ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 25 ოქტომბერს ჩატარდა, ლულა და სილვამ ხმების 51,79% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, 45 წლის მემარჯვენე სენატორმა, „ლიბერალური პარტიის" კანდიდატმა ფლავიუ ბოლსონარუმ - 48,21%.
ბრაზილიის უმაღლესმა საარჩევნო სასამართლომ ლულა და სილვა არჩეულად გამოაცხადა.
- არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 4 ოქტომბერს ჩატარდა სულ 12 კანდიდატის მონაწილეობით, პირველ ადგილზე ფლავიუ ბოლსონარუ გავიდა ხმების 47%-ით. ლულა და სილვამ 45% მიიღო.
პირველ ტურის ლიდერის მეორე ტურში დამარცხება ბრაზილიაში პირველი შემთხვევაა.
ფლავიუ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ დამარცხებას არ აღიარებს.
ასევე ნახეთ
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს- ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი პირველად 2002 წლის არჩევნების შედეგად გახდა. მან გაიმარჯვა 2006 წლის არჩევნებშიც.
- წინა, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლულა და სილვამ დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე პოპულისტი ჟაირ ბოლსონარუ.
- ბოლსონარუს, რომელსაც „ბრაზილიელ ტრამპს" უწოდებენ, არჩევნებში დამარცხება საჯაროდ არ უღიარებია, თუმცა განაცხადა, რომ კონსტიტუციას პატივს სცემს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ, რომელიც 2023 წლის 1 იანვარს გაიმართა, ჟაირ ბოლსონარუმ ბრაზილია დატოვა და დროებით აშშ-ში, ფლორიდაში გაემგზავრა.
- 2023 წლის 8 იანვარს ბოლსონარუს მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ, კონგრესში, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. პოლიციამ შენობები სპეციალური საშუალებების გამოყენებით გაათავისუფლა და ასეულობით პირი დააკავა.
2023 წლის იანვრის მოვლენების გამოძიების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჟაირ ბოლსონარუს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო გადატრიალებისა და მოქმედი პრეზიდენტის დამხობის მცდელობაში. 2025 წლის სექტემბერში ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ჟაირ ბოლსონარუ დამნაშავედ ცნო და 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ფლავიუ ბოლსონარუ დამარცხებას არ აღიარებს
ფლავიუ ბოლსონარუ, რომელიც 2026 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლულა და სილვას მეტოქე იყო, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს უფროსი ვაჟია.
მეორე ტურის წინ ჩატარებული გამოკითხვებით, ბოლსონარუს მცირე უპირატესობა ჰქონდა.
25 ოქტომბრის მეორე ტურის მიმდინარეობისას როგორც ლულა და სილვას, ისე ფლავიუ ბოლსონარუს საარჩევნო შტაბებმა ბრაზილიის უზენაეს სასამართლოს მიმართეს, საარჩევნო უბნები დადგენილ დროს, 17:00 საათზე არ დახურულიყო და კენჭისყრა გაგრძელებულიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეფერხებისა და უამინდობის შედეგად ამომრჩევლებისთვის შექმნილი პრობლემების გამო.
სასამართლომ ხმის მიცემის პროცესი ორი საათით გააგრძელა.
უბნების დახურვის შემდეგ დაწყებული ხმების დათვლის პირველი შედეგებით(ბიულეტენების დაახლოებით მეოთხედი), ფლავიუ ბოლსონარუს 50,5% ჰქონდა, ხოლო ლულა და სილვას - 49,5%.
მას შემდეგ, რაც მეორე ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით, არჩევნებში ლულა და სილვამ გაიმარჯვა, ფლავიუ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ამ შედეგების აღიარება შეუძლებელია და მისი იურისტები სასამართლოს მიმართავენ ანულირების მოთხოვნით.
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ფლავიუ ბოლსონარუმ(ცენტრში) განაცხადა, რომ ამ შედეგების აღიარება შეუძლებელია.
საარჩევნო კამპანია
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის წარმოებული კამპანიის დროს ლულა და სილვა საუბრობდა არჩევნებზე, როგორც დემოკრატიისთვის ბრძოლაზე და საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ მემარჯვენე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას დიქტატურის გზაზე დადგომის საფრთხე ემუქრება.
ლულა და სილვა ეწინააღმდეგება ბრაზილიისა და აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებასა და ამერიკული „მონროს დოქტრინის“ აღიარებას, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა მთლიანად აშშ-ის ინტერესების ზონას წარმოადგენს.
თავის მხრივ, ფლავიუ ბოლსონარუ მიუთითებდა კორუფციულ სკანდალებზე, რომლებიც ლულა და სილვას მმართველობას უკავშირდება და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების პირობას დებდა.
მეორე ტურის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ლულა და სილვამ ბრაზილიელებს სან-პაულუდან მიმართა, მადლობა გადაუხადა დემოკრატიის დაცვისთვის და განაცხადა, რომ რომ არჩევნებში „დამარცხდნენ ნეგატივი და ტყუილი”. ლულას თანახმად, ქვეყანა არავის მისცემს საშუალებას, რომ ვინმეს „უკანა ეზოდ” აქციონ.
ლულა და სილვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს მექსიკის, პანამის და ბოლივიის პრეზიდენტებმა.