რუბიოს თქმით, „ზუსტად არ იცის“, მიიღო თუ არა კიევმა რუსეთის ბალისტიკური დარტყმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება

მარკო რუბიო უზბეკეთში ვიზიტისას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „ზუსტად არ იცის“, რატომ ვერ მიიღო, სავარაუდოდ, კიევმა წინასწარი გაფრთხილება რუსეთის მიერ 19 ოქტომბრის ღამეს განხორციელებული ბალისტიკური დარტყმების შესახებ.

ამის შესახებ მან უზბეკეთში ვიზიტის დროს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას ისაუბრა.

„ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა გასულ ღამეს. ვიცი, რომ რამდენიმე ღამის წინ იყო პრობლემა პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რომელიც ადრეული შეტყობინების მათ სისტემას შეეხება“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო სარდლობამ მოახსენა წინა ინციდენტის განხილვის შემდეგ.

კითხვაზე, აშფოთებს თუ არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს კიევში თავისი დიპლომატების უსაფრთხოება, რუბიომ განაცხადა, რომ უწყებას ამერიკელების უსაფრთხოება აშფოთებს "ყველგან მსოფლიოში".

„სანამ კიევში ჩვენი წარმომადგენლობა არ შეგვიცვლია, იქ ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვაღელვებს ჩვენი დიპლომატებისა და ობიექტების უსაფრთხოება“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.

მანამდე რადიო თავისუფლების წყაროებმა განაცხადეს, რომ კიევს 19 ოქტომბრის ღამეს რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღია. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

განახლება:

მოგვიანებით უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა, ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა კიევი 19 ოქტომბრის ღამეს განხორციელებული რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით მეორე თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა პირველი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

მისი თქმით, ბალისტიკური რაკეტებით ორი დარტყმა განხორციელდა: დაახლოებით 23:00 საათზე და ღამის 3 საათზე.

„ბალისტიკური რაკეტები „ისკანდერ-М“, ასევე С-400, სპეციალისტები დაადგენენ, კონკრეტულად რომელი ტიპის რაკეტა იყო გამოყენებული. გაფრთხილებას რაც შეეხება, ვითარება დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც წინა თავდასხმების დროს, როდესაც მასირებული დარტყმისას 39 რაკეტა გამოიყენეს. მაშინაც პარტნიორებისგან ინფორმაცია პირველზე არ მიგვიღია, თუმცა მეორეზე მივიღეთ“, - განაცხადა მან.

სპიკერის განცხადებით, უკრაინას ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციის საკუთარი წყაროებიც აქვს.

მისივე თქმით, უკრაინელი ექსპერტები პარტნიორებთან ერთად არკვევევს ვითარებას, ვინაიდან „მსგვსი შემთხვევა პირველად არ ხდება“.

ასევე ნახეთ

მსხვერპლია კიევში რუსეთის დარტყმების შედეგად

13 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 12 ოქტომბრის საღამოს თავდასხმის შესახებ პარტნიორებმა უკრაინა არ გააფრთხილეს კიევის მიმართულებით რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ.

მოგვიანებით უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განმარტა, რომ შეტევის ოთხი ტალღიდან პირველის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ.