„რუსთავი 2“ არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს - გერმანიის საელჩო

საელჩოს განცხადებით, „ჟურნალისტებისთვის აუცილებელია ინფორმაციის ზედმიწევნით გადამოწმება“.

საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" არასწორად გააშუქა გერმანიის ახალი ელჩის, ბარბარა ფოსისა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა. 18 ნოემბერს „კურიერში“ არხმა ზურაბიშვილის საელჩოში სტუმრობა „ფარულ შეხვედრად“ აღწერა.

19 ნოემბერს საელჩომ ფეისბუკზე დაწერა, რომ დიპლომატების ერთ-ერთი ამოცანაა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფებთან ღია დიალოგით მიიღონ. „ეს საქართველოშიც უნდა იყოს შესაძლებელი“, – წერს საელჩო.

„ჟურნალისტებისთვის აუცილებელია ინფორმაციის ზედმიწევნით გადამოწმება. არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება ხელს უშლის საზოგადოებრივ დისკურსს და ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და გერმანიას შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.

„პროფესიონალიზმი ესაა!“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა საელჩოს პოსტის კომენტარებში.

ასევე ნახეთ

„ოცნება“ ოპოზიციას: დათმობდით აფხაზეთს EU-ს ან ნატოს წევრობის სანაცვლოდ?

„რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, 18 ნოემბერს ზურაბიშვილი გერმანიის საელჩოში დღის პირველ ნახევარში მივიდა. არხმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილი საელჩოს ეზოდან დიპლომატიური მისიის ავტომობილით გაიყვანეს. „კურიერის“ ცნობით, შეხვედრის მიზნის გასარკვევად არხმა საელჩოს წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

სიუჟეტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ასეთ შეხვედრებზე მათი ოპონენტები უცხოეთიდან დავალებებს იღებენ.

„ისინი არ ატარებენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვეულებრივი აგენტები არიან“, – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თავად ზურაბიშვილმა 18 ნოემბერს, საღამოს, თქვა, რომ ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა ჰქონდა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ზურაბიშვილის განცხადებით, გერმანიის წინა ელჩთანაც აქტიურად თანამშრომლობდა.

„რუსთავი 2-მა" ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოში საქართველოში ჩამოსულ გერმანიის ელჩს „გაცნობითი შეხვედრა“ ჯერ არ ჰქონია მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან.

ასევე ნახეთ

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ბარბარა ფოსია

ფოსმა დიპლომატიური საქმიანობა 1992 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც დაამთავრა სწავლა ფედერაციის უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.

საქართველოში გერმანიის ახალი ელჩის დიპლომატიური კარიერა ასეთია:

  • 2023-2026 წწ. - გენერალური კონსული გერმანიის გენერალურ საკონსულოში კალკუტაში/ინდოეთი;
  • 2019-2023 წწ. - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • 2015-2019 წწ. - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ;
  • 2012-2015 წწ. - გერმანიის საელჩო ისლამაბადში: ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი;
  • 2009-2012 წწ. - გერმანიის საელჩო თელ-ავივში/ისრაელი: კონსული;
  • 2006-2009 წწ. - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კადრების განყოფილება;
  • 2005-2006 წწ. - მომზადება საგარეო უწყების მაღალი რგოლის თანამდებობისთვის;
  • 1996-2005 წწ. - გერმანიის საელჩოები ლაგოსში/ნიგერია და დარ-ეს-სალამში/ტანზანია, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში, ნიუ იორკში/აშშ;
  • 1992-1996 წწ. - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბონში: პოლონეთთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტი.

ასევე ნახეთ

უცვლელია გერმანიის ერთგულება ქართველი ხალხის პროევროპული კურსის მიმართ - ახალი ელჩი

წინა ელჩს, პეტერ ფიშერს, უფლებამოსილების ვადა 2026 წლის ივნისში ამოეწურა.

„ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”(მომავალ შეხვედრამდე)“, - დაწერა მან 30 ივნისს გამოსამშვიდობებელ პოსტში.

  • პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლისთვის აკრიტიკებდა და წუხილს ღიად გამოხატავდა იმის გამო, რომ საქართველო კარგავს დროსა და ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს;
  • ამის გამო ყოფილი ელჩი „ქართული ოცნების“ თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა. მას ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. „ოცნებაში“ ბოლო დროს ხშირად აცხადებდნენ, რომ გერმანიის ელჩი „ვენის კონვენციის“ მოთხოვნებს უგულებელყოფდა.