პროკურატურა ჩუბინიძეს ედავება, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის „აზერბაიჯანისთვის გადაცემის“ შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ საზღვის დამდგენ კომისიას მუშაობაში ხელი შეუშალა.
დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს. სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ მისი გათავისუფლება მოითხოვა, რაც მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, ერთ-ერთი მოტივი იყო ის, რომ ბრალდებულს შეეძლო მტკიცებულებები გაენადგურებინა.
„მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის ტყვე“
„მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვე. მე სამშობლოსთვის არ მიღალატია. არავითარი საბოტაჟი არ ჩამიდენია... ჩიჩხიტურის კოშკთან დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე აზერბაიჯანის ჯარს ვერანაირი მტკიცებულებით ვერ გავანადგურებ. არა ვარ მე საშიში კაცი, არც გამქცევი და დამმალავი კაცი. ამ სასამართლოდან მე გამოვალ გამართლებული... ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორის და ჟურნალისტის წინააღმდეგ“, - განაცხადა დიტო ჩუბინიძემ სასამართლოზე.
მუხლი 307¹ – სამშობლოს ღალატი: სამშობლოს ღალატად ითვლება საქართველოს მოქალაქის (ან მოქალაქეობის არმქონე პირის) მიერ კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულების ჩადენა (მათ შორის 318-ე მუხლის).
მუხლი 318, პირველი ნაწილი – საბოტაჟი: გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას.
წლის დასაწყისში დიტო ჩუბინიძემ ჩაწერა ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან. ამ ინტერვიუდან ორიოდე თვეში ჯორბენაძე გარდაიცვალა. რესპონდენტი ამტკიცებდა, რომ დავითგარეჯა "გაყიდულია“ და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ინტერვიუში ის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა, პატიმრობაში მყოფ წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს კი დადებითად წარმოაჩენდა.
მას შემდეგ, რაც ჯორბენაძის გარდაცვალების „საეჭვო გარემოებებზე“ ირაკლი ღარიბაშვილი ალაპარაკდა, დააკავეს თავად ჟურნალისტი.
„ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის - ლაზარე ჯორბენაძის - გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი [ირაკლი კობახიძის] მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით“, - განაცხადა პროკურორმა ბექა კვიციანმა 22 ოქტომბერს.
ასევე ნახეთ
„ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავესროგორც ჩუბინიძის ადვოკატმა ნონა ფილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩუბინიძე ირაკლი ღარიბაშვილს არც კი იცნობს, მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტის დაკავება სტატიაში გამოთქმული მოსაზრებების ან რესპონდენტის ციტირების გამო არღვევს ადამიანის უფლებათა კონვენციას; მისი თქმით, ევროპული კონვენციის მეათე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას გააკეთოს არა მხოლოდ ისეთი განცხადებები, რომელიც საზოგადოებისთვის არის მისაღები, არამედ ისეთიც, რომელსაც საზოგადოება აღიქვამს, როგორც შოკისმომგვრელს, გამაოგნებელს ან შეურაცხმყოფელს.
„სხვა ჟურნალისტების დასაშინებლად“
ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ჩუბინიძის დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული, მათ შორის სხვა ჟურნალისტების დასაშინებლად.
„დომენტი ჩუბინიძე თუ წავა ციხეში, სხვა ჟურნალისტებისთვის ეს იქნება მსუსხავი ეფექტი“, - თქვა ადვოკატმა.
სასამართლოს სხდომაზე საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა, რომ ჩუბინიძის მიმართ წაყენებული ბრალდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება.
„მისი ქმედებები ცალსახად არის გამიჯნული მისი ჟურნალისტური საქმიანობისგან. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რაც საქმეში ასევე მტკიცებულების სახით არის წარმოდგენილი და ამან, რა თქმა უნდა, არსებითად დააზიანა სახელმწიფო ინტერესები“, - თქვა მან.
დიტო ჩუბინიძის წინასასამართლო სხდომა 15 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.