მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი კორპუსის პირველი სართულის ფანჯრიდან გადმოიყვანეს, დაახლოებით 6-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ.
მცირეწლოვანი გოგო კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დაზიანებები შეიძლება აღენიშნებოდეს მას.
დღეს, 19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. ფოტოს ავტორი: გიორგი მალძიგაშვილი
თავდაპირველად 7 ადამიანს, მათ შორის 3 ბავშვს ეძებდნენ.
გრძელდება 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები.
ბოლო ინფორმაციით, კლინიკაშია ოთხი ადამიანია მოთავსებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
ასევე ნახეთ
ფონიჭალაში კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყორა ვითარებაში ნახეს ბავშვი
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს ბავშვი კორუსის მეორე და მესამე სართულს შორის იმყოფებოდა.
"სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ ადგილას მიმდინარეობს ტერიტორიის გადამოწმება", - თქვა მღებლიშვილმა და დაამატა, რომ მთავარ გამოწვევად ხელახალი ნგრევის საფრთხე რჩება.
"ძალიან ჩახერგილია და ჩამოშლილია მცირე ფრაგმენტებად ნაშალი მასალა", - თქვა მან.
"შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს შენობის მთელ ტერიტორიაზე, ვაკვირდებით სიტუაციას, თუმცა კონტაქტზე ჯერ არავინ არ გამოდის"
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ ორი სადარბაზოა პრობლემური, კორპუსის დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია. კალაძის ინფორმაციით, კორპუსში 90 ოჯახი ცხოვრობდა. 28 მათგანი ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში გადასვლას დასთანხმდა.
გამოძიება დაიწყო
როგორც ადგილზე მყოფმა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ უთხრა მედიას, სამაშველო ღონისძიებების პარალელურად, შესაბამის მოქმედებებს ატარებენ გამომძიებლებიც, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც მოცემულობა აძლევთ. ადგენენ კორპუსის მცხოვრებთა მონაცემებს.
"დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს... ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის, გამოყენებულია არაერთი დრონი, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. თავის მხრივ, სამაშველო სამსახური მუშაობს", - თქვა ვეფხვაძემ.
სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი: ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.