Google map-ს მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისკენ მივყავარ. სადღაც იქ უნდა იყოს კორპუსი, სადაც 33 წლის სუროგატი ქალი 4 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.
სახლს ადვილად მივაგენი. გულნარას ვურეკავ. სადარბაზოდან ჯერ მისი შვილი გამორბის, „დინოზავრის“ ჟაკეტი აცვია, ზურგსა და კაპიუშონზე მწვანე ქიმებით, უკან დედა მოსდევს:
„სახლში ყოფნა ჰბეზრდება და ერთი სული აქვს ხოლმე, გარეთ გაიქცეს“, - მეუბნება გულნარა და თან ბიჭს მისდევს - „მერე ჩამოგიყვან სათამაშოდ, გპირდები“.
მერვე სართულზე ფეხით ავდივართ: „ბოდიში, სააგენტომ აღარ დარიცხა ლიფტის ბარათის თანხა და ფეხით უნდა ავიდეთ. მე რა მიჭირს, ორსულად აღარ ვარ. ჩემთან ერთად რომ გოგო ცხოვრობს, ის დღე-დღეზე ელოდება ბავშვს და ძალიან უჭირს კიბეებზე სიარული“.
მათ ბინაში, იატაკზე გაშლილ სათამაშოებს ვუვლი გვერდს და ჩანთიდან დიქტოფონს ვიღებ.
4 წლის ბიჭის სათამაშოები
თავშესაფრიდან საქართველოში
გულნარა, ორი შვილის დედა, თბილისში, შუა აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან, 2026 წლის მარტში ჩამოვიდა.
სუროგაციის პროგრამაში მონაწილეობა საკუთარი შვილების სარჩენად გადაწყვიტა.
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ჯერ დედა გარდაეცვალა, 2022 წელს კი სახლში გაჩენილ ხანძარში მამა დაეღუპა. უსახლკაროდ დარჩენილმა ქალთა დახმარების ცენტრს შეაფარა თავი.
იქ თითქმის სამი წელი გაატარა. დახმარების ცენტრში დაიბადა მისი უმცროსი შვილიც.
იცოდა, რომ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა და 2025 წლის ზაფხულში გადაწყვიტა საკუთარ ქალაქში, სუროგაციის პროგრამაში ეცადა ბედი. პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა:
„ჩემს ქალაქში გაცნობილმა აგენტმა მირჩია საქართველოში წამოსვლა და მეც ბევრი აღარ მიფიქრია. უფროსი შვილი, 12 წლის გოგო, მამასთან დავტოვე, უმცროსი კი თან წამოვიყვანე.
თავიდან მეგონა, რომ ბავშვთან ერთად კიდევ უფრო გამიჭირდებოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ არა ჩემი შვილი და მისი გვერდით ყოფნა, ალბათ გავგიჟდებოდი. ახლა სწორედ მისი და ჩემი უფროსი შვილის გამო ვდგავარ ფეხზე, რომელიც ყოველ საღამოს მირეკავს და გველოდება, როდის დავბრუნდებით“, - მეუბნება გულნარა.
ნანობს, რომ თავიდანვე არ დაინტერესდა სუროგაცია-დონაციის სააგენტოს ჩინელი დამფუძნებლების კეთილსინდისიერებით, მათი ვინაობით. ნანობს, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღებით არ მოეკიდა კონტრაქტს, სადაც არაფერი წერია იმ სააგენტოს წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც ქალი პოტენციურ მშობლებს, ჩინეთის მოქალაქეებს დააკავშირა:
"ახლა ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ის შემიძლია ვუთხრა სუროგატ დედებს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე, ყველა დეტალი შეისწავლონ, იცოდნენ, რაზე აწერენ ხელს და იცოდნენ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან".
ჩინელი დამსაქმებლები გამოგონილი სახელებით
გულნარა არ არის ერთადერთი სუროგატი ქალი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სირთულეები შეექმნა.
რადიო თავისუფლება თითქმის ორი წელია წერს უცხოელი სუროგატი ქალების შესახებ, რომლებიც გვიყვებიან გადაუხდელ ჰონორარებზე, ჩამორთმეულ პასპორტებზე, მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებზე.
ასევე ნახეთ
"ბავშვებში იმდენი ფულია გადახდილი" - ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატები დახმარებას ითხოვენთუმცა, ამ ორი წლის განმავლობაში მოსმენილი ამბებიდან გულნარას მონათხრობი განსაკუთრებით მძიმეა იმის გამოც, რომ სავარაუდო დანაშაულების არაერთ ნიშანს შეიცავს.
თბილისში ჩამოსული გულნარა სუროგაციის პროგრამაში ჩინეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულმა შუამავალმა სააგენტომ დაასაქმა. ჩინეთიდან იყო ის წყვილიც, რომელთათვისაც გულნარას ბავშვი უნდა გაეჩინა - ქალს არასდროს უნახავს მშობლები. არ აქვს არც მათი საკონტაქტო ინფორმაცია.
მან არ იცის არც დამსაქმებელი სააგენტოს დამფუძნებლების ნამდვილი სახელები - ისინი სუროგატ დედას ტონისა და ჰელენის სახელებით გაეცნენ.
