„ამ ფულით საქათმესაც ვეღარ იყიდი“ - რას ამბობენ დევნილები 10000-ლარიან კომპენსაციაზე

დევნილთა საცხოვრებელი თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე

დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ან კომპენსაცია არ მიუღიათ, 19 ოქტომბრიდან შეუძლიათ ბინის ნაცვლად ფული მოითხოვონ - ოჯახის თითო წევრზე 10 000 ლარი. ეს შეთავაზება ნებაყოფლობითია და სახელმწიფოს წელს ამ მიზნით 58 მილიონი ლარის გაცემა შეუძლია.

დერეფანი წინამძღვრიშვილის ქუჩის ერთ-ერთი შენობიდან, სადაც დევნილები ცხოვრობენ.

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს 9-სართულიანი შენობის გრძელ დერეფანს სამთვლიანი ველოსიპედით მიუყვება 5-6 წლის ბიჭი. იქვე, ღია კარში, სკამზე ზის შუა ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ბიჭის ბებია. ქალს ჩვენთან ლაპარაკი არ უნდა. მხოლოდ იმას გვიდასტურებს, რომ აფხაზეთიდან დევნილია და ხელისუფლების შეთავაზების შესახებ იცის:

- კი, ვიცი, მერე? რა უნდა გითხრათ? მოვიფიქრებთ, რას გადავწყვეტთ, არ მინდა ამაზე თქვენთან საუბარი. ვინმე სხვა იპოვეთ.

მეზობელი კარიდან გამოსული ქალი გვეუბნება, რომ ამ შენობაში 200-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათ ნაწილს ოთახები, რომლებშიც 90-იანი წლებიდან შესახლდნენ, წინა ხელისუფლების დროს დაუმტკიცდა, ნაწილმა საკუთარი თანხით შეიძინა, ნაწილიც ქირით ცხოვრობს. ჟურნალისტთან ლაპარაკი არც მას არ უნდა.

შენობა წინამძღვრიშვილზე, სადაც 200-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

აფხაზეთიდან დევნილმა 64 წლის მზევინარ ქათალანძემ, ამ შენობაში 20 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 20 წლის წინ საკუთარი სახსრებით შეიძინა. 39 წლის ქმარი აფხაზეთში დაეღუპა: „ჩაცხრილეს, ცნობაც მაქვს, რომ ჩაცხრილეს, მოვძებნი და განახებთ“, - მეუბნება მზევინარი, რომელსაც დევნილის სტატუსთან ერთად, სოციალურად დაუცველის სტატუსიც აქვს და კომოდის უჯრებში გარდაცვალების ცნობას ეძებს.

დევნილებისთვის კომპენსაციის შეთავაზების შესახებ ცნობებს ტელევიზორში მოჰკრა თვალი.

მზევინარ ქათალნაძე, დევნილი აფხაზეთიდან

„მე რაკი შეძენილი მაქვს ფართი, მაინც შემიძლია მოვითხოვო? ამ კომპენსაციას თუ მოვითხოვ, სოციალურ დახმარებას ხომ არ მომიხსნიან? 10 ათას ლარს თუ მომცემენ, აივანს ამოვაშენებდი და იქ დავდგამდი გაზს. ახლა ღია ცის ქვეშ ვამზადებ საჭმელს. და სად შემიძლია დავწერო განცხადება?“ - მეკითხება მზევინარი.

ქალმა ცოტა ხნის წინ გადაიტანა ინსულტი, აქვს დიაბეტი, მარტო ცხოვრობს და მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარებაა:

„მარტოხელა ვარ. არც შვილი მყავს. დედა მყავდა და ისიც გარდაიცვალა. როცა დედა ცოცხალი იყო, მასთან ერთად ვწერდი განცხადებებს ბინით უზრუნველყოფაზე, მაგრამ დედა ისე გარდაიცვალა, სახელმწიფოსგან ბინას ვერ ვეღირსეთ და მერე ჩემი ფულით შევიძინე ეს ფართი. თუ მომცემენ კომპენსაციას, ავიღებ. მე სხვა არაფერი არასდროს მიმიღია მთავრობისგან, არც ბინა, არც კომპენსაცია“, - ამბობს მზევინარი.

