თბილისში ორი მოზარდი დააკავეს სკოლაში მოსწავლეებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით

საილუსტრაციო ფოტო

“თბილისში, სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით 14 წლის ორი მოზარდი დააკავეს”, - ეს ინფორმაცია, რომელიც sandotskaro.ge-იმ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შს სამინისტროში დაუდასტურეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია სამინისტროს კომენტარში.

“სანდო წყაროს” ინფორმაციით, დაკავებულები - სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ვიდეოზარით, „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკის“ არხების მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულის მამამ „სანდო წყაროს“ განუცხადა, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს. მისივე თქმით, მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული.

ასევე ნახეთ

ონლაინექსტრემისტების კვალი თბილისში? - 764, MKY, NLM და სხვა ჯგუფები ქუჩებს “ნიშნავენ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით.