აშშ-ში თავშესაფრისთვის ყალბი „ქეისების“ საქმე: არგენტინამ საქართველოს ბრალდებული გადმოსცა

პროკურატურის მიერ გავრცელებული ფოტო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია გიორგი ხატიაშვილი, რომელსაც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი ისტორიებისა და დოკუმენტების დამზადებაში მონაწილეობა ედება ბრალად.

პროკურატურის განცხადებით, ხატიაშვილი სხვა ბრალდებულებთან ერთად ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ სქემას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს, ე.წ. ქეისებს, და შესაბამის დოკუმენტებს უმზადებდნენ.

გამოძიების ვერსიით, ჯგუფის წევრები მოქალაქეებისთვის იგონებდნენ ისტორიებს, თითქოს საქართველოში მათ პოლიტიკური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სამართალდამცავების მხრიდან დევნის გამო საფრთხე ემუქრებოდათ. ამ ისტორიების დასადასტურებლად კი ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ გამოავლინა 1000-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ჯგუფის წევრებმა 2023-2026 წლებში მომსახურება შესთავაზეს. უწყების ინფორმაციით, მათგან დაახლოებით 600 ათასი ლარი, 2,25 მილიონი დოლარი და 12 500 ევრო მიიღეს.

გიორგი ხატიაშვილს ბრალად ედება საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა, თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა-ორგანიზება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღება.

პროკურატურის განცხადებით, ამ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში სულ ცხრა პირია მიცემული. კიდევ ერთი ძებნილი ბრალდებული საქართველოში ექსტრადირებულია გერმანიიდან.

უწყება აცხადებს, რომ არგენტინიდან ექსტრადიცია პრეცედენტულია, რადგან ეს პირველი ასეთი შემთხვევაა ევროპისა და რეგიონის მიღმა ქვეყნებიდან. გამოძიებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და თბილისში აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახური.

ასევე ნახეთ

აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი ქართველებისთვის ყალბი სავიზო დოკუმენტების შექმნის საქმეზე ბრალდება კიდევ 4 ადამიანს წაუყენეს

რა არის ცნობილი საქმის შესახებ?

საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენის შესახებ პირველად 2026 წლის 2 ივნისს განაცხადა.

იმ დროს პროკურატურამ სამი პირი დააკავა, ხოლო ექვსის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, გამოვლენილი იყო 366 მოქალაქე, რომლებმაც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ჯგუფის წევრებს მიმართეს.

პროკურატურის მაშინდელი განცხადებით, ყალბი „ქეისის“ შედგენისთვის მოქალაქეებს 1000-1500 დოლარს, ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3000 დოლარს, ხოლო საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის დამატებით 6000-8000 დოლარს სთხოვდნენ.

მოგვიანებით, 14 ივლისს, პროკურატურამ მსგავსი სქემით მოქმედი კიდევ ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენისა და ოთხი პირის მიმართ ბრალის წარდგენის შესახებ განაცხადა.