მზევინარ ქათალნაძე ქმართან ერთად

კიდევ ერთ კარზე ვაკაკუნებ. კარს შუა ასაკის კაცი მიღებს: „მე კი ვიცი მაგ კომპენსაციის ამბავი, მაგრამ 10 000 ლარით რა უნდა იყიდოს ამ ხალხმა, იქნებ თქვენ იცით ეგ?“ - და ხურავს კარს.

შენობა წინამძღვრიშვილზე, სადაც დევნილები ცხოვრობენ

ვის, როგორ, სად და როდემდე შეუძლია განაცხადის შევსება?

  • განაცხადების ჩაბარება დევნილებს 2 ნოემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებში შეეძლებათ.
  • განაცხადის შევსებისას, ადგილზე უნდა იმყოფებოდეს დევნილის სტატუსის მქონე, ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი.
  • დოკუმენტაციას დევნილთა სააგენტო განაცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით განიხილავს. კომპენსაციასაც ამავე რიგითობით გასცემენ.
  • პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან აქამდე არც საცხოვრებელი არ მიუღიათ და არც შესაბამისი კომპენსაცია.
  • კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვთ იმ დევნილებსაც, რომლებმაც საცხოვრებელი საკუთარი სახსრებით შეიძინეს და ამჟამად ბინის პრობლემა აღარ აქვთ.

„ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც უკვე აქვს საკუთრებაში ბინა, მაგალითად, თავისით შეძენილი, ანუ ამჟამად საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და მიიღოს დაკმაყოფილება კომპენსაციის გზით“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.

მინისტრის ბრძანებით, თანხა განაცხადების მიღების დასრულებიდან 45 კალენდარულ დღეში უნდა გაიცეს.

თუ სააგენტო ოჯახს კომპენსაციაზე უარს ეტყვის, გადაწყვეტილების შესახებ მას წერილობით აცნობებენ.

სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში შეიძლება.

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ფულადი კომპენსაციის შეთავაზება?

„განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას დამატებით, სულ მცირე, 10 წელიწადი დასჭირდება...პროცესების დასაჩქარებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვირის დასაწყისში.

მთავრობა ირწმუნება, რომ ახალი პროგრამა არ ჩაანაცვლებს დევნილთა განსახლების მოქმედ პროექტებს. გაგრძელდება როგორც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, ისე „სოფლად სახლის“ პროგრამა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, დევნილ ოჯახებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ: ზოგიერთს სახელმწიფოსგან ბინის მიღების ლოდინი არ სურს, ზოგს კი სოფლად გადასვლა არ აწყობს. ახალი პროგრამა კი მათთვის კიდევ ერთი არჩევანი იქნება.

მისივე შეფასებით, ახალი კომპენსაციის საშუალო ოდენობა დაახლოებით შეესაბამება თანხას, რომელიც „სოფლად სახლის“ პროგრამით გამოიყოფა.

მცირე გამოკითხვა სოციალურ ქსელში

ფეისბუკჯგუფში „დევნილები დევნილებისთვის“, რომელიც 70 ათასამდე დევნილს აერთიანებს და დევნილთა უფლებების დაცვაზე, საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და მათ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე მუშაობს, რადიო თავისუფლებამ მცირე გამოკითხვა ჩაატარა.

კითხვას, თუ რას ფიქრობენ მთავრობის შეთავაზებაზე, საცხოვრებელი ბინის ნაცვლად ოჯახის თითოეული წევრისთვის 10 000 ლარის კომპენსაციაზე, ასობით გამოხმაურება მოჰყვა.