ხელშეკრულებაში, რომელიც სუროგატმა დედამ პოტენციურ მშობლებთან გააფორმა და რომლებიც ერთმანეთს სწორედ ჩინელმა შუამავლებმა დააკავშირეს, არსად ფიგურირებს არც სააგენტოს სახელი და არც სააგენტოს დამფუძნებლების ვინაობა.
ამ ხელშეკრულებაში მხოლოდ პოტენციური მშობლების, ჩინეთის მოქალაქეების ვინაობა წერია. ხელშეკრულებაშია მითითებული კვერცხუჯრედის დონორის ვინაობაც - ის 22 წლისაა, ქართველი.
საქართველოში რეგისტრირებული, სუროგაცია-დონაციის სააგენტოების წარმომადგენლები, რომლებსაც ჩინეთის მოქალაქეები ფლობენ (ასეთი სააგენტოების ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მათ რაოდენობა ათეულობითაა), როგორც წესი, სუროგატ ქალებს მეტსახელებით ეცნობიან. სუროგატმა ქალებმა თითქმის არასდროს იციან მათი რეალური სახელები - ჯო, სინტი, მაიკი, ჯული - ეს იმ ჩინელი დამსაქმებლების ე.წ. სახელებია, რომელთა შესახებაც რადიო თავისუფლება სხვა სტატიებში წერდა. ჩვენ მათი რეალური ვინაობის დადგენა მხოლოდ მას შემდეგ მოვახერხეთ, რაც გავარკვიეთ მათ მიერ, საქართველოში რეგისტრირებული სააგენტოების დასახელება და ინფორმაცია დამსაქმებლების შესახებ საჯარო რეესტრში გადავამოწმეთ.
გულნარას დამსაქმებლების რეალური ვინაობის დადგენა, ამ ეტაპზე, რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა. "ჰელენს" ტელეფონით დავუკავშირდით. გვითხრა, რომ მისი სააგენტოს სახელია „Moladi“. კომპანია ამ სახელით საჯარო რეესტრში არ იძებნება.
სანამ "ჰელენთან" შეხვედრის მცდელობაზე გიამბობთ, გულნარა მონათხრობს ვუბრუნდებით.
ბავშვის მოულოდნელი დიაგნოზი
ხელშეკრულების თანახმად, ორსულობის წარმატებით დასრულების შემდეგ, გულნარას 17 000 დოლარი უნდა მიეღო.
ქალი გვიყვება, რომ ორსულობა ყველანაირი გართულების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა, 26-ე კვირაზე, კლინიკა „იმედში“ დაგეგმილმა ექოსკოპიურმა გამოკვლევამ ყველაფერი შეცვალა - კვლევამ აჩვენა, რომ ნაყოფის გულის ერთ-ერთი პარკუჭი სათანადოდ არ იყო განვითარებული.
გულნარა დამატებითი კვლევებისთვის ბავშვთა კარდიოქირურგთან, კლინიკა „ჯო ენში“ გაგზავნეს.
„ვიდრე ექიმის პასუხს ველოდით, იმედი მქონდა, რომ პირველ გამოკვლევაზე შეცდომა დაუშვეს. ვფიქრობდი, იქნებ აპარატი არ იყო კარგი ან რაღაც სწორად ვერ დაინახეს-მეთქი. ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“.
კარდიოქირურგმა დიაგნოზი დაადასტურა. ეს ჩანს სამედიცინო დოკუმენტშიც. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა კლინიკა "ჯო ენის" მედიასთან ურთიერთობის სამსახურს და ექიმთან გასაუბრება ითხოვა. მათ გვითხრეს, რომ კითხვაზე პასუხს ოფიციალური წესით მოგვწერენ.
გულნარას მონათხრობის თანახმად, ექიმს ორსულობის შეწყვეტის რეკომენდაცია არ გაუცია. პირიქით, აუხსნა, რომ გამოსავალი დაბადების შემდეგ ქირურგიული ჩარევა გახდებოდა.
„შოკში ჩავვარდი. ვიჯექი და ვტიროდი, ვერ ვმშვიდდებოდი. ისედაც რთული ცხოვრება მაქვს და ეს ბავშვი ჩემი ერთადერთი იმედი იყო. არ ვიცი, ეს როგორ ვთქვა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მას ისე ველოდებოდი, როგორც, საკუთარ შვილებსაც კი არ დავლოდებივარ“.
დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, სააგენტოს წარმომადგენელმა გულნარას უთხრა, რომ ნაყოფის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოტენციურ მშობლებს უნდა მიეღოთ:
„რამდენიმე დღეში, ჩემთან სააგენტოს ოთხი წარმომადგენელი მოვიდა. მითხრეს, რომ მშობლებს ავადმყოფი ბავშვი აღარ უნდოდათ. მითხრეს, რომ ორსულობა უნდა შეწყვეტილიყო და წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ორსულობის მეშვიდე თვეში“.
ორსულობის შეწყვეტაზე კლინიკა „იმედში“ სუროგატი დედის დამსაქმებელ სააგენტოს უარი უთხრეს.
