ერთი დღით ადრე, შაბათს, ცხოვრების დონის გაუარესების წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციები ქაოსში და ძალადობის შემთხვევებში გადაიზარდა.
AFP-ის კორესპონდენტების ცნობით, პარიზის რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა მოიყარა თავი, სოციალური მედიით გავრცელებული შესაბამისი მოწოდების საფუძველზე.
ტელევიზიით გადაიცა იმ უბანში ტანსაცმლის მაღაზიის დარბევის ამსახველი კადრები. იქვე ცეცხლი წაუკიდეს ველოსიპედებს. მაროდიორობის შემთხვევებზე კვირას იუწყებიან ქალაქ ლიონიდანაც.
რესპუბლიკის მოედანი დემონსტრაციებისთვის ჩვეული ადგილია, შაბათს იქ მასშტაბური აქცია იყო.
პარიზის პოლიცია აცხადებს, რომ ბოლო დემონსტრაცია ნებადართული არ იყო და პოლიციამ ჩაატარა "შემოწმებები", გაატარა უსაფრთხოების ზომები, "საჭიროების შემთხვევაში სწრაფად ჩარევისთვის".
შაბათს პარიზში 855-მდე პირი დააკავეს. რამდენიმე შენობას და მაღაზიას ხანძარი გაუჩნდა, იყო მწვავე შეტაკებები პოლიციელებსა და ნიღბიან დემონსტრანცებს შორის.
რესპუბლიკის მოედანზე კვირას ცრემლმდენი გაზი გაუშვეს ხალხის დასაშლელად - ეს ჩანს ტელევიზიით გადაცემულ კადრებში. მაგრამ დემონსტრანტები ადგილზე დაბრუნდნენ. AFP-ის ჟურნალისტები ატყობინებენ, რომ მათ ბოთლები და ქვები დაუშინეს სამართალდამცველებს, რომლებმაც პასუხად ცრემლმდენი გაზი და ხმის ჭურვები გამოიყენეს. დააკავეს რამდენიმე პირი.
საფრანგეთში აქციების პირველი ტალღა სექტემბერში იყო. მათი მთავარი მონაწილეები იყვნენ უფროსკლასელი მოსწავლეები, რომლებიც მოითხოვდნენ სასკოლო განათლების დონის და სახელმწიფო სკოლების დაფინანსების გაზრდას. მოსწავლეებს მხარი დაუჭირეს სტუდენტებმაც. შემდგომში უკმაყოფილების სპექტრი გაფართოვდა. აქციებს შუერთდნენ პროფესიული კავშირები, საზოგადოებრივი აქტივისტები, ულტრამემარცხნე პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლები, "ყვითელი ჟილეტები" და სხვა სამოქალაქო ჯგუფები.