„დაცინვა“, „შეურაცხყოფა“, „სამარცხვინო თანხა“, „დევნილთა ღირსების შემლახველი ინიციატივა“, - წერდნენ კომენტარების ავტორები მთავრობის იდეაზე.

„თვითონ შეისყიდონ 10 000 ლარად საცხოვრებელი და პრეტენზია არავის ექნება“, „ათიათასად საქათმეს ვეღარ იყიდი“, „ეს კომპენსაცია კი არა, დაცინვაა ჩვეულებრივად“, „ამდენი წლის ლოდინის შემდეგ ეგ თანხა არის დევნილის მიწასთან გასწორება“.

განსაკუთრებით მწვავეა იმ ადამიანების რეაქცია, რომლებიც დღემდე ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობენ.

„მეუღლეს 7-ნახევარი ქულა ჰქონდა, თან ვეტერანი კაცი, არ მისცეს, ბინის ლოდინში გარდაიცვალა. მე 5-ნახევარი მაქვს. აზრი აქვს რამეს?“

კომენტარების ავტორები უკმაყოფილო ჩანდნენ ბინების განაწილების ქულების სისტემის გამოც: „რად უნდა ამას ქულები და რაღაც აპლიკაციები და მონიტორინგი?“, „თუ დევნილობის გამო მეკუთვნის კომპენსაცია, ბინა თუ სხვა, მომეცი, ნუ ეძებ ამ სტატუსის მიღმა სხვა მიზეზებს“.

არიან ისეთებიც, რომლებიც შიშობენ, რომ კომპენსაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ბინის მიღებას კიდევ ბევრი წელი ვერ შეძლებენ: „ვიცით, რომ ნებაყოფლობითია [კომპენსაციის მოთხოვნა], მაგრამ ამ თანხით რას ვიყიდით? არადა, ბინების მიღებას რომ დაველოდოთ, კიდევ მეორე ოცდაცამეტი წელი დასჭირდება“.

სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული კომპენსაციის მიხედვით, მაგალითად, დევნილ სამსულიან ოჯახს ჯამში 30 000 ლარის მიღება შეუძლია - თითოეულ წევრზე 10 000 ლარის ოდენობით. თუმცა თბილისში უძრავი ქონების საშუალო საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ეს თანხა მხოლოდ 8 კვადრატულ მეტრამდე საცხოვრებელი ფართის შესაძენად იქნება საკმარისი. „თიბისი კაპიტალის“ 2026 წლის აგვისტოს მონაცემებით, თბილისში ერთი კვადრატული მეტრი ბინის საშუალო ფასი 1 363 აშშ დოლარია.

„ამ შეთავაზებაში ახალი თითქმის არაფერია“ - რას ამბობს იურისტი

აფხაზეთიდან დევნილი ქალის ბინა

დევნილებისთვის ბინის ნაცვლად ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარის შეთავაზება არსებით სიახლედ არ მიაჩნია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტს, ლექსო მერებაშვილს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებზე.

მისი თქმით, დევნილ ოჯახებს ბინის მიღების ნაცვლად ფულადი კომპენსაციის არჩევა აქამდეც შეეძლოთ. თუკი ადრე თანხა ოჯახის წევრთა რაოდენობისა და მათთვის განკუთვნილი ბინის ფართობის მიხედვით ითვლებოდა, ახლა კომპენსაცია თითოეულ დევნილზე 10 000 ლარით დაიანგარიშება.

„მაგალითად, ერთოთახიანი ბინის სანაცვლოდ შეიძლებოდა 20-25 ათასი ლარი აეღოთ. უმრავლესობა უარს ამბობდა, იმიტომ, რომ ეს თანხა ბინების ფასებთან აბსოლუტურად შეუსაბამო იყო.