კლინიკა "იმედი", 19 ოქტომბერი, 2026 წელი
გულნარას მონათხრობს, რადიო თავისუფლებას უდასტურებს იმედის კლინიკის მეან-გინეკოლოგი, ექიმი, რომელიც გულნარას ორსულობის მიმდინარეობას თვეების განმავლობაში აკვირდებოდა:
„დიახ, ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს პაციენტი, გეგმურ კვლევებზე დადიოდა ჩემთან. ნაყოფს ნამდვილად დაუდგინდა გულის პათოლოგია, თუმცა, ამ ტიპის პათოლოგია ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ჩვენება არ არის.
26 კვირის ორსულს კი არა, 12-13 კვირის ორსულს არ ვუკეთებ აბორტს. 26 კვირის ცოცხალ ნაყოფს როგორ მოვკიდებდი ხელს, თან აბორტის ჩვენების გარეშე. ბავშვს გააჩენდა, რომელსაც გაუკეთდებოდა ოპერაცია და იცოცხლებდა“, - ეუბნება კლინიკა „იმედის“ მეან-გინეკოლოგი რადიო თავისუფლებას, რომელმაც მისი ვინაობის ანონიმურად დატოვება ისურვა:
„ჩვენ აქ ყველაფერს კანონის სრული დაცვით ვაკეთებთ, სუროგაცია მთავრობის მიერ დაშვებული პროგრამაა, ცხადია, არაფრის მეშინია, უბრალოდ, არ მსურს, რომ ჩემი ვინაობა გამოჩნდეს თქვენს სტატიაში“, - გვითხრა ექიმმა.
საქართველოს კანონმდებლობით, 22 კვირის შემდეგ ორსულობის შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული სამედიცინო საფუძვლით - როდესაც ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ან ნაყოფს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ანომალია აქვს. 26 კვირის ორსულობისას ნაყოფის გულის მანკის დიაგნოზი თავისთავად არ ნიშნავს, რომ ორსულობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არსებობს - გადამწყვეტია პათოლოგიის სიმძიმე და სამედიცინო პროგნოზი.
სასწრაფო გამგზავრება ჩინეთში
როგორც გულნარა გვიყვება, სააგენტოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ რაკი კლინიკა „იმედში“ ორსულობის შეწყვეტაზე უარი უთხრეს, ორსულობის შესაწყვეტად ის ჩინეთში უნდა გაეშვათ:
„არ მინდოდა აბორტის გაკეთება. მორწმუნე ადამიანი ვარ... მათ კი არჩევანის წინაშე დამაყენეს. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა - ორსული დავბრუნებულიყავი სახლში? ორი შვილი მყავს და მესამე ბავშვის პასუხისმგებლობა უნდა ამეღო? ფიქრის საშუალებაც კი არ მომეცა. ნაყოფის დიაგნოზი 23 სექტემბერს შევიტყვე და 29 სექტემბერს უკვე ჩინეთში გასაფრენი ბილეთი მეჭირა ხელში“, - ჰყვება გულნარა და მონათხრობის დასადასტურებლად ოთახიდან მის სახელზე გაფორმებული, თბილისი - ურუმჩი, ურუმჩი - თბილისის პირდაპირი რეისების ბილეთები გამოაქვს, რომლებიც 29 სექტემბრითა და 6 ოქტომბრითაა დათარიღებული - გაფრენა-ჩამოფრენის თარიღებით.
თვითმფრინავის ბილეთები, ფოტო გადაღებულია 19 ოქტომბერს, 2026 წელი
გულნარა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გაფრენამდე ის სააგენტოს თანამშრომლებმა მკაცრად გააფრთხილეს - ჩაეცვა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ორსულობას დაფარავდა და ტელეფონიდან წაეშალა ყველა ის მიმოწერა, რასაც შეიძლებოდა გაემჟღავნებინა, რომ სუროგატი იყო:
„მომცეს ფული და მითხრეს, ჩინეთში სუროგაცია აკრძალულია და საზღვარზე რომ გაგაჩერონ და აღმოაჩინონ, რომ სუროგატი ქალი ხარ, დაგიჭერენო. ბარგი ნაჩქარევად შევკარი. ჩემი შვილი კი, იძულებული გავხდი, სხვა სუროგატ ქალთან დამეტოვებინა. მიმოწერებს უკვე აეროპორტიდან ვშლიდი“, - ამბობს გულნარა და მაჩვენებს „ვოთსაპის“ ჯგუფის მიმოწერას, რომელშიც მასთან ერთად სააგენტოს დამფუძნებლები და კურატორები არიან გაწევრიანებულები. მიმოწერა 13 მარტიდან იწყება - სწორედ იმ დღიდან, როცა გულნარა საქართველოში ჩამოვიდა. ამის შემდეგ მიმოწერა წაშლილია და შემდეგი გზავნილი 29 სექტემბრით თარიღდება - თბილისის აეროპორტში გადაღებული ფოტო, იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილად თბილისი-ურუმჩის თვითმფრინავში ადის. ბოლო გზავნილი 6 ოქტომბრისაა - როცა გულნარა საქართველოში ბრუნდება.
