ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ჩავა

მაო ნინგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი მიმდინარე კვირაში აზერბაიჯანს ეწვევა და 15 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს “აზიაში ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის ზომებზე კონფერენციის“ (CICA) მეშვიდე სამიტში. ეს იქნება ბოლო შვიდ წელიწადში ვანგ ის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში. უსაფრთხოების ფორუმს ბაქო უმასპინძლებს, როგორც CICA-ს თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის შემდეგ ხორვატიაში, მონტენეგროსა და ბულგარეთში ჩავა.

ვანგ ი არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი. მისი ტურნეს შესახებ 12 ოქტომბერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა ილაპარაკა:

„CICA აზიაში უსაფრთხოების დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მექანიზმია. მისი შექმნიდან დღემდე, ის ემსახურება ქვეყნებს შორის ურთიერთობასა და ნდობის აღდგენას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და განვითარებაში.


სულ უფრო კომპლექსურ და ცვალებად საერთაშორისო და რეგიონულ კონტექსტებში, აზიის ქვეყნები სულ უფრო მოწადინებული არიან უზრუნველყონ მშვიდობა და სიმშვიდე და ხელი შეუწყობ ეკონომიკურ ზრდას. მომავალ სამიტზე ჩინეთი მონაწილეობას მიიღებს ფართო დიალოგსა და კონსულტაციებში სხვადასხვა მხარესთან, მულტილატერალიზმის გამოსაყენებლად, ოთხი გლობალური ინიციატივის აქტიურად განსახორციელებლად და აზიური მმართველობის გასაზრდელად, რომ წვლილი შეიტანოს საერთო მომავლის მქონე აზიური საზოგადოების მშენებლობაში".

მაო ნინგმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჩინეთი და აზერბაიჯანი არიან მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორები. ბოლო წლებში პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტი ილჰამ ალიევის სტრატეგიული დაგეგმვითა და მეგზურობით ჩინეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებშო შენარჩუნდა ზრდა, ღრმავდება ორმხრივი პოლიტიკური ნდობა, არის მდგრადი პროგრესი „სარტყელისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობაში და ნაყოფიერი კოლაბორაცია საერთაშორისო ურთიერთობებში:

ვანგ ი შეხვდება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს.

„გვჯერა, ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი სახელმწიფოს ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი ურთიერთგაგების სრულად ხორცშესხმას.

CICA-ს შექმნის იდეაზე პირველად ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა განაცხადა 1992 წლის ოქტომბერში, გაეროს გენასამბლეის 47-ე სხდომაზე. ორგანიზაციის წევრებს შორის ურთიერთობების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღეს 1999 წლის CICA-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრაზე, ყაზახეთის დედაქალაქში.

CICA-ს წევრი ქვეყნებია: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ბანგლადეში, კამბოჯა, ჩინეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, ირანი, ერაყი, ისრაელი, იორდანია, ყაზახეთი, ქუვეიტი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, პალესტინა, კატარი, კორეის რესპუბლიკა, რუსეთი, შრი ლანკა, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უზბეკეთი, ვიეტნამი.

აზერნაიჯანს სურს, რომ თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში (2024-2026) დაასრულოს CICA-ს სრულფასოვან საერთაშორისო ორგანიზაციად ქცევა და ქარტიის შემუშავება.