2025 წლის 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმეზე ოთხ მსჯავრდადებულს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. მათგან ორი პოლიტიკოსია - აქციის ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე; ორი კი აქციის მონაწილეა - ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია. ამის შესახებ ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოში დღეს, 13 ოქტომბერს, მიმდინარე სხდომაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობები და იმ პატიმრების საქმეები, რომლებიც საპროცესო შეთანხმებას აფორმებენ, ცალკე გამოყო. საპროცესო შეთანხმება ცალკე სხდომაზე გაფორმდება. მხარეები თანხმდებიან, რომ ეს ფორმალური ნაწილია.
ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი - 5-5 წლით.
- მურთაზ ზოდელავა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ყოფილი პარლამენტარი და ყოფილი გენერალური პროკურორი;
- ლაშა ბერიძე კი თადარიგის პოლკოვნიკია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე.
საპროცესო შეთანხმების პირობაა ერთი წელი და ერთი თვე რეალური მსჯავრი, ორი წელი კი - პირობითი.
პროკურორ ვაჟა თოდუას განმარტებით, მსჯავრდადებულები ციხეს 2026 წლის 5 ნოემბერს დატოვებენ.
“მსჯავრდებულებმა აღიარეს დანაშაული, მოინანიეს, მოგვმართეს განცხადებით შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და ბრალდების მხარემ დააკმაყოფილა მათი მომართვა”, - განაცხადა ვაჟა თოდუამ.
სააპელაციო სასამართლოსთან მედიასთან კომენტარი გააკეთა მურთაზ ზოდელავას ცოლმა მაია მუმლაძემ.
მაია მუმლაძე, მურთაზ ზოდელავას მეუღლე
"როგორც ოჯახის წევრს, მიხარია ეს გადაწყვეტილება, მიმაჩნია, რომ ყველა პატიმარმა უნდა დატოვოს ციხე და თუ დღევანდელი დღე ვინმესთვის გახდება გზა და შესაძლებლობა, ბედნიერი ვიქნები… მურთაზის გადაწყვეტილებებზე და პოზიციებზე თავად მურთაზი გააკეთებს განცხადებებს, როცა დატოვებს ციხეს…სხვა ორგანიზატორებმა იცოდნენ, რომ საპროცესოს აფორმებდა… ეს საპროცესო გაფორმდა საყოველთაო შეთავაზების ფარგლებში, რომელიც ტელევიზიით მოვისმინეთ”.
სანამ აქციის მონაწილეები ციხეში სხედან, მანამდე აქციის ორგანიზატორების მხრიდან საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა მართებულად არ მიაჩნია პაატა ბურჭულაძის ვაჟს, შუქრი ბურჭულაძეს. როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს, პარადოქსია, აქციის ორგანიზატორი აღიარებდეს ბრალდებას და სხვები ციხეში იყვნენ და არ აღიარებდნენ.
შუქრი ბურჭულაძე, პაატა ბურჭულაძის ვაჟი
"ჩემი აზრი არის რომ, წარმოიდგინეთ თქვენ დააორგანიზოთ [აქცია] და პოლიციამ არაკანონიერად დააკავოს ხალხი, ხომ იქნებით ამ ხალხზე პასუხისმგებელი? კარგი არის თუ არა, სანამ სხედან ციხეში აქციის მონაწილეები, ორგანიზატორების მიერ საპროცესოს გაფორმება?.. აღიარებენ და ამ დროს ციხეში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არ გაუკეთებიათ”, - ამბობს შუქი ბურჭულაძე.
ვინ არ აპირებს საპროცესოს შეთანხმების მოთხოვნას
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სხვა პოლიტიკოსები: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე არ აპირებენ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართონ.
საოპერო მომღერალი, რომელიც, სხვებთან ერთად, უკვე ერთი წელია საპატიმროშია, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ ითხოვს და გისოსებს მიღმა დარჩენას ამჯობინებს.
მას არასდროს უარუყვია, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი იყო.
საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერთან, პაატა მანჯგალაძესთან და “ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი ნადირაძესთან.
ბოლოს გამოქვეყნებულ წერილში პაატა მანჯგალაძე წერს, რომ “სამშობლოს სიყვარულს ვერ მოინანიებს”.
“რეჟიმთან საპროცესო შეთანხმებას და შეწყალების თხოვნას არც კი განვიხილავ”, - ასეთია ირაკლი ნადირაძის პოზიცია.
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე მსჯავრდადებული არიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში - 225-ე მუხლის პირველი ნაწილით; სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებასა ან ბლოკირებაში, ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; და ასევე, ბრალდებებს შორის არის “მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ” - 317-ე მუხლი. მისჯილი აქვთ 7-7 წელი.
- პაატა მანჯგალაძე მსჯავრდადებულია სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. მანჯგალაძის ორგანიზატორობას საორგანიზაციო ჯგუფი უარყოფდა. მისჯილი აქვს 7 წელი.
- ლაშა ბერიძე მსჯავრდადებულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებისთვის ან ბლოკირებისთვის - ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი. ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მისჯილი აქვს 7 წელი.
- ირაკლი ჩხვირკია მსჯავრდადებულია სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობისთვის, ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი და სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მისჯილი აქვს 5 წელი.
- გური ჟვანია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაშია მსჯავრდადებული - 225-ე მუხლის მეორე ნაწილი. მისჯილი აქვს 5 წელი.
პოლიტიკოსების ჩათვლით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს.
საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს 20-ზე მეტი დაკავებული.
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ასევე საპროცესოთი გათავისუფლდება - 12.
პატიმრობა მიუსაჯეს თხუთმეტს.
ჯერ საპროცესო გაუფორმეს, შემდეგ კი შეთავაზების გაუქმება და დაპატიმრება მოითხოვეს გიორგი კირვალიძის შემთხვევაში. მისი საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა.