AFP: სტუდენტთა აქციების შემდეგ საფრანგეთში მაღალი ფასების საწინააღმდეგო დემონსტრაციები იგეგმება

სტუდენტების აქცია საფრანგეთში, 2026 წლის 4 ოქტომბერი

რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე სტუდენტთა აქციების შემდეგ, შაბათს საფრანგეთში იგეგმება კიდევ უფრო მასშტაბური დემონსტრაციები, რომლებიც გააპროტესტებს ცხოვრების ფასის ზრდას, მომავალ წელს დანიშნული საპრეზდიენტო არჩევნების ფონზე - იუწყება სააგენტო ფრანს-პრესი (AFP).

სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლებას გამოწვევას უქმნის ამ ორი მოძრაობის გაერთიანების პერსპექტივა, შესაძლოა ძალადობის თანხლებით. ამავე დროს, სააგენტოს ანალიზით, აქციები ხელსაყრელ ატმოსფეროს შექმნის ულტრამემარჯვენე და ასევე ულტრამემარცხენე პოლიტიკური ძალებისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში.

საფრანგეთში რვა წლის წინ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს აწყობდა "ყვითელი ჟილეტების" სახელით ცნობილი მოძრაობა. 17 ოქტომბრის დემონსტრაცია ამავე მოძრაობის მოწოდებით იგეგმება - მოძრაობა აქციებს "ყვითელთა და ახალგაზრდათა" დემონსტრაციებს უწოდებს და მილიონობით მოქალაქეს მასთან შეერთებისკენ მოუწოდებს.

სოციალური მედიით გავრცელებულ განცხადებაში მოძრაობა ამ მოწოდებით მიმართავს მასწავლებლებს, მუშებს, პენსიონერებს, ფერმერებს, ასევე სტუდენტებს.

"ჩვენი მოლოდინით, დემონსტრაციაზე ბევრი ხალხი იქნება" - უთხრა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნეზმა ტელეკომპანია France 2-ს.

AFP პოლიციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ხელისუფლების ვარაუდს - რომ ქუჩებში 200 000-მდე მოქალაქე გავა და აქედან 40 000-მდე პირი პარიზში მოიყრის თავს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ 16 ოქტომბერს გასცა საკრიზისო უჯრედის შექმნის ბრძანება, დემონსტრაციებზე რეალურ დროში დასაკვირვებლად. ხუთშაბათს მან შეტაკებების შესაძლებლობაზე ილაპარაკა, მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, სტუდენტურ გამოსვლებს "ურბანული ძალადობა" მოჰყვა.

ლეკორნიუ ცდილობს პარლამენტში გაიტანოს ბიუჯეტი შეკვეცილი ხარჯებით, ხოლო დემონსტრანტები მოითხოვენ ინფლაციისგან უფრო ძლიერ დაცვას და მეტ ხარჯებს საჯარო სიკეთეებზე, უწინარესად განათლებაზე.

საზოგადოების ნაწილში სიბრაზე გამოიწვია პოლიციის ქმედებებმა სტუდენტთა აქციებზე - ათასობით სტუდენტი დააპატიმრეს, რამდენიმე მოზარდი მძიმედ დაშავდა.

მზარდი საპროტესტი აქციები ემთხვევა მაკრონის პრეზიდენტობის ბოლო თვეებს - საფრანგეთის მოქალაქეები აპრილსა და მაისში მის შემცვლელს აირჩევენ.

აქციებს აქტიურად ეხმაურებიან ოპოზიციური პარტიები და მათი კანდიდატები.

ულრამემარცხენეთა ლიდერმა, ჟან-ლუკ მელანშონმა სტუდენტების დემონსტრაციებს მხარი დაუჭირა, ხუთშაბათს იგი პირადად შეუერთდა მათ მხარდასაჭერ აქციას.

ულტრამემარჯვენეთა ლიდერმა, მარინ ლე პენმა - რომელიც წინასწარ გამოკითხვებში ლიდერის პოზიციებზეა - მხარი დაუჭირა პოლიციას, რაც თანხვედრაში მოდის მისი პარტიის მესიჯებთან წესრიგის დაცვის მნიშვნელობაზე.

მაკრონმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ სტუდენტთა "ლეგიტიმურ" მოთხოვნებს "პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ" - ამბობს ხელისუფლების პრესმდივანი, მის სიტყვებს ავრცელებს AFP.

ასევე ნახეთ

საფრანგეთმა ირანის ელჩი გამოიძახა სკოლების პროტესტებთან დაკავშირებით „დეზინფორმაციული კამპანიის“ გამო