თურქეთის ხელისუფლებამ ოპოზიციური Halk TV-ის მაუწყებლობა შეაჩერა და ახალი მმართველი დაუნიშნა

პოლიცია სტამბოლში, Halk TV-ის შენობასთან

თურქეთის ხელისუფლებამ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის, Halk TV-ის მაუწყებლობა შეაჩერა და კომპანიას დროებითი მმართველი დაუნიშნა.

14 ოქტომბერს სტამბოლში, Halk TV-ის შენობაში პოლიციელები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ტელეარხის ინფორმაციით, ტერორიზმსა და ორგანიზებულ და ეკონომიკურ დანაშაულთან მებრძოლი ქვედანაყოფის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს შენობაში შესვლა აუკრძალეს. ტელეკომპანიის დროებით მართვა „ანაბრების დაზღვევის ფონდს" დაევალა.

სტამბოლის პროკურატურის თანახმად, ჩხრეკა უკავშირდება Halk TV-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ჯაფერ მაჰიროღლუს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას. მას ადანაშაულებენ მექრთამეობაში, ფულის გათეთრებასა და ტენდერებთან დაკავშირებულ თაღლითობაში. გაცემულია 17 პირის დაკავების ორდერები.

„Halk TV თურქ ხალხს ეკუთვნის"

ჯაფერ მაჰიროლუმ, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, სოციალური ქსელებით გაავრცელა ვიდეომიმართვა, ბრალდებები უარყო და Halk TV-სთვის დროებითი მმართველის დანიშვნას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და „შავი დღე თურქეთისთვის“. მისი განცხადებით, „Halk TV თურქ ხალხს ეკუთვნის" და ხელისუფლებას მისი მიტაცების უფლება არ აქვს.

  • თურქეთში პოპულარული Halk TV ოპოზიციურ „რესპუბლიკურ სახალხო პარტიასთან“ დაახლოებულ მედიასაშუალებად ითვლება. ტელეარხი ხშირად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ერდოანს და მმართველ „სამართლიანობის და განვითარების პარტიას“.
  • 2026 წლის მაისში თურქეთის სასამართლომ „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელებს პარტიის მართვა აუკრძალა.
  • ერთი წლით ადრე, 2025 წლის მაისში კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს სტამბოლის მერი, თურქეთში პოპულარული პოლიტიკოსი ექრემ იმამოღლუ, რომელიც პარტიის კანდიდატი უნდა ყოფილიყო 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისმა დაკავებამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

Halk TV არ არის პირველი ოპოზიციური არხი, რომელზეც თურქეთის ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა. 2025 წლის ოქტომბერში „ანაბრების დაზღვევის ფონდი" დროებით მმართველად დაუნიშნეს ტელეარხ Tele1-საც. მანამდე არხის მთავარი რედაქტორი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ჟურნალისტთა პროფკავშირებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერდოანის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მცდელობაში დაადანაშაულეს.