ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი: ახლა არ არის მოსკოვზე ზეწოლის შემსუბუქების დრო

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში. 2026 წლის 12 ოქტომბერი, ლუქსემბურგი

"ზავი არ მუშაობს, როცა მას მხოლოდ ერთი მხარე იცავს", - განაცხადა 12 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა.

მისი განცხადებით, მინისტრებმა შეხვედრაზე გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე ზავის მიმართ, "იმ პირობით, რომ რუსეთი დაიცავს მას".

კალასმა აგრეთვე თქვა, რომ მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში დაიღუპა 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე:

"რუსეთი ურტყამს კიევის ხიდებს, მარცვლეულის გემებს შავ ზღვაში, ელექტროსადგურებს და მან დაბომბა კიევში მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ეს არ არის მშვიდობის მოსურნე ქვეყნის მოქმედებები.

არის მკაფიო გაგება იმისა, რომ ახლა არ არის მოსკოვზე ზეწოლის შემსუბუქების დრო და ამიტომაც მინისტრებმა დაამტკიცეს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიისკენ მიმართული ახალი სასანქციო სია თითქმის 1600 ერთეულის წინააღმდეგ.

...ომის დასრულებისკენ ყველაზე სწრაფი გზა მოსკოვზე ზეწოლაზე გადის და არა - დათმობებზე".

ასევე ნახეთ

ზელენსკი მადლობას უხდის ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის: ეს არის სწორი სიგნალი, თუკი სერიოზულად ვუდგებით რუსეთის ომის დასრულების საკითხს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან ერთად იმსჯელეს უკრაინისთვის უმნიშვნელოვანეს საჭიროებებზე:

"რა თქმა უნდა, საჰაერო თავდაცვა რჩება პრიორიტეტად. მიმდინარე კვირაში დრონებისა და რაკეტებისთვის იქნება შემდგომი დაფინანსება", აღნიშნულია კალასის განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი ორშაბათს დილით უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევაზე (FIMI) მსჯელობით დაიწყო. ევროკავშირი დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად და გავაფართოვეთ დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ტრენინგები 65 ქვეყანაზე აფართოებს. მინისტერიალის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა გათიშა ათობით ვებსაიტი და რუსეთის მიერ გაშვებული ასობით რეკლამა, რომლებიც უკავშირდებოდა რუსეთის რეკრუტირების ქსელს აფრიკაში. ითქვა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სომხეთისთვის უცხოურ ჩარევასთან გამკლავებაში გაწეულ დახმარებაზეც. შემდეგ ნაბიჯად დასახელდა რუსეთის FIMI-ს ინფრასტრუქტურის ასი ახალი ერთეულის სანქცირება.

კაია კალასმა ილაპარაკა საქართველოზეც და აღნიშნა, რომ დემოკრატიის შემდგომი უკუსვლა საქართველოში არა მხოლოდ მისი მოქალაქეების სურვილს, არამედ ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებსაც ეწინააღმდეგება:

"საქართველოს რაც ეხება, იქ უარესდება დემოკრატიის უკუსვლა. სულ უფრო მეტ ოპოზიციურ პარტიას ემუქრება აკრძალვა, „უცხოური აგენტების კანონი“ ახრჩობს სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველოს ხალხს უნდა ევროკავშირი, რასაც „ქართული ოცნება“ სისტემატურად ართმევს მათ. ჩვენი ახლანდელი მიდგომა ვერც ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას წარმოშობს და არც ევროპის სტრატეგიული ინტერესების სრულად გატარების შესაძლებლობას გვაძლევს. ამ საკითხს იანვარში მივუბრუნდებით".

ასევე ნახეთ

მოსამართლე კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე აცილება მოითხოვა და უარი მიიღო

მინისტერიალზე საუბარი შეეხო გაფართოებული ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც. უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ "გაფართოება ათწლეულების განმავლობაში იყო ევროკავშირის ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი. გაფართოება არ გულისხმობს მხოლოდ უფრო დიდ ევროკავშირს, არამედ უფრო უსაფრთხო ევროკავშირს და მის გეოპოლიტიკურ გაძლიერებას".

ბრიფინგზე მან ილაპარაკა კანდიდატი ქვეყნების წვლილზე ევროკავშირის უსაფრთხოებაში:

"ბევრმა კანდიდატმა ქვეყანამ უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს უსაფრთხოებაში. უკრაინა, რა თქმა უნდა, არის ევროპის თავდაცვის პირველი ხაზი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანელ პარტნიორებს წვლილი შეაქვთ ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში. დღეს მინისტრები შეთანხმდნენ კანდიდატ ქვეყნებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ პროგრესსა და ევროკავშირთან შესაბამისობაზე დაფუძნებით. ეს ნიშნავს მათ ინტეგრაციას ევროპის თავდაცვით ჩარჩოებში, ერთობლივი თავდაცვითი წარმოების გაზრდას და ჩვენი “უსაფრთხოებისა და თავდაცვითი პარტნიორობის” უკეთესად გამოყენებას. გაფართოება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ ძლიერებაში".

კალასმა გამოხატა კმაყოფილება უკრაინის მიერ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებში კიდევ ორი კლასტერის გახსნისთვის აუცილებელი კანონების მიღების გამო და აღნიშნა, რომ 13 ოქტომბერს დაგეგმილი მოლაპარაკებები უკრაინასთან "წინაღობების გარეშე ჩაივლის".

რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების გაძლიერებასა და კოლექტიურ რეაგირებაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ინდივიდუალურ ინციდენტებზე რეაგირების ნაცვლად საჭიროა საკითხისადმი ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლის შემადგენელი პუნქტების სათავეშია: მეტი სანქცია, 22-ე პაკეტის ჩათვლით; მეტი ძალისხმევა სანქციების განსახორციელებლად; ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ უფრო ძლიერად მოქმედება; ჰიბრიდული შეტევების განმახორციელებელთა გამოვლენა; სადაზვერვო ინფორმაციის უკეთესად გაცვლა.

მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს უკრაინის ფინანსურ საჭიროებაზე 2027 წლისთვის და ამ კონტექსტში ბევრმა ახსენა რუსეთის გაყინული აქტივების საკითხი.

ლუქსემბურგის შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირის ტერიტორიაზე უსაფრთხოების განმტკიცების ამოცანაზეც. კალასმა განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების მოძრაობის შეზღუდვა, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემის შემცირება და ყოფილი რუსი მეომრებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის სწრაფად განხორციელება "უმნიშვნელოვანესია".

მინისტერიალზე განსახილველ საკითხთა შორის იყო რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნების თავიდან აცილება: "მსგავსი ვითარების წინაშე ვართ კულტურის სფეროშიც. სპორტი და კულტურა არ უნდა იქცეს რუსეთის აგრესიის გათეთრების ინსტრუმენტად". უმაღლესი წარმომადგენლის თანახმად, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკომისიასთან ერთად, მოამზადებს წინადადებებს მსოფლიო სპორტში რუსეთის იზოლაციის შენარჩუნებაზე, რაც განხორციელდება უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის გამნადგურებლების მიმართ შემდგომი სანქციების პარალელურად.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის პარლამენტარები ითხოვენ, განისაზღვროს ზომები "რუსული სახლების" დასახურად

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა წინ უძღოდა 15-16 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტს.