არგენტინა ტრიბუნალის განკარგულებას ითხოვს ფოლკლენდის კუნძულებთან ბრიტანეთის მიერ ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ

საზღვაო დროშები და ემბლემები Globe Tavern-ის ჭერში. სტენლი, ფოლკლენდის კუნძულები.

არგენტინის მთავრობამ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ზღვის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა დროებითი ზომების მიღების მოთხოვნით, რათა შეჩერდეს ბრიტანეთის ნებართვით ნახშირწყალბადების - ნავთობისა და სხვა წიაღისეულის - მოპოვება ფოლკლენდის კუნძულების სიახლოვეს.

მთავრობის განცხადებით, მოთხოვნა მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს გაერთიანებულ სამეფოს ჩრდილოეთ ფოლკლენდის აუზის კონტინენტურ შელფზე ნახშირწყალბადის რესურსების ათვისებაში.

სასამართლოში შეტანილი სარჩელი „მიზნად ისახავს თავისი კონტინენტური შელფის მიმართ არგენტინის სუვერენული უფლებების დაცვას და დიდი ბრიტანეთის მიერ ცალმხრივად და უკანონოდ ნებადართული საქმიანობის აღკვეთას“, – განმარტავს არგენტინის მთავრობა.

არგენტინის ამ ნაბიჯს ბრიტანეთის პარლამენტში გამოეხმაურა უმა კუმარანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელმაც განაცხადა, რომ „ფოლკლენდის კუნძულებზე ლეგიტიმური კომერციული საქმიანობა კვლავაც კანონიერია და ბრიტანეთის მთავრობა მხარს უჭერს მათ, ვინც ამ საქმიანობას ეწევა“.

კუმარანმა დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი ჩაერთვება ტრიბუნალის პროცესში, თუმცა საქმის მსვლელობის შესახებ მუდმივი კომენტარების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.
„შეტყობინება არ წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოს ან ტრიბუნალის გადაწყვეტილებას. იგი არ აბათილებს ფოლკლენდის კუნძულების ხელისუფლების მიერ გაცემულ ლიცენზიებს, არ ცვლის კუნძულების მარეგულირებელ უფლებამოსილებას და არ მოითხოვს ნახშირწყალბადების დამუშავების კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას“, – თქვა კუმარანმა.

ბრიტანეთმა ასევე განაცხადა, რომ სამართლებრივ ზომებს მიმართავს ბიზნესის დასაცავად იმ ზეწოლისგან, რომელიც ახლავს არგენტინის შიდასახელმწიფოებრივი ზომების შესრულების მოთხოვნას.

არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის კიდევ უფრო გაიზარდა დაძაბულობა იმ ტერიტორიის გამო, რომელიც ბრიტანეთის კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მასზე სამხრეთ ამერიკის ქვეყანას აქვს პრეტენზია.

გასულ თვეში ხავიერ მილეის მთავრობამ წარმოადგინა კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს კუნძულების მიმდებარე წყლებში ნავთობის მომპოვებელი კომპანიების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას.

მთავრობის წინადადება გაამკაცრებს სანქციებს იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არგენტინული მხარის ნებართვის გარეშე მონაწილეობენ ფოლკლენდის კუნძულებსა და არგენტინის საზღვაო სივრცეებში არსებულ ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

ახალი კანონპროექტი, რომელსაც კონგრესმა ჯერ კიდევ უნდა დაუჭიროს მხარი, მიზნად ისახავს 2011 წლის კანონმდებლობის განახლებას უფრო მკაცრი ჩარჩოს საფუძველზე.

არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაბლო კვირნომ სოციალურ ქსელ X-ით განაცხადა, რომ ბოლო მოთხოვნა მიზნად ისახავს Sea Lion-ის პროექტით ნახშირწყალბადების მოპოვების დაწყების ან გაგრძელების აღკვეთას.

ნავთობკომპანიებმა Navitas Petroleum-მა და Rockhopper Exploration-მა, რომლებიც ფოლკლენდის კუნძულების ჩრდილოეთით მდებარე Sea Lion-ის შელფური პროექტის მფლობელები არიან, ადრე განაცხადეს, რომ ისინი არ მოელიან, რომ არგენტინის მოქმედებები ხელს შეუშლის განვითარების პროცესს.

ასევე ნახეთ

არგენტინის პრეზიდენტმა წარადგინა კანონპროექტი ფოლკლენდის კუნძულებზე საქმიანობისთვის სანქციების გასამკაცრებლად

ფოლკლენდის (არგენტინაში „მალვინის“) კუნძულების გამო ორმა სახელმწიფომ 1982 წელს ხანმოკლე ომი გამართა და ის ბრიტანეთის გამარჯვებით დასრულდა, რამაც განამტკიცა კუნძულების სტატუს კვო.

