აშშ-ში დაკავებული რუსი ინფორმაციას აგროვებდა კომპანიაზე, რომელიც უკრაინასთან თანამშრომლობს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 18 ნოემბერს გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა ჯაშუშობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის შესახებ

კალიფორნიის შტატში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალი წაუყენეს უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში. მას ბრალად ედება დოკუმენტების გაყალბებაც.

ბრალდებულია რუსეთის მოქალაქე იგორ დიუ, რომელსაც აშშ-ის ყალბი პასპორტიც ჰქონდა.

გამოძიების თანახმად, რუსეთის დაკვეთით დიუ უთვალთვალებდა თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანიის თანამშრომლებს და ინფორმაციას აგროვებდა.

კომპანია კალიფორნიის შტატში, „სილიკონის ველის“ ტექნოლოგიურ ცენტრში, ქალაქ პალო-ალტოში მდებარეობს და უკრაინასთანაც თანამშრომლობს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ 18 ნოემბერს გავრცელებულ პრესრელიზში კონკრეტული კომპანია მითითებული არ არის. გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით მედიასაშუალებებმა, მათ შორის, NBC News-მა, CNN-მა, BBC-მ და CBS News-მა დაადგინეს, რომ ეს კომპანია Palantir Technologies-ია.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იგორ დიუ ჯერ კიდევ 2 ნომბერს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს ფედერალურ სასამართლოში, სადაც შემდეგი სხდომა 24 ნოემბერსაა დანიშნული.

ასევე ნახეთ

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო „ჯაშუშობის“ გამო

რა ფაქტები აქვთ გამომძიებლებს

გამოძიების თანახმად, იგორ დიუ ჯაშუშური საქმიანობისთვის რუსეთში ტელეგრამის მეშვეობით დაიქირავეს და დაავალეს ინფორმაციის შეგროვება ამერიკულ კომპანიაზე, რომელიც უკრაინას რუსეთთან ომში ეხმარება.

2026 წლის ივნისში იგორ დიუ თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან გაემგზავრა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში და შემდეგ მექსიკიდან არალეგალურად შევიდა აშშ-ის ტერიტორიაზე.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სექტემბრის დასაწყისში იგორ დიუ ავტომანქანით აედევნა კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც ეს პოლიციას შეატყობინა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დიუ წინა დღეებში უთვალთვალებდა სხვა თანამშრომლებსაც.

იგორ დიუ კომპანიის ოფისის გვერდით მდებარე კაფეში, სადაც კომპანიის თანამშრომლები ხშირად არიან, ფოტოებს უღებდა მათი ნოუტბუკების ეკრანებს. დავალებების მიმღებთაგან დიუს ჰქონდა მითითებაც, რომ თავისი ნოუტბუკი განეთავსებინა იმგვარად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დისტანციური წვდომა კომპანიის თანამშრომლების ნოუტბუკებზე.

პალო-ალტოში დიუს ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილია ყალბი ამერიკული პასპორტი და სოციალური დაზღვევის ბარათი ჰიუგო ლენდრი ჯონსის სახელზე, ორი რუსული პასპორტი, შპიონაჟისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობები და ბლოკნოტი კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ნათესავების მისამართებით და სხვა პირადი მონაცემებით.

რუსეთის მოქალაქეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.