ტრამპმა თავი დაუქნია რეპორტიორს შეკითხვას, ირანის მხრიდან არსებობს თუ არა რაიმე გარდაუვალი საფრთხე ვაშინგტონის წინააღმდეგ და უპასუხა, რომ „თუ არსებობს, ისინი ისეთ ფასს გადაიხდიან, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია“.
„ჩვენ ამას ვიკვლევთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს მანილაში ფოტოსესიის დროს.
მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა აშშ-ის დაზვერვის შეფასებებს.
მაუწყებელი იმოწმებს წყაროებს და წერს, რომ “აშშ-ის დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ირანი ამუშავებს გეგმებს ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ პოტენციური აფეთქების თაობაზე.
განმეორებით კითხვაზე, არსებობდა თუ არა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თავდასხმა გარდაუვალი იყო, ტრამპმა განაცხადა: „იმედი მაქვს, რომ არა, მაგრამ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, რადგან ისინი შეშლილები არიან“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სამშაბათს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში უარყო ბრალდებები და მათ „უსაფუძვლო“ უწოდა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ლორენ ბისმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ „აკვირდება ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნისთვის რაიმე სარწმუნო საფრთხე არ არსებობს“.
„ბინძური ბომბი“ რადიოაქტიური მასალის გასაფანტად ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ნივთიერებებს იყენებს. ბირთვული იარაღისგან განსხვავებით, იგი არ იწვევს ბირთვულ აფეთქებას, თუმცა შეუძლია გამოიწვიოს რადიოაქტიური დაბინძურება, მნიშვნელოვანი შეფერხებები და საზოგადოებრივი პანიკა.