რაიმე ახალი ამ ინიციატივაში, ჩემი აზრით, არ არის. ეს წარმოაჩინეს, როგორც სიახლე. ადრე კომპენსაცია ბინის ფართობზე იყო მიბმული, ახლა კი ოჯახში დევნილების რაოდენობაზე. დიდად არაფერი შეცვლილა და ეჭვი მეპარება, ამ პროგრამით ბევრი ადამიანი დაინტერესდეს“.

იურისტის შეფასებით, ახალი შეთავაზება ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ძველ პირობებზე ნაკლებად ხელსაყრელიც იყოს. მაგალითად, თუ ერთწევრიან ოჯახს ადრე ერთოთახიანი ბინის სანაცვლოდ დაახლოებით 20 000 ლარის მიღება შეეძლო, ახალი წესით მას მხოლოდ 10 000 ლარი ერგება.

თანაც, ჯერ კიდევ გასარკვევია, რა კონკრეტული პირობებით გაიცემა კომპენსაცია და რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება მის მიღებას.

2017-2022 წლებში, ლექსო მერებაშვილი დაახლოებით 15 დევნილ ოჯახს დაეხმარა სასამართლოში უფლებების დაცვაში.

დავების ნაწილი ეხებოდა სახელმწიფოს უარს ბინის გადაცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ დევნილ ოჯახებს ბინების მისაღებად შესაბამისი ქულები ჰქონდათ მინიჭებული.

ზოგიერთ შემთხვევაში, სააგენტო ბინის გადაცემაზე უარს იმ მიზეზით ამბობდა, რომ დევნილს წარსულში საკუთრებაში მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება ჰქონდა რეგისტრირებული.

როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, სასამართლო დავების უმრავლესობა დევნილების სასარგებლოდ დასრულდა. თუმცა დავის მოგება ყოველთვის არ ნიშნავდა, რომ ოჯახი ბინას მაშინვე მიიღებდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხშირად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, სასამართლოში გამარჯვებული დევნილებიც შესაძლოა წლების განმავლობაში დარჩენილიყვნენ ბინის მოლოდინში“.

ლექსო მერებაშვილი იხსენებს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე საქმეს თავისი პრაქტიკიდან - ხანდაზმული დევნილი ქალის ისტორიას, რომელიც სახელმწიფოსგან საცხოვრებლის მიღებას სასამართლოს გზით ცდილობდა.

„ექვსი წელი გვაწვალეს, სასამართლოებში ვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ ეს პროცესი, გადაწყვეტილების აღსრულებას ვეღარ მოესწრო ეს ქალბატონი, გარდაიცვალა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროსგან შემოთავაზება გვქონდა, გარკვეულ თანხას გადაგიხდით და თქვენ თვითონ მოძებნეთ სახლიო. ბინის ძებნის პროცესში იყო ქალბატონი, როდესაც გარდაიცვალა“.

იურისტი ამბობს, რომ ბევრს აქვს განცდა, რომ პროცესი განზრახ ჭიანურდება, რათა სახელმწიფოს მათი დაკმაყოფილება აღარ მოუწიოს.

„ერთადერთი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ დაიწყოს ამ კორპუსების მშენებლობა და დროულად. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია ყველა დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილება“, - ამბობს იურისტი.

„მაინცდამაინც სხვის სახლში უნდა გარდაიცვალოს ადამიანი?“

„სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს და გადმომაგდეს აქ ემიგრანტად, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“, - გვეუბნება ნატა აბრამიშვილი. ის იტალიაში, ქალაქ ბარიში, მოხუცს უვლის.

საქართველოში დარჩა მისი 39 წლის მეუღლე, სოხუმიდან დევნილი - ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებითა და სახლის გარეშე. ის დროებით დის ოჯახმა შეიფარა.

ნატა წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კლინიკის კარდიოლოგიურ განყოფილებაში მუშაობდა. მეუღლეც სწორედ საავადმყოფოში გაიცნო.

