აკეთებდნენ პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და დემონსტრანტების მხრიდან გამოხატულ ძალადობრივ ქმედებებზე. ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომებზე კი გამოძიება დაიწყო.

შეკითხვაზე, გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, რატომ არ იყვნენ გამოვლენილი ძალადობაში მონაწილე სამართალდამცველები, იმეორებდნენ, რომ ამას მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობა ართულებდა.

ამასთან, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პოზიციით, საქართველოში ადამიანები პატიმრობაში იმყოფებიან მხოლოდ კონკრეტული სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის და არა მათი პოლიტიკური ნიშნის, შეხედულებებისა თუ საქმიანობის გამო.

მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყენებულ ტერმინს, „პოლიტპატიმარს“, მიიჩნევენ პოლიტიკურ სპეკულაციად და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობად.