კომუნისტური ვიეტნამის დელეგაციის ვიზიტი თბილისში - გაფორმდა მემორანდუმი

ვო თჰი ან სუანი და ირაკლი კობახიძე - შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვო თჰი ან სუანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ვიეტნამი ერთ-ერთია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან, სადაც ხელისუფლებაში კომუნისტური პარტიაა.

ვიცე-პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ვაჭრობაზე, ტურიზმსა და შუა დერეფნის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

კობახიძემ ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

56 წლის ვო თჰი ან სუანი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს. 2023 და 2024 წლებში, პრეზიდენტების გადადგომის შემდეგ, ის ორჯერ ასრულებდა ქვეყნის ლიდერის მოვალეობას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ვიეტნამის სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ამ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

საქსტატის მონაცემებით, ვიეტნამიდან საქართველოს იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ვიეტნამიდან 43,4 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, მათ შორის 20,4 მლნ დოლარის სატელეფონო აპარატები და 4,5 მლნ დოლარის ყავა.

საქართველომ იმავე პერიოდში ვიეტნამში 510 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, ძირითადად „ცხოველების ნაწლავები, ბუშტები და კუჭები“.