დაქორწინების შემდეგ წყვილი თბილისში ქირით ცხოვრობდა. ორივე მუშაობდა, თუმცა ნატას მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. ახალგაზრდა კაცს გადატანილი აქვს გულის შუნტირების ოპერაცია, აქვს ქვემო კიდურების თრომბოზი და, ცოლის თქმით, ამის გამო სტაბილურად მუშაობა არ შეუძლია.

მეუღლის მკურნალობის ხარჯებისა და ქირის გადახდის შესაძლებლობის დაკარგვის შემდეგ წყვილს ნაქირავები საცხოვრებლის დატოვება მოუხდა. ახალგაზრდა კაცი დროებით დასთან გადავიდა, ნატა კი იტალიაში წავიდა.

დღესდღეობით, ოჯახი რუსთავში ბინის მიღების მსურველთა სიაშია, თუმცა მხოლოდ 3,5 ქულა აქვს. ნატას თქმით, მათთვის ცნობილი პირობებით, ბინის მისაღებად, მინიმუმ ხუთი ქულა იყო საჭირო.

ნატა აბრამიშვილი მთავრობის ახალ შეთავაზებასაც სკეპტიკურად უყურებს - ეს თანხა ბინის შესაძენად არ გვეყოფაო.

ნატა აბრამიშვილი

„მე არც ვაპირებ მაგ განაცხადის დაწერას. დავუშვათ, მეუღლემ აიღო 10 000. ამ 10 000 ლარით საქართველოში რა უნდა იყიდო? თბილისს რომ თავი დავანებოთ, გინდ ფოთში, გინდ ზუგდიდში, ვერსად ბინას ვერ იყიდი“.

ნატა ფიქრობს, რომ წლების განმავლობაში საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი ზოგიერთი დევნილი შესაძლოა კომპენსაციას დათანხმდეს მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან ბინის მიღების იმედი დაკარგული აქვს.

„ბევრი საწყალი ხალხი ადგება და იფიქრებს, ესენი სახლს არ მაძლევენ და მოდი, ფულზე მაინც დავთანხმდებიო... მე ჩემი სიმართლის არ მრცხვენია, იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი მაქვს. სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს და გადმომაგდეს აქ ემიგრანტად“...

„ამ შეთავაზებაში ღირსეული არაფერია“

„უღირსი, მორალისგან დაცლილი ინიციატივაა, რომელიც გულისხმობს დევნილების თავიდან მოშორებას“, - ასე აფასებს დევნილი ოჯახებისთვის ბინის სანაცვლოდ თითოეულ წევრზე 10 000 ლარის შეთავაზებას ორგანიზაციის, „დევნილები დევნილებისთვის“ დამფუძნებელი ირაკლი ტორუა.

მას მიაჩნია, რომ ამ შეთავაზების მთავარი პრობლემა მხოლოდ კომპენსაციის სიმცირე არ არის. მისი თქმით, სახელმწიფო ფულადი დახმარების არჩევანის წინაშე აყენებს ადამიანებს, რომლებმაც ბინის მოლოდინში 30 წელზე მეტი გაატარეს, არაერთხელ გაიარეს განაცხადების შევსებისა და შეფასების პროცედურები და საბოლოოდ საცხოვრებელი მაინც ვერ მიიღეს.

ირაკლი ტორუა

„ჩემი მესენჯერი გადავსებულია. ხალხი მწერს: რა გავაკეთოთ, რა ვქნათ? იქ ველოდით, ქულები არ გვეყო; აქ ველოდით, ქულები არ გვეყო; დავაგროვეთ ქულები და მერე გაგვინულეს, თავიდან მოგვიწია შევსებაო“.

ირაკლი ტორუა ფიქრობს, რომ სწორედ ამ უიმედობის გამო შეიძლება დევნილთა ნაწილი დათანხმდეს კომპენსაციას, მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებული თანხა არ ჰყოფნით.

