„ნუ მიიღებთ მონაწილეობას ტენდერებში, ნუ ააშენებთ და ნუ მიიღებთ სარგებელს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილების განადგურებით“, -მოუწოდა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედ მილიბენდმა ისრაელის კომპანიებს.
ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე 1 200-ზე მეტი სახლის მშენებლობის გეგმები, რომლებზეც ტენდერი აგვისტოში გამოცხადდა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კი განაცხადა, რომ პროექტი E1 „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ უქმნის ერთიან, მდგრად პალესტინურ სახელმწიფოს.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშაბათს დაწესებული „სანქციები მიმართულია სამშენებლო და დეველოპერული ფირმების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი არიან დასახლებების გაფართოებაში“.
„გაერთიანებულმა სამეფომ მტკიცე ზომები მიიღო რვა სამშენებლო და დეველოპერული ფირმის წინააღმდეგ, რაც შეაფერხებს მათ ფინანსურ ნაკადებსა და შესაძლებლობას, მხარი დაუჭირონ შემდგომ მშენებლობებს დასავლეთ ნაპირზე“, დასძინა უწყებამ განცხადებაში.
ეს ნაბიჯი გადაიდგა ისრაელის მკაცრი კრიტიკის ფონზე იმის გამო, რომ იგი ხელს უშლის უკიდურესად საჭირო კარვებისა და ხის მასალის მიწოდებას ხანგრძლივი ომით განადგურებულ ღაზის სექტორში, რომელიც ძლიერმა წყალდიდობამ დააზარალა.
ამ თვის დასაწყისში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ ათიათასობით კარავი წალეკა პალესტინელთა გაპარტახებულ ტერიტორიაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გაეროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ „ჰუმანიტარული პარტნიორებისა და დონორების მიერ შეძენილი 150 000-ზე მეტი კარავი და 300 000 ბრეზენტი ღაზის გარეთ იმყოფება, მზადაა შესატანად, მაგრამ ისრაელის ხელისუფლება მას აჩერებს“.
უწყების თქმით, წყალდიდობებმა გამოიწვია ის, რომ „თითქმის 4 000 ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა, ხოლო 1, 4 მილიონი ადამიანი კარვებში ან დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს“.
სამინისტრომ ასევე დაადანაშაულა ისრაელის ხელისუფლება „ხის მასალის შეტანის დაბლოკვაში, რის გამოც ღაზაში საგანგებო თავშესაფრების მოსაწყობი კომპლექტები აღარ დარჩა“.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს სანქციები ასევე დაუწესა ისრაელელ აქტივისტთა ჯგუფ Tzav 9-ს ღაზაში დახმარების მიწოდების დაბლოკვის გამო.
„ჩვენ გულხელდაკრეფილნი არ ვიქნებით მაშინ, როდესაც ისინი, ვინც უკიდურესად საჭირო დახმარებას გზას უღობავენ, კიდევ უფრო აღრმავებენ მშვიდობიანი მოსახლეობის აუტანელ ტანჯვას ღაზაში“, - განაცხადა მილიბენდმა.
სანქციები ითვალისწინებს როგორც კომპანიებისა და ჯგუფის აქტივების გაყინვას, ისე დირექტორებისთვის საქმიანობის აკრძალვას.
შავ სიაში შეყვანილმა ერთ-ერთმა ისრაელურმა კომპანიამ, უძრავი ქონების დეველოპერმა Harey Zahav-მა, 2023 წელს ხმაური გამოიწვია, როდესაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სლოგანი, რომელშიც ღაზაში ისრაელელი მოსახლეების დაბრუნების იმედი გამოთქვა.
ის ცნობილია ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ისრაელის მთავრობის ნებართვის გარეშე თვითნებური დასახლებების მშენებლობით.
ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ისრაელის ფირმებს, რომლებიც პალესტინელთა ტერიტორიებზე დასახლებების მშენებლობას უწყობენ ხელს
ისრაელთა დასახლება და ფაბრიკა პალესტინელთა ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე. აპრილი, 2026 წელი
დიდმა ბრიტანეთმა 17 ნოემბერს ახალი მშენებლობების შეჩერების მიზნით სანქციების მთელი სერია გამოაცხადა ისრაელის რვა კომპანიის მიმართ, რომლებიც პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელელების დასახლებების დაგეგმვასა და მშენებლობაში მონაწილეობენ.