მიმოწერის ქრონოლოგია "ვოთსაფში", ტელეფონის ეკრანის ფოტო გადაღებულია 19 ოქტომბერს
რა მოხდა ჩინეთში? - გულნარა ამბობს, რომ იქ ჩვილი მოკლეს
გულნარა გვიყვება, რომ ურუმჩის აეროპორტში (ეს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილია, სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონი), ტონის ნაცნობები დახვდნენ:
„ტონიმ გამაფრთხილა, რომ არც მათთვის მეთქვა, რომ სუროგატი ვიყავი. თუ მკითხავდნენ რამეს, უნდა მეთქვა, რომ ვიყავი მისი მეგობარი საქართველოდან, მინდოდა აბორტის გაკეთება, მაგრამ რაკი საქართველოში უარი მითხრეს აბორტზე, ის დამეხმარა მეგობრულად და ჩინეთში გამომიშვა“.
გულნარა იხსენებს, რომ გზას ურუმჩის აეროპორტიდან კლინიკამდე, სადაც მისი ორსულობა უნდა შეეწყვიტათ, დაახლოებით 3 საათი დასჭირდა მანქანით.
ფოტოზე, რომელიც გულნარამ კლინიკის ინტერიერში გადაიღო, აღბეჭდილია აბრა, რომელზეც წერია, რომ კლინიკა ქალაქ შიხეძიში (Shihezi) მდებარეობს და მისი სახელწოდებაა Shihezi Red Star Hospital:
„ერთადერთი ვიცი, რომ მანქანით თითქმის სამი საათი მივდიოდით. სხვა ქალაქში წავედით თუ ისევ ურუმჩიში ვიყავით, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ პირდაპირ კლინიკაში მიმიყვანეს, სადაც ჩამიტარდა გამოკვლევა და იქვე დამტოვეს“, - ეუბნება გულნარა რადიო თავისუფლებას.
გულნარას მიერ გადაღებული ფოტო კლინიკის ინტერიერიდან
ქალაქი შიხეძი ურუმჩიდან დაახლოებით 150 კილომეტრში მდებარეობს. რაც შეეხება თავად კლინიკას, ნაცნობ ჩინელ ჟურნალისტს მივმართეთ დასახმარებლად. რეესტრში გადამოწმების შედეგად მან გაარკვია, რომ ეს არის მცირე ზომის კერძო კლინიკა, რომლის პროფილიცაა გინეკოლოგია და რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ჩინელი კოლეგის თქმით, ეს არის მეორე დონის სამეანო-გინეკოლოგიური დაწესებულება, რაც ჩინეთის საავადმყოფოების კლასიფიკაციაში ნიშნავს საშუალო დონის სამედიცინო დაწესებულებას.
გულნარა ჰყვება, რომ ჩინეთში ჩასვლის შემდეგ, ექიმებთან ურთიერთობა ძირითადად WeChat-ის ავტომატური თარჯიმნისა და თანმხლები ქალის დახმარებით უწევდა.
„როდესაც დოკუმენტებზე ხელმოწერა გახდა საჭირო, პრაქტიკულად არაფერი მესმოდა. ექიმები რაღაცას უხსნიდნენ ჩემს თანმხლებ ქალს, მაგრამ მე ვერ ვიგებდი, რაზე საუბრობდნენ. ძალიან მეშინოდა“.
გულნარა ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალს მისთვის არ აუხსნია, კონკრეტულად როგორ უნდა შეეწყვიტათ ორსულობა.
„საერთოდ არაფერი აუხსნიათ. უბრალოდ მითხრეს, რომ დილით, ათ საათზე, მუცელში გამიკეთებდნენ ნემსს“.
ქალი იხსენებს, რომ ინიექციამდე გრძნობდა როგორ მოძრაობდა ბავშვი, ნემსის გაკეთების შემდეგ კი ნაყოფმა მოძრაობა თითქმის შეწყვიტა. ამიტომ იფიქრა, რომ ინიექციამ ნაყოფის გულისცემა შეაჩერა და მკვდარ ბავშვს გააჩენდა.
მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში, ექიმები პერიოდულად აკითხავდნენ და მის მდგომარეობას აკვირდებოდნენ. გვიან ღამით კი ძლიერი ტკივილები დაეწყო.
გულნარას თქმით, ის მშობიარობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ბლოკში არ გადაუყვანიათ.
„ბავშვი ცოცხალი დაიბადა, ტიროდა“
ქალი იხსენებს, რომ 2 ოქტომბერს, გამთენიისას, ტკივილი იმდენად გაძლიერდა, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდა. ის ამბობს, რომ ბავშვი ექიმისა და ბებიაქალის დახმარების გარეშე გააჩინა:
„ჯერ სანაყოფე წყლები დაიღვარა. თანმხლებ ქალს ვუთხარი, რომ ექიმისთვის დაეძახა, თუმცა, ბავშვი მათ მოსვლამდე დაიბადა“.
გულნარას მტკიცებით, ჩვილი ცოცხალი გაჩნდა:
„მაშინვე ტირილი დაიწყო. შოკში ვიყავი - ბავშვი ცოცხალი დაიბადა და ტიროდა. არავის უთქვამს, რომ შეიძლებოდა ცოცხალი გაჩენილიყო“.
გულნარას მონათხრობის ეს ნაწილი განსაკუთრებით მძიმე ბრალდებას შეიცავს. რადიო თავისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გადაამოწმოს ქალის მიერ აღწერილი გარემოებები და ის მხოლოდ სუროგატი ქალის მონათხრობს ეყრდნობა.