„როდესაც ადამიანი სასოწარკვეთილია, ის ებღაუჭება ნებისმიერ გამოსავალს. სწორედ ამაზეა გათვლა...“

ირაკლი ტორუა თავადაც აფხაზეთიდან დევნილია. სოხუმის დაცემის დროს 15 წლის იყო. ოჯახთან ერთად ჯერ თბილისში ჩამოვიდა, შემდეგ დაახლოებით ერთი წელი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში გაატარა და ისევ დედაქალაქში დაბრუნდა.

უკვე 33 წელია თბილისში ცხოვრობს. მისი ოთხივე შვილიც აქ დაიბადა.

დევნილთა დიდი ნაწილი ათწლეულებია თბილისში ცხოვრობს, აქ მუშაობს, ზრდის შვილებს და ჩამოყალიბებული სოციალური გარემო აქვს. ამიტომ მათთვის სხვა ქალაქში საცხოვრებლის შეძენა, სადაც თანხა შესაძლოა შედარებით მეტ ფართს გასწვდეს, რეალური გამოსავალი ვერ იქნება.

რამდენმა დევნილმა ოჯახმა მიიღო სახელმწიფოსგან საცხოვრებელი?

მთავრობის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფომ საცხოვრებლით 45 ათასზე მეტი დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა.

„2012 წლამდე, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რაოდენობა იყო 19 000 და აქედანაც, ხშირ შემთხვევაში, მათ მიერვე დაკავებული ფართები დაუკანონეს. 2012 წლიდან ვითარება არსებითად შეიცვალა და შეიცვალა მხოლოდ დადებითისკენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ 13 ოქტომბერს.

ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარე სამშენებლო პროექტების დასრულების შემდეგ ახალი ბინები დამატებით დაახლოებით 2600-2700 დევნილ ოჯახს გადაეცემა. საცხოვრებელი კორპუსები შენდება თბილისში, ზუგდიდში, ბორჯომში, რუსთავსა და ქუთაისში.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, წელს ბინით დაახლოებით 1700 ოჯახი დაკმაყოფილდა. ამასთან, „სოფლად სახლის“ პროგრამით ბოლო რამდენიმე წელიწადში სახლი დაახლოებით 16 ათასმა ოჯახმა მიიღო და წელს კიდევ 2 000 ოჯახს მისცემენ.

როგორ ნაწილდება ბინები დევნილ ოჯახებზე?

დევნილთა საცხოვრებელი წინამძღვრიშვილზე

ბინებს ქულების სისტემით ანაწილებენ. სახელმწიფო აფასებს, რა პირობებში ცხოვრობს ოჯახი და რამდენად მწვავეა მისი სოციალური საჭიროებები. რაც უფრო მაღალია შეფასება, მით მეტი შანსი აქვს ოჯახს, ბინა მიიღოს.

ქულების მინიჭების წესი ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის ბრძანებით განისაზღვრა. მაგალითად, ოჯახს, რომელიც სხვის საკუთრებაში ქირით ან ქირის გარეშე ცხოვრობს, 1,5 ქულა ენიჭება. ითვალისწინებენ შენობის მდგომარეობასა და სხვა სოციალურ გარემოებებსაც.

განაცხადის შევსების შემდეგ, დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე ამოწმებენ საცხოვრებელ პირობებს. საბოლოოდ, სპეციალური კომისია წყვეტს, ვის მისცენ და ვის არა ბინა. მაგრამ იმასაც ითვალისწინებენ, რამდენი ბინაა გამოყოფილი.

განაცხადის შევსება, ქულების მიღება და საცხოვრებელი პირობების შემოწმება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ოჯახი ბინას აუცილებლად მიიღებს. ზოგიერთ დევნილს ამ პროცედურების გავლა არაერთხელ უწევს.

დევნილებისთვის გასაცემი ბინის ზომა ოჯახის წევრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. სტანდარტებით, ერთ ან ორწევრიან ოჯახს ერთოთახიანი ბინა ეკუთვნის, სამ ან ოთხწევრიანს - ოროთახიანი, ხუთ ან ექვსწევრიანს კი - სამოთახიანი. ბინის განაწილებისას ითვალისწინებენ ოჯახის წევრების ასაკსა და სქესსაც.

