აშშ-მა იერიში მიიტანა ირანის კუნძულ ქეშმზე

კუნძული ქეშმი ერთ-ერთი იერიშის შემდეგ

აშშ-მა 17 ნოემბერს რამდენიმე იერიში მიიტანა ირანის სამხრეთით, ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ ქეშმზე, განაცხადა ირანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.

კუნძულ ქეშმზე მდებარე ობიექტებზე ამერიკულ იერიშს არ გამოუწვევია ზიანი საცხოვრებელი, კომერციული ან ინფრასტრუქტურული ზონებისთვის, – განაცხადა ჰორმოზგანის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ, აჰმად ნაფისიმ, რომლის სიტყვებიც ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მოჰყავს. კუნძულზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ყველა სამაშველო, მომსახურებისა და აღმასრულებელი უწყება სრულ მზადყოფნაშია, – დასძინა მან.

სამშაბათს, საღამოს ქეშმზე ხუთიდან ექვსამდე აფეთქების ხმა გაისმა, – იტყობინება IRNA.

დღისით ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ მათ განახორციელეს დრონებით თავდასხმა ბაჰრეინში შეერთებული შტატების მიერ მართულ სარადარო სისტემაზე.

რევოლუციური გვარდიის კუთვნილმა საბრძოლო დრონებმა დღეს დილით ზუსტი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის სამიზნეც ბაჰრეინში, შეიხ ისას საჰაერო ბაზაზე აშშ-ის ძალების მიერ მართული სარადარო სისტემა იყო, – ნათქვამია გვარდიის საინფორმაციო ვებგვერდ Sepah-ზე.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ თავდასხმა იყო პასუხი „აშშ-ის სამხედრო დრონების მიერ ირანის საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევაზე“.

თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, თეირანი ცდილობს შეზღუდოს მიმოსვლა სტრატეგიულ საზღვაო გზაზე - ჰორმუზის სრუტეზე და დაჟინებით მოითხოვს, რომ გემებმა მხოლოდ ისლამური რესპუბლიკის მიერ ნებადართული მარშრუტებით ისარგებლონ. საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტებს საზღვაო ბლოკადა დაუწესა. ომამდე მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით ერთი მეხუთედი გადიოდა ჰორმუზის სრუტით.

ომის დაწყების გამო სრუტის ჩაკეტვას მთელ მსოფლიოში მოჰყვა საწვავის ნაკლებობა და ეკონომიკური კრიზისი.

ასევე ნახეთ

ირანმა სექტემბრის შემდეგ პირველად მიიტანა იერიში აშშ-ის ბაზაზე ბაჰრეინში