"კლანი და ასეთი ტერმინები[...], ამას სასამართლო არ მიიღებს" - მოსამართლე ნადარაია ანა წითლიძეს

ანა წითლიძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიდან პირველმა ისარგებლა სიტყვის უფლებით - მოსამართლე რევაზ ნადარაიას, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობს, მან "სასამართლო კლანის" წარმომადგენელი უწოდა.

მოკლედ

  • საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი, 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობით დაიწყო.
  • ანა წითლიძეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", რომელმაც პირველმა დააყენა მოსამართლეთა სრული შემადგენლობის აცილების მოთხოვნა, სხდომის თავმჯდომარემ არაერთხელ მისცა შენიშვნა იმ ლექსიკის გამოყენებისთვის, რომლითაც ის მოსამართლეებს ახასიათებდა და დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.
  • "პოლიტიკური შეფასებები გააკეთეთ სხვაგან", - უთხრა მოსამართლე ნადარაიამ ანა წითლიძეს, რომელმაც საუბარი დაიწყო იმის აღნიშვნით, რომ ეს სხდომა არის "სამარცხვინო და ისტორიული".
"ძალიან გთხოვთ, ჩვენ ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო სხდომის დარბაზში და ვიყოთ ძალიან კორექტულები. ეს არ არის ის ადგილი, სადაც არაკორექტული საუბრის ფორმას ადგილი ექნება", - ეს იყო პირველი გაფრთხილება, რომელიც მოსამართლემ ანა წითლიძეს მისცა.

გაფრთხილება მოჰყვა ანა წითლიძის განცხადებას, რომელშიც მან "სამარცხვინო და ისტორიული" უწოდა ამ სხდომას.

- ჩვენ ჩვენი შეფასების უფლება გვაქვს, - უთხრა მოსამართლეს წითლიძემ.

- პოლიტიკური შეფასებები გააკეთეთ სხვაგან, აქ არის სასამართლო სხდომის დარბაზი, სადაც მოქმედებს თავის წესები, რეგლამენტი და კანონი. შეფასებებში თავისუფალი ხართ, ოღონდ სხვაგან, - მიუგო მას მოსამართლე ნადარაიამ.

პოლიტიკოსმა მოსამართლის შენიშვნა დაიმსახურა მაშინაც, როცა თქვა:

"[სასამართლოს] გადაწყვეტილება მიმართულია არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, არამედ არის კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ".

"მესმის, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ბრძანდებით, სასამართლო არ არის ის ადგილი, ამ ლექსიკით და ასეთი ფორმით ვისაუბროთ. თუ მოსამართლეების მიმართ გაქვთ აცილება, ეს თქვენი უფლებაა, თუ რამე არ მოგწონთ მოსამართლეთა მიმართ სამართლებრივ ჭრილში, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ ძალიან გთხოვთ და ეს თხოვნა ასე არ გაგრძელდება", - ასე გააფრთხილა სხდომის თავმჯდომარემ მეორედ წითლიძე.

რამდენიმე წუთში, პოლიტიკოსმა, რომელიც მოსამართლეთა სრული კოლეგიის აცილების მოთხოვნისას თითოეულ მათგანზე საკუთარ მოსაზრებას აცნობდა სასამართლოს, სხდომის თავმჯდომარეს მიმართა.

"რევაზ ნადარაია, წარმოადგენთ სასამართლო კლანს, შესაბამისად, თქვენ ვერ იქნებით ვერც თავისუფალი და ვერც სამართლიანი ამ გადაწყვეტილების მიღებაში".

"კლანი და ასეთი ტერმინები, გნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ, გნებავთ ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ, ასეთი შეურაცხმყოფელი ეპითეტები, თქვენ ბრძანდებით წარმომადგენელი და უნდა წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია სამართლებრივი დასაბუთებით და როცა ლაპარაკობთ ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ამას სასამართლო არ მიიღებს. უნდა გადავიდე გაფრთხილებაზე, მომიწევს დაგატოვებინოთ დარბაზი", - უთხრა მას მოსამართლემ.

მან სამოსამართლეო კარიერა წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს დაიწყო:

  • 2009-2010 წლებში - ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოშიც;
  • 2010-2016 წლებში - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე;
  • 2016 წლის თებერვლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  • 2016-2017 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე;
  • 2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • 2019 წლის ოქტომბრიდან აირჩა საპროკურორო საბჭოს წევრად;
  • 2017-2020 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  • 2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის 12 ივლისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • 2021 წლის 12 ივლისს აირჩიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ;
  • 2022 წლის 18 აპრილიდან 2024 წლის 11 აპრილამდე იყო სადისციპლინო პალატის წევრი, ხოლო 2023 წლის 5 ოქტომბრიდან 2024 წლის 11 აპრილამდე იყო სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე;
  • 2024 წლის 11 აპრილიდან 2024 წლის 12 ოქტომბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი და თავმჯდომარე;
  • 2024 წლის 12 ოქტომბერს აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;
  • 2025 წლის 3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 8 აპრილიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას;
  • 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

"ჩვენთვის ეს ფაქტობრივი გარემოებაა, მაგრამ თქვენთვის, გასაგებია..." - თქვა წითლიძემ. შემდეგ რამდენიმე წინადადებაში შეეცადა, სიტყვა კლანი სხვა ლექსიკური ერთეულებით ჩაენაცვლებინა.

თავის სიტყვაში მან "კლანის წევრად" დაასახელა მოსამართლე ევა გოცირიძეც.

"ქალბატონი ევა გოცირიძე, კლანური მმართველობის ჩამოყალიბებაში მას სასამართლოში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის. ის ჯერ კიდევ იუსტიციის საბჭოში მოღვაწეობის დროს იყო ამით დაკავებული, 2017 წლის ნოემბერში კი "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია და სხვათა შორის, ის იყო მოსამართლე, რომელიც პრობლემას ვერ ხედავდა "აგენტების კანონის" განხილვის დროს და ამბობდა, რომ ის აბსოლუტურ შესაბამისობაში იყო საქართველოს კონსტიტუციასთან", - თქვა წითლიძემ.

ანა წითლიძის მოთხოვნას მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შესახებ სრულად ან ნაწილობრივ იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც - ამ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, სამსჯელოდ საკონსტიტუციომ შესვენება გამოაცხადა.

ასევე ნახეთ

ვინ მონაწილეობს პროცესში, რომელზეც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე მსჯელობენ

სიტყვა "კლანი" ერთ-ერთია იმ "აკრძალულ სიტყვებს" შორის, რომელთა ჟურნალისტების მხრიდან თქმის გამოც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ჯარიმებს აკისრებს ტელევიზიებს.

ასევე ნახეთ

„აკრძალული 93 ფრაზა“ - კომუნიკაციების კომისია „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ პასუხობს

საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო - სხდომები დაგეგმილია მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც, 22 და 23 ოქტომბერს.

კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.

ასევე ნახეთ

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც 5 პარტიის აკრძალვას განიხილავენ