დევნილებისთვის ბინების განაწილებისას მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომელ ქალაქში სურთ საცხოვრებლის მიღება. ოჯახს შეუძლია განაცხადი კონკრეტულ ქალაქში გასანაწილებელ ბინებზე შეიტანოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, საცხოვრებელი სწორედ იქ გადასცეს.

ბინების განაწილება დამოკიდებულია იმაზე, რომელ ქალაქებში აქვს სახელმწიფოს თავისუფალი საცხოვრებელი ფართები, რამდენი ოჯახი ითხოვს მათ და რა ქულები აქვთ ამ ოჯახებს. საბოლოო გადაწყვეტილებას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია იღებს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სპეციალური განცხადებით ეხმაურება მთავრობის ინიციატივას და მიიჩნევს, რომ ამ შეთავაზებამ შესაძლოა დევნილების უსახლკარობის პრობლემა კი არ მოაგვაროს, არამედ გაამწვავოს.

კომპენსაციის მიღების შემდეგ, დევნილი ოჯახი კარგავს უფლებას, მომავალში სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინა მოითხოვოს. ეს ვალდებულება სახელმწიფოს მოეხსნება ოჯახის წევრების პირდაპირი დაღმავალი შტოს შთამომავლების მიმართაც.

პრობლემის მასშტაბის საჩვენებლად ორგანიზაციას 2025 წლის მონაცემები მოჰყავს. ამ დროისათვის, საქართველოში რეგისტრირებული 97 280 დევნილი ოჯახიდან 45 160 ჯერ კიდევ არ იყო უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით, ხოლო 385 ოჯახი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ 19 შენობაში ცხოვრობდა.

  • რანაირად განისაზღვრა 10 000 ლარი და რა მონაცემებით დასტურდება, რომ ეს თანხა საცხოვრებლის შესაძენად საკმარისია?
  • რა მოხდება, თუ დევნილი კომპენსაციას მიიღებს, მაგრამ საცხოვრებლის შეძენას ვერ შეძლებს?
  • რატომ არის ახალი პროგრამით კომპენსაცია ნაკლები, ვიდრე მცირე ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ პროგრამით გათვალისწინებული დახმარება?
  • რამდენი დევნილი ოჯახი ელოდება დღეს ბინას, მათ შორის რამდენია უკვე შეფასებული და როდის გეგმავს სახელმწიფო მათ სრულ განსახლებას?

რადიო თავისუფლება ჯანდაცვის სამინისტროსთან ცდილობს დააზუსტოს პასუხები ამ კითხვებზე.

ბოლო 16 წლის განმავლობაში, მძიმე საცხოვრებელი პირობებისა და სიდუხჭირის გამო პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა არაერთმა დევნილმა.

მათ შორის ერთ-ერთი უკანასკნელი იყო 44 წლის ზამირ კვეკვესკირი, რომელმაც 2025 წლის თებერვალში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოსთან თავი დაიწვა.

  • 2010 წელს დევნილთა სამინისტროს წინ თავი დაიწვა და გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია.
  • 2012 წელს თავის დაწვა სცადა ვახტანგ ჭანტურიამ, დევნილთა სამინისტროს შენობასთან.
  • 2014 წელს ფოთში თავის დაწვა სცადა დევნილმა ქალმა, დალი აბურჯანიამ.
  • 2022 წელს, დევნილი კაცი, ზურაბ ქირია, პროტესტის ნიშნად იმ ავარიული შენობიდან გადმოხტა, სადაც ცხოვრობდა და გარდაიცვალა.


ასევე ნახეთ

„იმ დღეს ბოლო იმედიც ამოეწურა“ - რამეს შეცვლის ზამირ კვეკვესკირის თვითდაწვა?