ჩუბინიძეს, რომელიც 22 ოქტომბერს დააკავეს, დღის მეორე ნახევარში წაუყენეს ბრალი. ის ბრალს არ ეთანხმება, რაც პროკურორებთან დააფიქსირა კიდეც და ამის გამო გაკვირვებულია, – ამბობს ადვოკატი ნონა ფილაური.
„მთხოვა, ჟურნალისტებისთვის აუცილებლად გადმომცა მისი პოზიცია: დღეს სამშობლოს ღალატისათვის იდევნებიან ქვეყნის პატრიოტები“, - უთხრა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას.
„სამშობლოს ღალატის მუხლი არის გაუფასურებული. მისი, როგორც მოქალაქის პოზიციაა, რომ ადამიანი სამშობლოს ღალატისათვის უნდა ისჯებოდეს სამუდამო პატიმრობით და ის გაურკვეველ მდგომარეობაშია“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
გასაჯაროვდეს "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები - ქარტია პროკურატურას„გამოკითხულია რამდენიმე მოწმე“
საქართველოს პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით დააკავა ჩუბინიძე. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა, განაცხადა.
ბრალის თანახმად, მისი ქმედება იყო საბოტაჟი, რითაც „ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.
„ბრალის ფორმულირება ასეთი იყო, რომ დიტომ თავისი ქმედებით განზრახ საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფოს უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“, - გვეუბნება ადვოკატი.
მისი ინფორმაციითვე, „საქმეში არის მისი საჯარო გამოსვლები და დაოქმებულია მტკიცებულების სახით, ასევე, გამოკითხულია რამდენიმე მოწმე, რომლებიც სავარაუდოდ, სასაზღვრო კომისიის წევრები არიან“.
„აი, დიტო ჩუბინიძის ხელის შეშლა რაში გამოიხატა, კომისიის წევრებს რაში შეეშალათ ხელი, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით გაუგებარია იმიტომ, რომ არ ვიცნობთ საქმის მასალებს. მასალები ხვალ გადმოგვეცემა და მათი გამოკითხვის ოქმებით ალბათ გარკვეულ დასკვნას გავაკეთებთ“, - ამბობს ადვოკატი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. ამჟამად ის დროებითი მოთავსების მესამე იზოლატორშია.
დიმიტრი ჩუბინიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ქარტია მტკიცებულებებს მოითხოვს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გაეხმაურა დიტო (დომენტი) ჩუბინიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებას.
ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის დაკავება მხოლოდ მისი ჟურნალისტური ნამუშევრების, სხვადასხვა მედიაში გაჟღერებული პოზიციებისა და სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული მოსაზრებების გამო საშიში პრეცედენტია და თუკი გამოძიებას აქვს მის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებებიც, ისინი უნდა გასაჯაროვდეს.
2026 წლის დასაწყისში დიმიტრი ჩუბინიძემ ჩაწერა ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ „დავითგარეჯა გაყიდულია“ და მსგავსი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი.
ამ ინტერვიუში ის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა, პატიმრობაში მყოფ წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს კი, დადებითად წარმოაჩენდა.
დღეს პროკურორმა ბექა კვიციანმა კი განაცხადა: „ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი [ირაკლი კობახიძის] მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით“, - განაცხადა პროკურორმა ბექა კვიციანმა.