მინიმუმ 109 ადამიანი დაიღუპა ჯიბუტის ნაპირებთან ლტოლვილთა ნავის გადაბრუნების შედეგად

ჯიბუტის ნაპირებთან გადაბრუნებული ნავი, რომელსაც ლტოლვილები გადაჰყავდა. 10 ოქტომბერი, 2026.

ჯიბუტის ნაპირებთან მიგრანტების ნავის დაღუპვის შედეგად, 8 ოქტომბრის ღამეს, სულ მცირე 109 ადამიანი დაიღუპა, 80 გადარჩა, 116 კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) იუწყება.

ნავი, რომელზეც 305 ადამიანი იმყოფებოდა, იემენისკენ მიემართებოდა და ჯიბუტის საპორტო ქალაქ ობოკის მახლობლად გადაბრუნდა.

IOM-ის მონაცემებით, 80-ვე გადარჩენილი ეთიოპიის მოქალაქეა. დაღუპულებს შორის არის 52 მამაკაცი, 42 ქალი და 15 ბავშვი - ცხრა გოგონა და ექვსი ბიჭი.

„ეს ტრაგედია მკაცრი შეხსენებაა იმ საფრთხეებისა, რომლებსაც მიგრანტები აწყდებიან ამ მიგრაციულ მარშრუტზე ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებისას“, - განაცხადა ჯიბუტიში IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კუასაკმა. მან იგულისხმა ბაბ-ელ-მანდების სრუტე და მიგრანტების მცდელობები, იემენის გავლით მიაღწიონ სპარსეთის ყურის ქვეყნებს.

IOM-ის ცნობით, ამა წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ჯიბუტიში ეთიოპიიდან 178 000 ადამიანი ჩავიდა, მათგან 20 000 - ბოლო თვის განმავლობაში. 2025 წელს იემენისკენ მიმავალ გზაზე ზღვაში 900-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ამ გზის გადალახვას ცდილობდნენ, 18%-ით გაიზარდა.

ამჟამად იემენში საბრძოლო მოქმედებების სერიოზული ესკალაცია შეინიშნება სამთავრობო ძალებსა და ჰუთებს შორის, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს. გასულ თვეში ჰუთებმა დაიწყეს მოულოდნელი შეტევა, რომლის დროსაც მოკლე დროში ხელში ჩაიგდეს სტრატეგიული ბაბ-ელ-მანდების სრუტე და წითელი ზღვის სანაპიროს დაახლოებით 150 კმ. იემენის ხელისუფლებამ ჰუთების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ისინი საუდის არაბეთის მხარდაჭერით გეგმავენ იერიშის მიტანას. საუდის არაბეთი საჰაერო საბრძოლო მოქმედებებს უხელმძღვანელებს, იემენის ძალები კი - სახმელეთოს.

ასევე ნახეთ

„იქნებ გვეშველოს“ - იმედი მათთვის, ვინც აშშ-ის საიმიგრაციო ვიზებს ელოდება