სუროგატი ქალი ამბობს, რომ პალატაში შესულმა ბებიაქალმა ახალშობილი გაგუდა:
„მთელი სხეული გამიშეშდა. მოძრაობაც კი არ შემეძლო. ხელით მანიშნებდნენ, არ შეხედო, არ შეხედოო. შემდეგ ბებიაქალმა ბავშვს ზემოდან პარკი გადააფარა და გაგუდა“.
გულნარას თქმით, ამის შემდეგ ჩვილი პარკში მოათავსეს და პალატიდან გაიყვანეს.
სუროგატი დედა ჰყვება, რომ კლინიკიდან მეორე დღეს გაწერეს. ამბობს, რომ ექიმებმა სამედიცინო დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით შეავსეს და მისთვის არანაირი დოკუმენტაცია არ გადაუციათ:
„არ ვიცი, შესაძლოა, სააგენტოს ჰქონდეს ეს დოკუმენტაცია. ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ ჩემთვის არაფერი გამოუტანებიათ და არც მე მქონდა თავი, რომ რაიმე მომეთხოვა“.
კლინიკიდან ქალი ისევ ურუმჩიში წაიყვანეს, სადაც სასტუმრო Starway Hotel-ში გაატარა ორი ღამე და 6 ოქტომბერს უკვე თბილისში დაბრუნდა.
სასტუმრო Srarway Hotel ჩინეთში, ფოტო გადაღებულია სუროგატი ქალის მიერ
საქართველოში დაბრუნების შემდეგ სააგენტოს წარმომადგენლებს რამდენჯერმე მისწერა და სამედიცინო დახმარება სთხოვა:
„აეროპორტში არავინ დამხვდა, ტაქსი გამომიძახეს და ისე წამოვედი სახლამდე. მივწერე, ძალიან ცუდად ვარ, მკერდი საშინლად მტკივა-მეთქი, რადგან ლაქტაცია დამეწყო. თავიდან არავინ გამომეხმაურა. შემდეგ ირინამ (კურატორი) მითხრა, ძალიან დაკავებული ვარ, წამლის სახელს მოგწერ, თავად იყიდეო“.
პრეპარატის მიღების შემდეგ, ტკივილი შეუმსუბუქდა, თუმცა ამბობს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა:
„ძალიან ცუდად ვარ. არ მძინავს. ღამით რამდენჯერმე მეღვიძება და შემდეგ ვეღარ ვიძინებ. კოშმარები მესიზმრება. ჭამაც მიჭირს... აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებისთვის, მშობლებისთვის, სააგენტოსთვის, უბრალოდ ჭურჭელი ვართ, რომელსაც გამოიყენებენ და შემდეგ გადააგდებენ“.
ჩინეთის კანონმდებლობა ორსულობის 26-ე კვირაზე შეწყვეტას ყველა შემთხვევაში არ კრძალავს, თუმცა ასეთ ვადაზე პროცედურის ჩატარება შესაბამის სამართლებრივ და სამედიცინო საფუძველს მოითხოვს. ჩინეთის კანონის „დედათა და ჩვილთა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ მე-18 მუხლის თანახმად, ორსულობის შეწყვეტის სამედიცინო საფუძვლებია ნაყოფის მძიმე გენეტიკური დაავადება, მძიმე განვითარების მანკი ან დედის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხე. მე-19 მუხლი კი ქალის თანხმობას მოითხოვს. ამასთან, რეგიონულ დონეზე 14 კვირის შემდეგ ორსულობის არასამედიცინო მიზეზით შეწყვეტისთვის დამატებითი შეზღუდვები და ნებართვის მოთხოვნები მოქმედებს.
„მხოლოდ აბორტის ფული“ - დავა სააგენტოსთან
გულნარა ჰყვება, რომ საქართველოში დაბრუნებიდან ექვსი დღის განმავლობაში სააგენტოს წარმომადგენლები არ გამოჩენილან.
ბოლოს ისევ თავად მისწერა და მოსთხოვა განმარტება, რატომ არ ინტერესდებოდნენ მისი მდგომარეობით და როდის აპირებდნენ ანაზღაურების გადახდას.
ამის შემდეგ მასთან ტონი და ჰელენი მივიდნენ.
ქალის მონათხრობით, შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ აბორტის ფულს, 3000 დოლარს გადაუხდიდნენ და უთხრეს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის გართულება მისი ბრალი იყო. ამავე შეხვედრაზე მოსთხოვეს იმ ბინის გათავისუფლებაც, სადაც სუროგაციის პროგრამის დაწყებიდან ცხოვრობდა:
„დამაბრალეს, თითქოს ალკოჰოლს ვსვამდი და თავს არ ვუვლიდი. თითქოს ბიოლოგიური მშობლები ორსულობის პერიოდში ჩემი ქცევით უკმაყოფილონი იყვნენ. მე ეს ადამიანები თვალით არ მინახავს. არანაირი ალკოჰოლი არასდროს მიმიღია. მაბრალებენ, რომ თანხა არ გადამიხადონ“.
გულნარა ამბობს, რომ ახლა მას ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა აქვს - ერთი მხრივ, უნდა, რომ სუროგაციის სააგენტომ და ბიოლოგიურმა მშობლებმა პასუხი აგონ იმისთვის, რაც, მისი მონათხრობით, ბავშვს გაუკეთეს. მეორე მხრივ კი, შიშობს, რომ სააგენტოს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებამ შესაძლოა სხვა სუროგატი ქალებიც დააზარალოს.
