რუსთავის N6 საპატიმროს საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დეესკალაციის ოთახში პატიმარ გიორგი დავითაძის შემოწმებაში მონაწილეობდა, ხოლო თავად დავითაძის განმარტებით, მონაწილე იყო მისდამი განხორციელებული სექსუალური ძალადობისა, სისტემაში აღარ მუშაობს.
თავდაპირველად "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბადრაგი გიორგი ვარაბიოვი საპატიმროში აღარ მუშაობს, რადიო თავისუფლებასთან პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა.
უწყების ცნობით, ის "თავისი სურვილით წავიდა სისტემიდან რამდენიმე თვის წინ". პენიტენციურ სამსახურში არ პასუხობენ შეკითხვას, უკავშირდება თუ არა ეს რაიმენაირად გიორგი დავითაძის საქმეს.
განახლება:
შეკითხვის პასუხად, რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა ვარაბიოვი პენიტენციურ დაწესებულებაში, რადიო თავისუფლებას უწყებიდან აცნობეს, რომ ის "28/10/22 დაინიშნა მე-8 დაწესებულებაში ინსპექტორ კონტროლიორად. 16/11/22 წავიდა მე-8 დაწესებულებიდან პირადი პატაკით. 07/06/23 დაინიშნა მე-6 დაწესებულებაში ინსპექტორ კონტროლიორად 25/03/26 წავიდა მე-6 დაწესებულებიდან პირადი პატაკით".
გიორგი ვარაბიოვი საბადრაგო სამსახურის ის ერთადერთი თანამშრომელი იყო, რომელსაც, როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სამედიცინო ხელთათმანები ეკეთა.
გიორგი დავითაძის საქმე
რუსთავის N6 საპატიმროში მყოფი პატიმარი და მისი ოჯახის წევრები ციხის თანამშრომლებს სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებენ. პატიმარმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დეესკალაციის ოთახში მოხდა მისი გაუპატიურება თითის გამოყენებით.
ასევე ნახეთ
პატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“10 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ დავითაძის ბრალდებებთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესში დარღვევები ვერ აღმოაჩინა და დაადგინა, რომ პატიმრის წინააღმდეგ „პირადი შემოწმების მიზნით“, გამოყენებულ იქნა „იძულების პროპორციული ზომა“. გამოძიება შეწყდა.
ასევე ნახეთ
პროკურატურა აცხადებს, რომ პატიმარ დავითაძის მიმართ დანაშაული ვერ დადგინდა და გამოძიება შეწყდაპატიმარ დავითაძის ოჯახი მის სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, კერძოდ, ლაითურის ციხეში გადაყვანას მოითხოვს. რადგან, მათი განცხადებით, N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მას საფრთხე ემუქრება.
როგორც გიორგი დავითაძის დედა ირმა დავითაძე ადვოკატ მარიკა არევაძეზე დაყრდნობით ამბობს, "ბადრაგები ყოველ 10-15 წუთის ინტერვალით უღებენ ე.წ. კარმუშკას (კარის სარკმელი, საიდანაც პატიმრებს საკვებს აწვდიან) და აგინებენ. ემუქრებიან ბავშვებით, რომ გააქრობენ, რის საპასუხოდაც გიორგიც აგინებს". პატიმრის დედის თქმით, "უწყობენ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ პროვოკაციას".
ადვოკატმა მარიკა არევაძემ გიორგი დავითაძის მონახულების შემდეგ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ "გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს".