- საუბარია 2 და 4 ოქტომბერს მომხდარ ორ ინციდენტზე.
- ამ ინციდენტებს წინ უძღოდა ამავე ციხეში მყოფი მსჯავრდადებულის, გიორგი დავითაძის მიერ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების ბრალდების გასაჯაროება.
რას ამბობს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ „პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა“.
მათ ორ ეპიზოდზე ედავებიან, - 2 და 4 ოქტომბერს მომხდარის გამო:
- 2 ოქტომბერს რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთ საკანში მოთავსებულმა ბ. ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს;
- 4 ოქტომბერს ამავე ციხეში, სასეირნო სივრციდან დაბრუნებისას ჯ. ჯ. და ვ. თ. თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს.
პროკურატურა ამბობს, რომ პირველი და მეორე პატიმრები „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის“ არიან მსჯავრდადებული, ხოლო მესამე - „მძიმე დანაშაულისთვის“.
უწყების თანახმად, სამივე მათგანისთვის წაყენებული ახალი ბრალდება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ
დავითაძის განცხადების შემდეგ რუსთავის ციხეში ინციდენტები იყოროგორ უკავშირდება ეს ამბები დავითაძის საქმეს
ბრალდებები სექსუალური ძალადობის შესახებ 2 ოქტომბერს გასაჯაროვდა მედიაში.
4 ოქტომბერს დავითაძემ გაურკვეველი საგანი გადაყლაპა. 5 ოქტომბერს დავითაძის დედამ თქვა, რომ მისი შვილის ამბის გახმაურებას ციხეში „შუმოკი“ მოჰყვა.
ომბუდსმენის აპარატმა განაცხადა, რომ მისი რწმუნებულები 3-4 ოქტომბერს ესაუბრნენ სამ პატიმარს, რომლებიც „გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ“.
„მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს“, - დაწერა 5 ოქტომბერს, დილას, ომბუდსმენმა.
პენიტენციურმა სამსახურმა 5 ოქტომბერსვე გაავრცელა კადრები, რომლებიც პატიმართა მხრიდან ციხის თანამშრომლებთან დაპირისპირებას ასახავს და განაცხადა, რომ პატიმრები დავითაძისადმი „სოლიდარობის“ გამო არ დაუსჯიათ.
ასევე ნახეთ
დავითაძის მხარდაჭერის ნიშნად პროტესტის გამო 3 პატიმარი „დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს“ - ომბუდსმენირა მოხდა ციხეში - პენიტენციურის ვერსია
„მათი დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლები) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადეს უწყებაში.
პენიტენციური სამსახური აცხადებდა, რომ ინციდენტები 2 და 4 ოქტომბერს მოხდა:
- 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, პატიმარმა ბ. ჭ.-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით ნიკოლაიშვილს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა;
- იმავე დაწესებულებაში 4 ოქტომბერს, 20:22 საათზე, მსჯავრდადებულებმა ჯ. ჯ.-მ და ვ.თ.-მ სეირნობიდან დაბრუნებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების თანამშრომლებს.
უწყება ასევე აცხადებდა, რომ „პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა წარმოადგენს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს“ და მაშინვე დააანონსა „კანონით გათვალისწინებული რეაგირება“.
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ 5 ოქტომბერს განაცხადა: „თუ ვინმე ეცდება, პენიტენციურ დაწესებულებაში, შიგნიდან თუ გარედან, ხელი შეუწყოს ან რაიმე ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია, დეზორგანიზაციის შეტანა პენიტენციურ დაწესებულებებში, ამასაც ექნება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“.
10 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ დავითაძის ბრალდებებთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესში დარღვევები ვერ აღმოაჩინა და დაადგინა, რომ პატიმრის წინააღმდეგ „პირადი შემოწმების მიზნით“ გამოყენებულ იქნა „იძულების პროპორციული ზომა“.