„მორწმუნე ადამიანი ვარ, ეკლესიაში დავდივარ და ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის გააზრება, როგორ მოექცნენ ამ ბავშვს. მინდა, სააგენტოც დაისაჯოს და მშობლებიც პასუხისგებაში მიეცნენ. ჩემი აზრით, ასეთ ადამიანებს საერთოდ არ უნდა ჰყავდეთ შვილები, თუკი თანახმა არიან, რომ მათი ცოცხალი შვილი ასე მოკლან.
თუმცა, ვფიქრობ იმ ქალებზეც, რომლებიც ამჟამად სააგენტოსთან თანამშრომლობენ - ზოგი უკვე ორსულადაა, ზოგს მშობიარობა უახლოვდება. არ მინდა, ამ ყველაფერმა მათ სტრესი მიაყენოს. სააგენტო რომ დახურონ, სანამ სხვა სააგენტოში გადაიყვანენ, შეიძლება პრობლემები შეექმნათ. ეს ნამდვილად არ მინდა“.
ამავე დროს, აცნობიერებს, რომ თუ მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის დაეკისრება, შესაძლოა მსგავსი შემთხვევა განმეორდეს.
გულნარას თქმით, იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ დარწმუნდა, რომ სააგენტოსგან კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს, რაც ხელშეკრულების თანახმად, 13 000 დოლარს შეადგენს.
„ჰგონიათ, რომ ყველანი სულელები ვართ, არაფერი გვესმის და აქ უბრალოდ ფულის საშოვნელად ჩამოვედით. ასე არ არის. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ისტორია და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს“.
რატომ იმალებიან სააგენტოს დამფუძნებლები?
რადიო თავისუფლება სააგენტოს ერთ-ერთ (სავარაუდო) დამფუძნებელს, სახელად ჰელენს, ტელეფონით 19 ოქტომბერს დაუკავშირდა.
ვუთხარით, რომ სტატიას ვწერდით საქართველოში სუროგაციის ბიზნესის შესახებ და მასთან, როგორც შუამავალი სააგენტოს წარმომადგენელთან გასაუბრება გვინდოდა.
თავდაპირველად გვითხრა, რომ დიდ დიღომში მდებარე სააგენტოში შეგვხვდებოდა, მოგვცა სააგენტოს მისამართიც, თუმცა, მალევე გეგმა შეცვალა და თქვა, რომ 21 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, გუდვილის მთავარ შესასვლელთან გაგვესაუბრებოდა.
ეს შეხვედრა არ შედგა. ჰელენი არც სავაჭრო ობიექტის შესასვლელთან მოვიდა, აღარც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც იმ მისამართზე მისულებს დაგვხვდა, სადაც მისი თქმით, სააგენტოს ოფისი მდებარეობდა.
დიდ დიღომში, ჰელენის მოცემულ მისამართზე, კერძო ტიპის დასახლებაა, რომელიც რამდენიმე ორსართულიან სახლს აერთიანებს. იქ მისულები, ჩინეთის სხვა მოქალაქეებს გადავაწყდით, რომლებმაც გვითხრეს, რომ არც თავად იყვნენ ჰელენი და ტონი, არც მათ იცნობდნენ და არც სუროგაციის ბიზნესის შესახებ სმენოდათ რაიმე. ყველა მცდელობა სააგენტოს წარმომადგენლებთან გასაუბრებისა და მათი პოზიციის მოსმენისა, ამ ეტაპზე, უშედეგოდ დასრულდა.
Your browser doesn’t support HTML5
სუროგაციის ბიზნესი საქართველოში
„გააფრთხილე ჟურნალისტი, აღარ დარეკოს“
გულნარა გვეუბნება, რომ რადიო თავისუფლებასთან საუბრიდან მეორე დღეს, 20 ოქტომბერს, მასთან გაუფრთხილებლად მივიდნენ სააგენტოს წარმომადგენლები -„სრული შემადგენლობით“. მიიყვანეს იურისტიც, საქართველოს მოქალაქე, რომელმაც თავი მედიატორად გააცნო. მისი პირით შესთავაზეს ქალს 5000 დოლარის აღება და ამასთანავე, გააფრთხილეს, რომ თუ ამ პირობებს არ დათანხმდება, სააგენტოს შეუძლია თავად უჩივლოს სუროგატ ქალს, თუმცა, აღარ დაუზუსტებიათ, რა საბაბით.
ასევე უთხრეს, რომ შეწყვიტოს კომუნიკაცია ჟურნალისტებთან:
„გააფრთხილე ჟურნალისტი, რომ აღარ დამირეკოს, პირადად მე არ დამირეკოს“, - უთხრა გულნარას სააგენტოს წარმომადგენელმა, ი.-მ (მისი გვარი ჩვენთვის უცნობია). მას ე.წ. კურატორის სტატუსი აქვს. მისი მოვალეობაა სუროგატ ქალებთან კომუნიკაცია, მათთან ერთად კლინიკებში სიარული.
