საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

კადრი ვიდეოდან: ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობას აყენებდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძე საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც დღეს დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა, მოითხოვდა "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას მოწმის სახით.

"ვინაიდან ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიმღები არის ერთი ადამიანი და ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს დაახლოება [რუსეთთან], ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, დაიკითხონ შემდეგი ადამიანები: პირველად - ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ მას ჰკითხა, რა გარემოებს დაადასტურებდა ბიძინა ივანიშვილი.

"სარჩელთან დაკავშირებით, რა გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრებს?" - იკითხა მოსამართლემ.

ხატია დეკანოიძის რეპლიკაზე "მაცალეთ", მოსამართლე ნადარაიამ უპასუხა, რომ "ვერ აცდიდა".

ხატია დეკანოიძემ განაგრძო, რომ მას აინტერესებს, "რა ელის საქართველოს, როდესაც ყველა პროდასავლური პარტიის აკრძალვას აპირებს ბიძინა ივანიშვილი" და ამიტომ სურს მისი მოწმის სახით გამოძახება. მისი განცხადებით, ჰქონდა სხვების გამოძახების შუამდგომლობაც.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ხატია დეკანოიძეს მიუთითა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაგრძელების შემთხვევაში, დეკანოიძეს სხდომას დაატოვებინებდა და უთხრა, რომ სიტყვას აწყვეტინებდა.

"გაფრთხილების შემდეგ, სასამართლოს აქვს უფლება, გააძევოს სხდომის დარბაზიდან, მათ შორის წარმომადგენელი", - თქვა ნადარაიამ.

ხატია დეკანოიძე: "რატომ, რუსეთზე რომ ვლაპარაკობ?"

რევაზ ნადარაია: "რა შუაშია, ნუ მანიპულირებთ ამ რუსეთით, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, ერთი წინადადებაც ვერ გავიგე სამართლებრივი დასაბუთება, რის გამო აპირებთ მოწმის სახით პიროვნების მოყვანას", - თქვა მოსამართლემ და განმარტა, რომ "არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ვინაიდან არ ემორჩილება სასამართლოს სხდომის განკარგულების მითითებებს, ის [ხატია დეკანოიძე] გაძევებულია სასამართლოს სხდომის დარბაზიდან".

ხატია დეკანოიძე შუამდგომლობის დასრულების ნებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მის გაძევებაში დახმარება მანდატურს სთხოვა და დეკანოიძეს უპასუხა, რომ "თუ შუამდგომლობის დაყენებაზე დარდობს, სხვა დააყენებს შუამდგომლობას" და დაამატა: "ნუ იქცევით ისე, როგორც არ უნდა იქცეოდეთ სასამართლო დარბაზში".

ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა სასამართლოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზაზა ბიბილაშვილმა და ანი წითლიძემაც დააყენეს, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

"ნაციონალური მოძრაობა", ივანიშვილის გარდა, ითხოვდა მინისტრების, გივი მიქანაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ზურაბ პატარაძის, დავით სონღულაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, გეკა გელაძის დაბარებას იმ მოტივით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს მუშაობდნენ სხვადასხვა პოსტზე.

დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა. სხდომები დაგეგმილია მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც, 22 და 23 ოქტომბერს.

კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.


ასევე ნახეთ

ვინ მონაწილეობს პროცესში, რომელზეც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე მსჯელობენ

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ასევე ნახეთ

"კლანი და ასეთი ტერმინები[...], ამას სასამართლო არ მიიღებს" - მოსამართლე ნადარაია ანა წითლიძეს