ამის შესახებ თავდაპირველად გამოცემა „მედიაზონამ“ დაწერა, რომელმაც ინფორმაცია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს რეესტრში აღმოაჩინა.
რეესტრის თანახმად, გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისი გადაწყვეტილება 29 სექტემბერს მიიღო, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არ გამოუცხადებია.
რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციის“ მასალების სოციალურ ქსელებში გაზიარება ან მის ღონისძიებებში მონაწილეობა, მათ შორის საზღვარგარეთ, შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვისთვის სასჯელი შესაძლოა ორიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შესაძლებელია წინასწარი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გარეშეც.
Frame-მა საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, 14 ოქტომბერს, ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.
„ამ პოსტის გამოქვეყნების მომენტიდან, 2026 წლის 14 ოქტომბერს, Frame ლიკვიდაციას აცხადებს. სწორედ ახლა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი Frame-ის სახელით საქმიანობას წყვეტენ, თუმცა სხვა პროექტებსა და ინიციატივებში მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ. ამასთან, გაუქმდა საგანმანათლებლო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებები.
Frame-მა თავის აუდიტორიას სთხოვა, აღარ გააზიარონ ორგანიზაციის პუბლიკაციები, არ დატოვონ კომენტარები მის პოსტებზე და სოციალურ ქსელებში აღარ მონიშნონ ორგანიზაცია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის კანონმდებლობით პუბლიკაციების მოწონება და გვერდის გამოწერა დასჯადი არ არის, თუმცა ორგანიზაციას ესმის იმ ადამიანებისაც, რომლებიც უსაფრთხოების გამო ამგვარ აქტივობასაც შეწყვეტენ.
ასევე ნახეთ
„სამოქალაქო სიკვდილი“ რუსულად - როგორ ართმევს კრემლი ემიგრანტებს უფლებებსრა არის Frame?
საგანმანათლებლო სივრცე Frame თბილისში 2022 წლის მარტში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე გაიხსნა.
ის სანქტ-პეტერბურგიდან საქართველოში ჩამოსულმა არაფორმალური განათლების ამავე სახელწოდების პროექტის ავტორებმა დააფუძნეს.
სივრცეში რეგულარულად იმართებოდა ლექციები, სამაგიდო თამაშების საღამოები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც, მათ შორის, რუსეთიდან ემიგრირებულ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებდა.
Frame-ის პროექტებს შორის იყო საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლა და საზაფხულო კარვების ბანაკი „თავისუფლების ტერიტორია“.
2026 წლის თებერვალში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ როგორც თავად Frame, ისე მისი კოორდინატორი მაქსიმ ივანცოვი „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეიყვანა.
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებები საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებსა და აქ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს საკუთარი კანონმდებლობის საფუძველზე დევნის ან მათ საქმიანობას ზღუდავს.
მანამდე მოსკოვმა „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა ბათუმში მოქმედი რუსეთის მოქალაქეების დიასპორული გაერთიანება „რუსები ბათუმში“.
ასევე ნახეთ
გაერთიანება „რუსები ბათუმში“ მოსკოვმა „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადაორგანიზაცია 2022 წლის მარტში შეიქმნა. ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდა და ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ დევნილებს ეხმარებოდა.
გაერთიანების დამფუძნებელი ანასტასია ბუკოვსკი აცხადებდა, რომ რუსეთის სამართალდამცავი უწყებები ორგანიზაციას სულ მცირე 2023 წლიდან უთვალთვალებდნენ. მისი თქმით, ორგანიზაციასთან თანამშრომლობა საფრთხეს უქმნიდა იმ ადამიანებსაც, რომლებიც რუსეთში ჩასვლას გეგმავდნენ.
რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს საქართველოში მცხოვრები პოპულარული რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის ავტორი ნიკოლაი ლევშიციც. მას ბრალად ედება რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელება.
ლევშიცი მანამდე რუსეთმა „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა, მოგვიანებით კი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა.
ასევე ნახეთ
რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს საქართველოში მცხოვრები ბლოგერირუსეთში „არასასურველი ორგანიზაციების“ რეესტრში შეტანილია კორპორაცია „რადიო თავისუფლება“, ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორებიცაა სტენფორდის, იელისა და კალიფორნიის უნივერსიტეტები, ასევე არაერთი ჰუმანიტარული ორგანიზაცია. საერთო ჯამში, რეესტრში 200-ზე მეტი ორგანიზაციაა.