რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ ამოქმედება ტრამპმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი. ალასკა, 2025 წლის 15 აგვისტო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციებისა და სავაჭრო ტარიფების ამოქმედება შეაჩერა. შესაბამისი განკარგულება 16 ოქტომბერს თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია ე.წ. ჯოჯოხეთურ სანქციებზე, რომლებიც კონგრესმა გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახელობის კანონით დაამტკიცა.

დოკუმენტს ტრამპმა 18 სექტემბერს მოაწერა ხელი, ახალი შეზღუდვების ამოქმედების ვადა კი 18 ოქტომბერს იწურებოდა.

კანონი ითვალისწინებდა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 500%-იან ტარიფს, ასევე 100%-იან ტარიფებს იმ ქვეყნების პროდუქციაზე, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის ხუთ უმსხვილეს მყიდველს შორის არიან ან მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ყველაზე აქტიურად ეხმარებიან.

ასევე ნახეთ

ტრამპის პრესმდივანმა თანამდებობა დანიშვნიდან ხუთ დღეში დატოვა

თუმცა კანონმდებლობა პრეზიდენტს აძლევს უფლებას, შეზღუდვების ამოქმედება შეაჩეროს, თუ ამას აშშ-ის ეროვნული ინტერესები მოითხოვს.

„ამით ვაჩერებ გრემის კანონით გათვალისწინებული სანქციების, შეზღუდვებისა და ტარიფების გამოყენებას. კონგრესს წარვუდგინე დადასტურება, რომ ამ ეტაპზე ასეთი გამონაკლისის დაშვება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, - ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.

შეზღუდვების ამოქმედება განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა, ვიდრე პრეზიდენტი ან სახელმწიფო მდივანი, შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის შემდეგ, სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ამასთან, განკარგულება არ აუქმებს რუსეთის წინააღმდეგ მანამდე დაწესებულ სანქციებს.

9 ოქტომბერს ტრამპმა რუსული დიზელის ამერიკულ და საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების შესახებ შეთანხმება გამოაცხადა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი ოპერაციებისთვის ნებართვა გასცა, რომელიც 2027 წლის 7 აპრილამდე მოქმედებს.

ასევე ნახეთ

ზელენსკი მწვავედ აკრიტიკებს ტრამპის დიზელის შეთანხმებას და "პაროდიას" უწოდებს რუსეთის სამშვიდობო ნაბიჯებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს შეთანხმება რუსეთის ომში „ინვესტიციად“ შეაფასა და ვაშინგტონს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.