„ამერიკის მიმართ რუსეთის ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა ჯერ არ ყოფილა“ - ზელენსკი

ენერგოობიექტების გარდა, კიევში სარაკეტო დარტყმა იყო საცხოვრებელ კორპუსზეც.

უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, რომელიც 13 ოქტომბრის ღამიდან მიმდინარეობდა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ეს იყო აბსოლუტურად შეგნებული და საჩვენებელი დარტყმა“.

14 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „ამერიკის მიმართ რუსეთის ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა ჯერ არ ყოფილა“.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“. ორი დღით ადრე, 9 ოქტომბერს ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ აშშ-ში რუსული დიზელის საწვავის იმპორტის განახლებაზე.
  • უკრაინისგან განსხვავებით რუსეთს ამ დრომდე არ უთქვამს, რომ „ენერგეტიკულ ზავზე“ თანახმაა.

ასევე ნახეთ

რუსეთმა ენერგოობიექტებს დაარტყა კიევსა და კიევის ოლქში

ზელენსკი ტრამპისგან ითხოვს მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის და ხარკოვის ოლქებში ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით დაარტყეს ელექტროსადგურებსა და თბოელექტროცენტრალებს.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსებმა 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დრონი გამოიყენეს, ბალისტიკური დარტყმის სამიზნე იყო ენერგეტიკა, რომლის „მიმართაც ამერიკის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა განსაზღვრა“ და ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს სულ მცირე 600 ათასი ადამიანი.

ზელენსკის შეფასებით, რუსეთი არ მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები „ძლიერია“.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, „რუსეთმა ხელიდან გაუშვა დეესკალაციის შესაძლებლობა და მკაფიოდ აირჩია გამანადგურებელი გიჟური ომის გაგრძელება“, ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს სთხოვენ რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციების ამოქმედებას. უკრაინა კვლავ ითხოვს დამატებით რაკეტებსაც „პეტრიოტის“ სისტემებისთვის.

ასევე ნახეთ

ლავროვი ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგოზავისა და ზელენსკის პასუხად: ვაგრძელებთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას

14 ოქტომბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, გასული ღამიდან კიევში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს ორ თბოელექტროცენტრალს, კიევის ოლქში - თბოელექტროსადგურს, ელექტროქვესადგურს და თბოელექტროცენტრალს, ქალაქ ხარკოვში - თბოელექტროცენტრალს და ხარკოვის ოლქში - თბოელექტროსადგურს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ამ ობიექტებს უკრაინა იყენებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და შეიარაღებული ძალების ობიექტების მომარაგებისთვის.

რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს მსხვერპლზე სამოქალაქო მოსახლეობაში და მისთვის მიყენებულ ზიანზე.

კიევის პოლიციის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის ღამიდან დედაქალაქში დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე და 36 დაშავდა. ენერგოობიექტების გარდა სარაკეტო დარტყმა იყო ცხრასართულიან სახლზე.

ასევე ნახეთ

სენატორებმა ტრამპს მიმართეს, გააუქმოს პუტინთან მიღწეული „დიზელის შეთანხმება"