ი.- ს რადიო თავისუფლება თავდაპირველად 19 ოქტომბერს, ტელეფონით დაუკავშირდა. მან გვითხრა: „ბოდიში, ვერაფრით დაგეხმარებით. ვერ დაგეხმარებით, მადლობა ნახვამდის“.
20 ოქტომბერს კი მას კლინიკა „იმედში“, გულნარას მკურნალი მეან-გინეკოლოგის კაბინეტში შევხვდით - კონსულტაციაზე ახლდა სუროგატ ქალს: „გითხარით, რომ ვერ დაგეხმარებით. ვისაც გინდათ, იმას დაუკავშირდით, მე ვერ დაგეხმარებით“, - გვითხრა მან და ექიმის კაბინეტი ნაჩქარევად დატოვა.
რაც შეეხება სააგენტოს პოზიციას, 20 ოქტომბერს, გულნარასთან, ნაქირავებ ბინაში მისულებმა, მას უთხრეს: „სააგენტოსთან რა პრეტენზია გაქვს? თუ ვინმესთვის ჩივილი გინდა, ჩინეთში იჩივლე, იმ კლინიკას უჩივლე“, - მათ არ უარუყვიათ გულნარას მონათხრობი, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის კლინიკაში დაბადებული ცოცხალი ჩვილი მოკლეს.
სააგენტოს წარმომადგენლებისა და გულნარას დიალოგის შინაარსი რადიო თავისუფლებისათვის ცნობილია.
რადიო თავისუფლება ესაუბრა იურისტს, რომელიც გეგმავს, რომ იყოს მშობლების ადვოკატი. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, საქმის დეტალებს ჯერჯერობით არ იცნობს, ამიტომ კომენტარის გაკეთებისგან, ამ ეტაპზე, თავს შეიკავებს. თუმცა, მშობლების სურვილის შემთხვევაში, მომავალში, გაგვესაუბრება და მათ პოზიციასაც დააფიქსირებს.
ადვოკატი: „ეს საქმე სახელმწიფოთაშორისი უწყებების გამოსაძიებელია“
ადვოკატ დავით შაშიაშვილს, რომელსაც გულნარამ სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა, მიაჩნია, რომ სუროგატი ქალის მონათხრობი არაერთ კითხვას აჩენს როგორც სააგენტოს შესაძლო პასუხისმგებლობის, ისე ჩინეთში მომხდარი ფაქტის გამოძიების თვალსაზრისით.
თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე განსაკუთრებით რთულია იმის მტკიცება, რომ ჩინეთში ცოცხლად დაბადებული ბავშვი განზრახ მოკლეს.
ადვოკატი ამბობს, რომ გულნარას მონათხრობის მიხედვით, სააგენტოს წარმომადგენლები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ, რათა ორსულობა შეეწყვიტა, რაც იძულებად შეიძლება შეფასდეს:
„ქართველმა ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვის გაჩენისა და მისთვის შესაბამისი პროცედურებისა და ოპერაციების ჩატარების შემდეგ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნებოდა და იცოცხლებდა. ამის მიუხედავად, სააგენტომ ყველანაირი ხერხი გამოიყენა, რომ ქალი ჩინეთში გაემგზავრებინათ და იქ გაეკეთებინათ აბორტი. აქ ფიზიკურ იძულებაზე არ ვსაუბრობთ - საუბარია სხვადასხვა ფორმის ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე და ეს შეიძლება იძულებად დაკვალიფიცირდეს. თუმცა ამისთვის საჭიროა ძალიან დეტალური გამოკითხვა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება“.
რაც შეეხება ჩინეთში მომხდარს, ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის, ამ ეტაპზე, უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა პროცესში და არსებობს თუ არა ჩინეთის სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარის ამსახველი ოფიციალური დოკუმენტაცია.
„ქალი დარწმუნებულია, რომ მის მიერ გაჩენილი ბავშვი გაგუდეს. თუმცა ამ ნაწილში მტკიცებულება არ არსებობს, გარდა მისი მონათხრობისა. შესაძლოა, ეს ყველაფერი ოფიციალურად არც იყოს გაფორმებული და ჩინეთში შესაბამისი სამედიცინო ისტორიაც არ არსებობდეს. ამიტომ, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ კატეგორიული შეფასებისგან, რომ ბავშვი ნამდვილად მოკლეს. იურიდიულად აქ ძალიან დიდი პრობლემაა მტკიცებულებების არსებობა“.
ადვოკატის თქმით, გულნარას ჩვენება შეიძლება საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყოს, თუმცა იქნება თუ არა ის საკმარისი, ეს დამოკიდებულია სავარაუდო დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციასა და სხვა მოპოვებულ მასალებზე. ამ, განსაკუთრებით მძიმე ბრალდების დასადასტურებლად საჭირო იქნება მტკიცებულებების შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილება.
„ეს შემთხვევა იძლევა საშუალებას, რომ საქმით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ და უახლოეს პერიოდში, ჩემს კლიენტთან ერთად გადავწყვეტთ, რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ზოგადად, მე კანონი მავალდებულებს, რომ ასეთი შემთხვევა არ დავფარო და განვაცხადო.