კუნძულებზე განთავსებულია ბრიტანეთის ორი სამხედრო ბაზა: სამხედრო-საჰაერო ბაზა „მაუნტ-პლეზანტი“ და სამხედრო-საზღვაო ბაზა „მარ-ჰარბორი“ გაერთიანებული სამეფოს მუდმივი სამხედრო კონტინგენტით. გარდა ამისა, არქიპელაგზე არსებობს ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შემდგარი გასამხედროებული სახალხო ლაშქრობის დანაყოფი - Falkland Islands Defence Force.

დიდი ბრიტანეთისა და არგენტინის კონფლიქტის ისტორიული ფესვები

დავა ფოლკლენდის (არგენტინულ ტრადიციაში – მალვინის) კუნძულების გამო თითქმის ორი საუკუნეა გრძელდება. იგი შეიძლება სამ საკვანძო ეტაპად დაიყოს:

კოლონიური პერიოდი და მიტაცება (XVIII–XIX სს.)

კუნძულებს სხვადასხვა დროს ითვისებდნენ საფრანგეთი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არგენტინამ, როგორც ესპანეთის გვირგვინის სამართალმემკვიდრემ, 1820 წელს არქიპელაგზე თავისი უფლებების შესახებ განაცხადა და იქ დასახლება დააარსა. თუმცა 1833 წელს დიდმა ბრიტანეთმა ძალის გამოყენებით დაამყარა კონტროლი კუნძულებზე და გააძევა არგენტინული ადმინისტრაცია. მას შემდეგ ლონდონი არქიპელაგს თავის „ზღვისიქითა ტერიტორიად” მიიჩნევს.

ფოლკლენდის კუნძულები

ფოლკლენდის ომი (1982 წელი)

1982 წლის აპრილში არგენტინის სამხედრო ხუნტამ ლეოპოლდო გალტიერის ხელმძღვანელობით, ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანის მცდელობით, კუნძულებზე სამხედრო დესანტი გადასხა, რასაც დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მარგარეტ ტეტჩერმა, მკაცრად უპასუხა და სამხრეთ ამერიკის ნაპირებისკენ ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ძლიერი დაჯგუფება გააგზავნა. ფოლკლენდის ომი 74 დღეს გაგრძელდა და არგენტინის სრული მარცხით დასრულდა. კონფლიქტმა დაახლოებით 650 არგენტინელი და 255 ბრიტანელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა. მარცხმა ბუენოს-აირესში სამხედრო დიქტატურის დაცემა გამოიწვია, ხოლო კუნძულებზე სტატუს-კვო განმტკიცდა.

2013 წლის რეფერენდუმი

მკვიდრი ფოლკლენდელები საკუთარ თავს უფრო ხშირად უბრალოდ „კუნძულელებს“ უწოდებენ, თუმცა საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, მათ მყარად შერჩათ მეტსახელი „კელპერსი“ (ინგლისური kelp-იდან — ასე ჰქვია გიგანტურ ყავისფერ წყალმცენარეებს, რომლებიც უზარმაზარი რაოდენობით იზრდება არქიპელაგის ირგვლივ სანაპირო წყლებში). თავდაპირველად მეტსახელი დამცინავად ითვლებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ფოლკლენდელები მის, როგორც საკუთარი უნიკალური კუნძულოვანი იდენტობის სიმბოლოს, მიმართ სიამაყით განეწყვნენ.

სოციოკულტურულად ფოლკლენდელთა აბსოლუტური უმრავლესობა ბრიტანელია - თუმცა დღესდღეობით კუნძულებზე ცხოვრობს სხვა ეროვნებების მრავალი წარმომადგენელიც, ფილიპინელებიდან დაწყებული, ჩილელებით დამთავრებული.

არქიპელაგის დედაქალაქი პორტ-სტენლი დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსის შენარჩუნების შესახებ რეფერენდუმზე კენჭისყრის დროს. 2013 წლის 10 მარტი

2013 წელს არქიპელაგზე საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით ჩატარდა საგანგებო რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩეველთა 99,8 პროცენტმა ხმა მისცა დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსის შენარჩუნებას. თუმცა არგენტინამ კენჭისყრის შედეგები არ ცნო და ეს იმით ახსნა, რომ კუნძულების მოსახლეობა ბრიტანელების მიერ იყო „ჩასახლებული“ 1833 წლის შემდეგ.

კუნძულებზე განთავსებულია ბრიტანეთის ორი სამხედრო ბაზა: სამხედრო-საჰაერო ბაზა „მაუნტ-პლეზანტი“ და სამხედრო-საზღვაო ბაზა „მარ-ჰარბორი“ - გაერთიანებული სამეფოს მუდმივი სამხედრო კონტინგენტით. გარდა ამისა, არქიპელაგზე არსებობს ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შემდგარი გასამხედროებული სახალხო ლაშქრობის დანაყოფი - Falkland Islands Defence Force.