საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ 2027 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში დომინოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება.
საქართველოს დომინოს ფედერაციის პრეზიდენტმა ბადრი მანწკავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობას წერილით მიმართეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი განუმარტეს.
ბადრი მანწკავა
„ჩვენ გავაგზავნეთ წერილი და ავუხსენით, რომ აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა და ეს სეპარატისტული [რეგიონია]. პასუხს ველოდებით. [მსოფლიო ჩემპიონატზეც] მიწვეული ვიყავით და მაგ მიზეზით არ წავედით, სანამ არ გაირკვევა ყველაფერი კარგად. [საიტზე] აფხაზეთის დროშა რომ ვნახე, მაგიტომ გავჩერდით ჩვენ. აფხაზეთს თუ დაითხოვენ, ჩვენ გავწევრიანდებით. ისინიც იყვნენ და ჩვენც ვიყოთ, არ გამოვა ეს ამბავი“, – თქვა მანწკავამ.
საქართველოს დომინოს ფედერაცია 2026 წლის მარტში დაფუძნდა. მისი პრეზიდენტის თქმით, FID-ის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხზე ჰქონდათ, მათ შორის საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისა და თბილისში საერთაშორისო ტურნირის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ.
მსოფლიო ჩემპიონატი ოკუპირებულ აფხაზეთში
2027 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დომინოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავენ. აფხაზური ე.წ. სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას დომინოს საერთაშორისო ფედერაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებმა დაუჭირეს მხარი.
გადაწყვეტილება ესპანეთის ქალაქ სალოუში მიიღეს, სადაც დომინოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ტურნირზე აფხაზეთს საიდ აშუბა და ალმას გაბუნია წარმოადგენენ. ისინი ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ვინ შედის საერთაშორისო ფედერაციაში?
დომინოს საერთაშორისო ფედერაცია (Federación Internacional de Dominó, FID) 2002 წელს ესპანეთში დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია დომინოს, როგორც სპორტის სახეობის განვითარება და საერთაშორისო შეჯიბრებების ორგანიზება.
ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წევრებს შორის ოკუპირებული აფხაზეთი ცალკეა წარმოდგენილი, საკუთარი დროშით. საქართველო წევრთა სიაში არ არის.
ფედერაციის წევრთა შორის არიან აშშ, რუსეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, კანადა, პორტუგალია, მექსიკა, ბრაზილია, კოლუმბია, კუბა, ვენესუელა, ნიკარაგუა, პანამა, ეგვიპტე, იამაიკა, ჰონდურასი და დომინიკის რესპუბლიკა.
ცალკე წევრებად არიან წარმოდგენილი კარიბის ზღვის კუნძულები და ტერიტორიებიც, მათ შორის არუბა, ბონეირი, კიურასაო და პუერტო-რიკო.
ბონეირი ნიდერლანდების ნაწილია, ხოლო არუბა და კიურასაო ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში ავტონომიური ქვეყნები არიან.
ფედერაციას 2017 წლიდან მანუელ ოკენდო ხელმძღვანელობს. 2026 წლის 28 სექტემბერს ის სოხუმში იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცს შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის დომინოს ფედერაციის პრეზიდენტი მეგი კრუზი და აფხაზეთის დომინოს ფედერაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ ლაკერბაიაც.
ოკენდოს სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბაც შეხვდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, გუნბამ საერთაშორისო ფედერაციისა და რამდენიმე ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებს 2027 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.
მსოფლიო ჩემპიონატი სოხუმში 2011 წელსაც ჩატარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში დომინოში მსოფლიო ჩემპიონატი ერთხელ უკვე გაიმართა - 2011 წლის 17-21 ოქტომბერს, სოხუმში.
ეს რიგით მერვე მსოფლიო ჩემპიონატი იყო. აფხაზური წყაროების თანახმად, მასში 300-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს ხელისუფლებას 2027 წელს სოხუმში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გეგმასთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუხატავს.
2011 წელი, სოხუმში გამართული ჩემპიონატის გახსნის ცერემონია
- რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. 18 წლის შემდეგ, რუსეთის გარდა, მათ „დამოუკიდებლობას“ მხოლოდ ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია აღიარებენ. თავდაპირველად მათი „დამოუკიდებლობა“ ასევე აღიარეს ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ, თუმცა მოგვიანებით სამივე ქვეყანამ აღიარება უკან გაიწვია.