მას ედავებიან მანდატურების შეურაცხყოფას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლია.
ვინ უჩივის აქტივისტს
აქტივისტის ცნობით, საჩივარი მის წინააღმდეგ შეიტანეს მანდატურებმა დავით მატიაშვილმა, ოთარ კვინიაძემ და გოჩა ნანობაშვილმა.
რუსკა მჭედლიძე მათ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
საქმე ეხება 29 ივლისს საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარ ინციდენტს.
რუსკა მჭედლიძემ facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა დავით მატიაშვილმა და რამდენიმე სხვა მანდატურმა მას სასამართლოს შენობა ძალი დაატოვებინეს და ფიზიკურად იძალადეს.
გამოძიება დაიწყო
რუსკა მჭედლიძემ თავის მონათხრობს დალურჯებული ხელის ფოტოებიც დაურთო.
აქტივისტმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა, - თუმცა მას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე მიუღია.
საქართველოს პროკურატურა მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით იძიებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
ასევე ნახეთ
„რამდენიმე ადგილას მიკბინა“ - დაიკითხა მანდატური, რომელმაც ალეკო ელისაშვილი დააკავა„76 დღის შემდეგ გაახსენდათ“
„ჩემს დალურჯებულ სხეულზე ექსპერტიზა ჩატარდა, ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 333 მუხლის მესამე ნაწილით მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და თაროზე შემოდო.
მათი შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, რომელიც საერთოდ არ აქვთ, 76 დღის შემდეგ გაახსენდათ! თურმე, შეურაცხყოფასაც ჰქონია ინკუბაციის პერიოდი, ჯერ უნდა დაძველდეს, მერე სამართლებრივ ძალას იძენს“, - ამბობს აქტივისტი.
ადმინისტრაციული სამართალწარმოების დეტალების გასარკვევად რადიო თავისუფლება შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ამბის გამოქვეყნების დროისთვის არ მიუღია.
სასამართლო პროცესი 26 ოქტომბერს დაინიშნა.
საქმეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძე განიხილავს.