საუბარია Black Sea Petroleum-ის მიერ ნავთობის შესყიდვაზე. კომპანია, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს, აცხადებს, რომ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ლიბიიდან და ყაზახეთიდან მიღებული ნედლეულით.
31 ივლისს Black Sea Petroleum-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, 3 ივლისს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიასთან ლიბიური ნავთობის მიწოდების ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე მოქმედებს და მისი გახანგრძლივების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
ლიბიური ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი ყულევში აგვისტოს ბოლოს შევიდა, მეორე კი სექტემბერში. კომპანიის ინფორმაციით, მესამე პარტიის მიღება ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება.
ასევე ნახეთ
Black Sea Petroleum: რუსული ნავთობი ყულევის ქარხანაში სრულად ჩავანაცვლეთნედლი ნავთობის იმპორტი თითქმის 370-ჯერ გაიზარდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის ღირებულებამ 427,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 370-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2025 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყანაში მხოლოდ 1,15 მლნ დოლარის ნედლი ნავთობი შემოვიდა.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტმა 269,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 643 353 ტონას შეადგენს.
ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა უკავშირდება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებას, რომელმაც ფუნქციონირება 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო. თავდაპირველად ქარხანაში ძირითადად რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობი გადამუშავდებოდა.
ასევე ნახეთ
სანქციები ყულევის ქარხანას „6 თვის შემდეგ“ - ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტირუსული ნავთობის ჩანაცვლება და ევროკავშირის სანქციები
2026 წლის 23 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც შეიყვანა.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ამოქმედება ექვსი თვით გადაიდო. სანქციების ამოქმედების თარიღად 2027 წლის 25 იანვარი განისაზღვრა. ევროკომისიამ განმარტა, რომ გარდამავალი პერიოდი ქარხანას რუსული ნავთობის სხვა წარმოშობის ნედლეულით ჩანაცვლების შესაძლებლობას აძლევს.
ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს ქარხანასთან დაკავშირებული ტრანზაქციების აკრძალვას. თუმცა, თუ კომპანია რუსული ნავთობის გადამუშავებას შეწყვეტს და ევროკავშირს შესაბამის მტკიცებულებებს წარუდგენს, შესაძლებელია სანქციების სიაში მისი ყოფნის საკითხის გადახედვა.
სანქციების პაკეტის მიღებამდე, 1 ივლისს, Black Sea Petroleum-მა განაცხადა, რომ აგვისტო-სექტემბრიდან მთლიანად არარუსული წარმოშობის ნავთობის გადამუშავებაზე გადასვლას გეგმავდა.
28 აგვისტოს კომპანიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ 23 აგვისტოდან რუსული ნედლი ნავთობი სრულად ჩაანაცვლეს. კომპანიის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორთვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც რუსულ ნედლეულთან ერთად ყაზახურ ნავთობსაც ამუშავებდნენ.
ასევე ნახეთ
Black Sea Petroleum-ი აცხადებს, რომ დაიწყებს სრულად არარუსული ნავთობის გადამუშავებასკომპანიაში მაშინ განაცხადეს, რომ ქარხანაში უკვე გადამუშავდებოდა ყაზახური ნავთობი და აგვისტოს ბოლომდე ლიბიური ნედლეულის პირველ პარტიას ელოდებოდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკომისიას მიაწოდეს მტკიცებულებები, რომლებიც, უწყების შეფასებით, ადასტურებდა, რომ ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეტანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
თბილისში იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირი ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტილებას გადახედავდა.
Black Sea Petroleum-ში აცხადებდნენ, რომ რუსული ნავთობის ჩანაცვლება მათ ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობასაც მისცემდა. კომპანიის განმარტებით, არარუსული წარმოშობის ნედლეულისგან წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროპულ ბაზარზე შესაძლებელი გახდებოდა.
ყულევის ქარხანა
მანამდე სანქციები ყულევის პორტსაც ემუქრებოდა
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანამდე, ევროკავშირში განიხილებოდა სანქციების დაწესება ყულევის ნავთობტერმინალის წინააღმდეგაც, რომლის ოპერატორიც აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR-ია.
ტერმინალის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში განიხილებოდა. მიზეზად რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში პორტის როლი და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების შესვლა სახელდებოდა.
თუმცა, ევროკავშირმა ყულევის ტერმინალის სანქცირებულთა სიაში შეყვანისგან თავი შეიკავა.
ამის შესახებ ცნობილი გახდა 2026 წლის მარტში, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილი.
5 მარტით დათარიღებული წერილის თანახმად, ევროკავშირმა თავდაპირველი პოზიცია მას შემდეგ გადახედა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა შესაბამისი ვალდებულებები აიღეს.
კერძოდ, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებდა, არ დაეშვა ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების საქართველოს პორტებში შესვლა ან მათთვის მომსახურების გაწევა.
თავის მხრივ, SOCAR-მა აიღო ვალდებულება, დაეცვა ევროკავშირის სანქციები, მათ შორის რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი და რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტებზე მოქმედი შეზღუდვები.
ასევე ნახეთ
ევროკავშირმა გადაწყვიტა, არ დააწესოს სანქციები საქართველოს ყულევის პორტის წინააღმდეგ - წერილითითქმის 13-ჯერ გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიც
ნედლი ნავთობის იმპორტის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიც.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 811,8 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 192,5%-ით, ანუ თითქმის 13-ჯერ მეტია.
ყულევის ქარხანა
2025 წლის პირველ ცხრა თვეში ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი მხოლოდ 62,8 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა საქართველოს მთლიან ექსპორტში მეორე ადგილი დაიკავა, 13,2%-იანი წილით. პირველ ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილებია, 1,53 მილიარდი დოლარით.
საქსტატის იმავე მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 731,5 მლნ დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წლის სექტემბერთან შედარებით 4%-ით მეტია. იმპორტმა 1,81 მლრდ დოლარს მიაღწია, ზრდამ 15,3% შეადგინა.
მთლიანობაში, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9,2%-ით გაიზარდა და 20,54 მლრდ დოლარს მიაღწია.
ასევე ნახეთ
თებერვალში საქართველომ ტოგოში ნავთობპროდუქტების გაყიდვა დაიწყო - ამით ქვეყანა საექსპორტო ათეულში მოხვდაყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2025 წლის შემოდგომაზე ამუშავდა. მისი მფლობელი კომპანიის, Black Sea Petroleum-ის დამფუძნებელია ბიზნესმენი მაკა ასათიანი.
პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“.
ასევე ნახეთ
გამოცემა "პროექტი": "ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამუშავებს ГРУ-სთან დაკავშირებული ოჯახი"ქარხანაში თავდაპირველად რუსული კომპანია „რუსნეფტის“ (Русснефть) მიერ მიწოდებული ნავთობი გადამუშავდებოდა. 2025 წლის 16 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა „რუსნეფტს“ სანქციები დაუწესა.
Black Sea Petroleum-ის გეგმებით, 2027 წლის პირველ კვარტალში ყულევის ქარხანაში საგზაო ბიტუმის წარმოება უნდა დაიწყოს, ხოლო მეორე კვარტალში, საავიაციო საწვავის.