არის საკითხები, რასაც მე ვერ გამოვიძიებ და ეს უნდა გამოიძიოს შესაბამისმა უწყებამ. პროკურატურაში არსებობს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სახელმწიფოთაშორის უწყებებს აკავშირებს და ინფორმაციის მოძიება იქნება ეს თუ ისეთი მტკიცებულებების მოპოვება, რომელსაც ვერც ადვოკატი შეძლებს და ვერც დაზარალებული, ასეთი მტკიცებულებების მოპოვება ხდება უკვე სახელმწიფო დონეზე. გამოძიების დაწყების საფუძვლად შესაძლოა, ეს სტატიაც იქცეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოქმედებს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია უცხო სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან სისხლის სამართლის საქმეებზე თანამშრომლობაა. საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში შესაძლებელია უცხო ქვეყნიდან მტკიცებულებების, დოკუმენტებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა. შესაბამისად, თუკი საქართველოში დაიწყება გამოძიება გულნარას საქმეზე და იარსებებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს პროკურატურას შეუძლია ჩინეთის კომპეტენტურ უწყებებს მიმართოს შიხეძის კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო პროცედურებისა და ახალშობილის ბედის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ორსულობის შეწყვეტის მოთხოვნის გარდა, საქართველოში არც თუ იშვიათია ფაქტები, როდესაც პოტენციური მშობლები უარს ამბობენ სუროგაციით დაბადებულ იმ ბავშვებზე, რომელსაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს.
კლინიკა „ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მიერ, რადიო თავისუფლებისათვის მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად (ეს ინფორმაცია მივიღეთ 2026 წლის მარტში), 2025-2026 წლებში, კლინიკაში, სუროგაციით დაბადებული 150 ბავშვიდან, მშობლებმა უარი თქვეს 3 ჩვილზე. სამივე ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მეურვეობის ქვეშ მოექცა.
ეს არის მხოლოდ ერთი კლინიკის მონაცემი, მაგრამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, სხვადასხვა კლინიკის ექიმები ადასტურებენ, რომ ისინიც ფლობენ ინფორმაციას სუროგაციით დაბადებული ბავშვების მიტოვების ფაქტების შესახებ, თუმცა, ამ საკითხზე ღიად საუბარს ერიდებიან.
რას ამბობს ხელისუფლება?
საქართველოში სუროგაციის ბიზნესის გამოწვევების შესახებ რადიო თავისუფლების კითხვას, 12 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:
„ძალიან მძიმე საკითხია, ასე ვიტყოდი. რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის გზებს, არ გავუსწრებ წინ მოვლენებს და მალე წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას“.
ოქტომბრის დასაწყისში, თბილისში საგანგებო ვიზიტით ჩამოვიდა ევროპის საბჭოს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA) საქართველოში სუროგაციის ინდუსტრიაში ადამიანებით ვაჭრობის შესაძლო რისკების შესასწავლად.
ორგანიზაციის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ექსპერტები შეხვდნენ სუროგატ ქალებს, უფლებადამცველებს, ადვოკატებს, სააგენტოებისა და კლინიკების წარმომადგენლებს, ასევე იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების, პროკურატურისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს.
შეისწავლეს სუროგატი ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და პოტენციური მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვების საკითხები. GRETA-ს წარმომადგენლის თქმით, ორგანიზაციის ანგარიში, სავარაუდოდ, 2026 წლის ნოემბერში დამტკიცდება, ხოლო საქართველოს ხელისუფლებისთვის კომენტარების წარდგენის შესაძლებლობის მიცემის შემდეგ, სავარაუდოდ, 2027 წლის იანვარში გამოქვეყნდება.
უპასუხო კითხვები
რადიო თავისუფლება თითქმის ორი წელია წერს საქართველოში უცხოეთიდან ჩამოყვანილი სუროგატი ქალების პრობლემებზე. ქალები ჰყვებიან გადაუხდელ ჰონორარებზე, მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებზე.
განსაკუთრებით მძიმეა ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები - რადიო თავისუფლების რესპონდენტებს შორის არიან ქალები, რომლებსაც მშობიარობისა და გართულებების შემდეგ საშვილოსნოს ამოკვეთა დასჭირდათ. 2025 წელს საქართველოში დასაქმებული ათეულობით სუროგატი ქალი გამოძიებამ დაზარალებულად ცნო, 2026 წელს კი, სუროგაცია-დონაციის სააგენტოს, Kinderly-ს დამფუძნებლებს სასამართლომ თაღლითობის საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არაერთხელ ვცადეთ ინტერვიუს ჩაწერა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის წარმომადგენელთან, რათა გაგვერკვია, ხომ არ გეგმავს სამინისტრო ექიმებთან, იურისტებთან, ექსპერტებთან ერთად სუროგაცია-დონაციის შესახებ ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობის დაწყებას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ამ პროცესში როგორც ქალების, ისე ბიოლოგიური ოჯახებისა და სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებების დარღვევის რისკს.
უწყებისგან პასუხი ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ.
ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ პასუხები ვერც შვიდი თვის წინ გაგზავნილ კითხვებზე, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით გვაქვს მოთხოვნილი და პასუხების მისაღებად კანონით დადგენილი ყველა ვადა უკვე გასულია - უწყების "ცხელ ხაზზე" გვეუბნებიან, რომ ჩვენი წერილი დამუშავების პროცესშია.
გულნარას* სახელი შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით.