ფონიჭალაში აფეთქების შემდეგ ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებენ

აფეთქების ადგილი, 2026 წლის 19 ნოემბერი

ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ, მაშველები ნანგრევებში შვიდ ადამიანს ეძებენ. მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

„ნგრევის საფრთხე რეალურად არის“, - უთხრა ადგილზე ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.

მისი თქმით, საყრდენი კედელი გადაიხარა, რის გამოც მაშველებმა კორპუსის წინა მხრიდან მუშაობა შეწყვიტეს. სამაშველო სამუშაოები შენობის უკანა მხრიდან გრძელდება.

„ოთხი პირი გამოყვანილია და გადაყვანილია კლინიკებში. სამწუხაროდ, ერთის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა თამაზაშვილმა. მისი თქმით, კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

ასევე ნახეთ

ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

თამაზაშვილის თქმით, აფეთქება გაზის გამათბობელს უკავშირდება. მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეხუთე სართულზე მოქალაქე გამათბობლის ჩართვას ცდილობდა.

„როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო“, - თქვა თამაზაშვილმა.

ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე. მისი თქმით, მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, დროებით უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მაცხოვრებლებს, 90-ვე ოჯახს, დავაბინავებთ“, - თქვა კალაძემ.

დაშავებულთა მდგომარეობა

აფეთქებისას დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ტვ პირველს“ საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ უთხრა.

„მას აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87%-ის. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა. სავარაუდოდ, ეს დაზიანებები მან მიიღო გაზის აფეთქების შედეგად. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული დიაგნოზია“, - თქვა ქაშიბაძემ.

სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, დაშავებულ არასრულწლოვანს ტრავმა აქვს ყურის არეში.