მოკლედ
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით ეხმაურება გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებას.
- ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის დაკავება მხოლოდ მისი ჟურნალისტური ნამუშევრების, სხვადასხვა მედიაში გაჟღერებული პოზიციებისა და სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული მოსაზრებების გამო საშიში პრეცედენტია და თუკი გამოძიებას აქვს მის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებებიც, ისინი უნდა გასაჯაროვდეს.
- დიტო ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში დააკავეს - მისი დაკავების შესახებ ცნობილი გახდა პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან.
"ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს", - წერს ქარტია.
მიმდინარე წლის დასაწყისში დიტო ჩუბინიძემ ჩაწერა ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“ და მსგავსი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ამ ინტერვიუში ის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა, პატიმრობაში მყოფ წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს კი, დადებითად წარმოაჩენდა.
პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით შეთანხმება მეზობელ სახელმწიფოსთან ამ დრომდე არ არის მიღწეული.
დიტო (ოფიციალურად დომენტი) ჩუბინიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება - მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით, პროკურატურა სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.