კიევზე სარაკეტო შეტევა 12 ოქტომბერს გვიან ღამით იყო. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დნეპრის რაიონში რაკეტა მოხვდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს, ხოლო დესნიანსკის რაიონში - ოთხსართულიან სასაწყობე შენობას.
უკრაინის საჰაერო ძალების წინასწარი მონაცემებით, კიევზე დარტყმა იყო ექვსი ბალისტიკური რაკეტით, რომლებიც რადიოლოკაციურმა საშუალებებმა აღმოაჩინეს უშუალოდ შეტევის დროს, მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან რაკეტების გამოშვების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და ამის მიზეზს იკვლევენ.
რამდენიმე საათით ადრე რუსეთის ჯარებმა კიევზე შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებითაც. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ წინასწარ გაავრცელა შეტყობინება რეაქტიული დრონებით მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.
კიევის პროკურატურის ინფორმაციით, დარნიცკის რაიონში დრონი მოხვდა 25-სართულიან სახლს. დაიღუპა ორი და დაშავდა 11 ადამიანი.
ხარკოვი
გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზეც.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 11 ადამიანი.
ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ოთხსართულიან სახლს, რომლის ერთი სადარბაზო დანგრეულია. ხარკოვის ორ რაიონში დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.
განახლება: 13 ოქტომბერს დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ სახლის ნანგრევებში ნაპოვნია სამი დაღუპულის ცხედრები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 12 ოქტომბერს ღამით ხარკოვში რუსულმა რაკეტამ დაანგრია სახლის ერთი სადარბაზო.