ბულგარეთის სანაპიროსთან კიდევ ერთი გემი ჩაიძირა უპილოტო აპარატებით შეტევის შედეგად

ბულგარეთის სანაპიროსთან სატვირთო გემებზე შეტევა იყო 6 ოქტომბერსაც. დაშავებული მეზღვაურები ვარნაში გადაიყვანეს

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან უპილოტო აპარატებით შეტევა იყო ორ სამოქალაქო სატვირთო გემზე. ერთი ჩაიძირა. ბოლო ერთ კვირაში ეს მეორე შემთხვევაა.

გემებზე მორიგი თავდასხმის შემდეგ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა 13 ოქტომბერს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან სატელეფონო საუბარიც დაგეგმა.

რა მოხდა ბულგარეთის სანაპიროსთან?

პრემიერ-მინისტრ რადევის ინფორმაციით, შავ ზღვაში, ბულგარეთის ქალაქ ბიალას მახლობლად სამი უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო გემზე CHELSEA 3.

ბულგარეთის სასაზღვრო სამსახურის მაშველების მიერ ევაკუირებულია ეკიპაჟის 15 წევრი, რომელთაგან 7 უკრაინის მოქალაქეა, ხოლო 8 აზერბაიჯანის. ისინი ვარნაში გადაიყვანეს. ეკიპაჟის ხუთ წევრს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

  • მალტის დროშით მცურავი CHELSEA 3 უკრაინის საკუთრებაა. გემი ოდესაშია დარეგისტრირებული.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, შეტევა იყო კიდევ ერთ სატვირთო გემზე, რომელიც კრაპეცის რაიონის მახლობლად ჩაიძირა. ვის ეკუთვნის გემი და რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, ჯერჯერობით უცნობია.

13 ოქტომბრის დილის მონაცემებით, მაშველებმა ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინეს.

პრემიერ-მინისტრმა რადევმა გემებზე შეტევას აბსოლუტურად დაუშვებელი უწოდა. რადევის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უპილოტო აპარატების წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია, ლოგიკა აჩვენებს, რომ შედეგი ხელს აძლევს რუსეთის ფედერაციას, ამიტომ რუსეთის ელჩს შეხვედრაზე იბარებს.

ბულგარეთმა, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრია, ორივე ორგანიზაციას მიმართა, მიმდინარე გამოძიებისთვის ტექნიკური დახმარების გასაწევად.

ასევე ნახეთ

ბულგარეთის სანაპიროსთან თავდასხმა იყო ორ გემზე - ქვეყნის პრემიერი

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სატვირთო გემზე უპილოტო აპარატებით შეტევა იყო 6 ოქტომბერსაც. ერთი, ტოგოს დროშით მცურავი გემი, ჩაიძირა. მეორე, პალაუს დროშით მცურავი ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ბულგარელ კოლეგებს და დადგენილია, რომ ეს იყო რუსეთის შეტევა. რუსეთს ეს არ დაუდასტურებია.

  • უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ერთ-ერთი სამიზნეა სატვირთო გემები შავ ზღვაში. თავის მხრივ, უკრაინა უტევს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებს.